„რეჟისორებს რომ საკუთარ გამორჩეულ ფილმზე ეკითხებიან, იპრანჭებიან: „ყველა ჩემი შვილები, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევთო“. არაფერი გასაპრანჭი არ არის. რეჟისორს აქვს ერთი საუკეთესო ფილმი და ჩემთვის გამორჩეული ფილმია „ყვარყვარე“, – გვითხრა დევი აბაშიძემ 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ინტერვიუს ჩაწერისას.

КГБ „სარეკომენდაციო სიებს“ ადგენდა, მასში „ყვარყვარე“ არ იყო შეტანილი, ე.ი. ვერ გადაიღებდი.
ბრეჟნევის დროს დემოკრატიის ელემენტებმა გამოანათა და რეზო ჩხეიძეს მოველაპარაკე. თუმცა, დოდო აბაშიძე რომ არ ყოფილიყო, „ყვარყვარეს“ ვერ გადავიღებდით. ამ ქვეყანაზე დოდო აბაშიძის არსებობამ წარმოშვა ამ ფილმის შექმნის იდეა.
გადავიღეთ ფილმი. მოსკოვში ძალიან მძიმედ მიიღეს. კინაღამ დაგვიჭირეს. ბევრი სცენა ამოჭრეს.
ფილმში არის ასეთი სცენა, ყვარყვარე გენერალს აგლეჯს ჩინს; მერე ყუთებით შემოჰქონდათ ორდენები და მთლიანად უკეთებდნენ. ეს იყო ბრეჟნევი და ამოიღეს.
მეორე ეპიზოდი – „იზვესტიაში“ ვნახე ფოტო, რომელზეც ბრეჟნევი თავის ქანდაკებას უყურებს. ფილმში შევიტანე სცენა, რომ ყვარყვარე თავის ქანდაკებას ხსნის და სიტყვას ეუბნება. ეს სცენაც ამოჭრეს. ფინალიც გააფუჭეს, მაგრამ ფილმი მაინც გადარჩა და მიიღეს.
100 წლის წინ, 1924 წლის პირველ მაისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში დაიბადა ცნობილი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დევი აბაშიძე.
ზუსტად იმავე წელს და იმავე დღეს ამ ქვეყანას მეორე აბაშიძე, – დოდო აბაშიძეც მოევლინა. პოპულარული მსახიობი, რომლის შემოქმედებითი მოღვაწეობაც მჭიდროდაა დაკავშირებული ბატონ დევის კინოხელოვნებასთან.
წაიკითხეთ დევი აბაშიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს, „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან.