ვაგრძელებთ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ 1998-2010 წლებში გამოქვეყნებული საინტერესო მასალების ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
ამჟამად გთავაზობთ წარმოშობით ხარაგაულელი რეჟისორის, დევი აბაშიძის, 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩაწერილი ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
ბატონ დევის 1999 წლის 23 აპრილს შინ ვესტუმრე, – საიუბილეო ბანკეტის სამზადისში დაგვხვდა გართული. გრანდიოზულ საიუბილეო საღამოზე უარი უთქვამს, ჩემიანებს კი ყველას მინდა მოვუყარო თავი, ჩემი ქელეხი ჩემსავე სიცოცხლეშივე უნდა ვნახო, მერე რაღას გავიგებ, ვინ მოვა და ვინ არა. მაინტერესებს, ვინ არის ჩემი ჭირისუფალიო, – იხუმრა ბატონმა დევიმ.
ცხოვრება საოცარი დამთხვევებით ხასიათდება. 98 წლის წინ, 1924 წლის პირველ მაისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში დაიბადა ცნობილი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დევი აბაშიძე.
ზუსტად იმავე წელს და იმავე დღეს ამ ქვეყანას მეორე აბაშიძე, – დოდო აბაშიძეც მოევლინა. პოპულარული მსახიობი, რომლის შემოქმედებითი მოღვაწეობაც მჭიდროდაა დაკავშირებული ბატონ დევის კინოხელოვნებასთან.
– ბატონო დევი, თქვენმა ბავშვობამ ხარაგაულში განვლო. საშუალო სკოლაც ხარაგაულში დაამთავრეთ. ისიც ვიცით, რომ მშობლიურ რაიონზე უზომოდ შეყვარებული ბრძანდებით. ალბათ, ზოგჯერ რაღაცნაირად ფიქრობთ კიდეც ხარაგაულზე. ამ დროს კონკრეტულად რა გახსენდებათ?
– ხარაგაული, ჯერ ერთი, გალაკტიონით გაგახსენდება.
მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული –
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი“ –
ეს არის ხარაგაული. თქვენ იმ დროს არ გიცხოვრიათ და მართლა ეგ არის ხარაგაული. მახსოვს, რკინიგზის სადგურზე ერთგვარ კოსტუმებში გამოწყობილი ხალხი გამოეფინებოდა ხოლმე და ელოდნენ, რამდენი სახალხო მატარებელი აივლიდა და ჩაივლიდა. სადგურზე იბადებოდა აზრი დაპატიჟებისა, მიპატიჟებისა, გათხოვებისა და თხოვის.
ხარაგაული თავისი ეკონომიკითა და სოფლის მეურნეობით არასოდეს ჰყვაოდა. მაღალმთიანი რაიონია და ადამიანი საკუთარ ოჯახს ძლივს ინახავდა. თუმცა, ხარაგაულს საოცრად ნიჭიერი ადამიანები ჰყავს. ძნელია ჩამოთვლა, – ვშიშობ, არავინ გამომრჩეს. ჩემი თანამედროვეებიდან რეზო თაბუკაშვილი შესანიშნავი პიროვნება და დიდებული ქართველი იყო.
მე და რეზო ხშირად ხუმრობით ხარაგაულის დამოუკიდებლობაზე ვმსჯელობდით. რეზო მეუბნებოდა, არ არიან თანახმა, რომ ხარაგაული დამოუკიდებელი იყოსო. სხვათაშორის, რეზო ჭეიშვილმა ამაზე პატარა მოთხრობაც შექმნა. გარდაცვალების წინ მითხრა, ვეღარ ვასწრებთ მე და შენ ხარაგაულის დამოუკიდებლად გამოყოფას და მოდი, თენგიზ ბუაჩიძეს შეეკარი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატიაო.
თენგიზიც მალე გარდაიცვალა და ასე „დარჩა“ ხარაგაული საქართველოს შემადგენლობაში. ახალმა თაობამ, კარგი გვყავს, იქნებ როგორმე გამოყოს (იღიმის)…
ხარაგაულში ჩემ დროს საუკეთესო პროფესიული თეატრი იყო, სადაც დასავლეთ საქართველოს შესანიშნავი მსახიობები იყრიდნენ თავს. ამ თეატრში ძალზედ ცნობილი რეჟისორი ვასილ ხოშიტაიშვილი იყო დაკავებული.
ერთხელ, მაშინ ქუთაისში ვმუშაობდი, მთხოვეს, ხარაგაულში დამედგა სპექტაკლი. იპოლიტე ხვიჩიამ, შოთა ხაჟალიამ და სხვა პროფესიონალმა მსახიობებმა სპექტაკლში თეატრისმოყვარულთა გვერდით ითამაშეს. საოცარი რამ გამოვიდა. ეს იმ დროის ხარაგაულისთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო.
დიდებული პიროვნება გახლდათ ბიჭიკო აბაშიძე, – რამდენი კაცი ფეხზე დააყენა, რამდენი ციხეს გადაარჩინა, რამდენი – სიკვდილს. ის იყო შესანიშნავი ლოტბარი, ბრწყინვალე მომღერალი, განათლებული და ენერგიული კაცი. მართლაც რომ შესანიშნავი პიროვნება დააკლდა მისი სახით ხარაგაულს. არ მახსოვს ოლიმპიადა, ხარაგაულს რომ პირველი ადგილი არ აეღო.
ხარაგაულის გახსენებისას მაგონდებიან ბიძაჩემი ნოე აბაშიძე, იური კაკულია, შოთა კიკნაძე, პაშა გიორგაძე, გივი ბუაჩიძე, ოთარ აბაშიძე, ელგუჯა დეკანოსიძე… უნიჭიერესი ადამიანები იყვნენ.
მე მოვახერხე, იმდენი ძალა მეყო, რომ „დავაღწიე“ თავი ხარაგაულს. ნოე აბაშიძეს თვით მარჯანიშვილი სთხოვდა რომ წამოსულიყო და აქ ყოფილიყო თეატრში. შესანიშნავი მოცეკვავე და არტისტი იყო გივი ბუაჩიძეც. ვერც მან, ვერც ოთარ აბაშიძემ და ელგუჯა დეკანოსიძემ ვერ გაბედეს, ვერ გამოვიდნენ ხარაგაულიდან.
მე ყოველთვის მქონდა კავშირი ხარაგაულთან, ახლა სხვა თაობა მოვიდა და თითქმის აღარავის ვიცნობ. მაგრამ იქ არიან ჩემი ძველი მეგობრები ჟორა ბლუაშვილი, თამაზ კიკნაძე, ჩემი ბიძაშვილი მამია აბაშიძე, მარიკა კიკნაძე – ყველას მინდა მოვეფერო.
ძალიან მწყინს, რომ ხარაგაულში დღეს კინო აღარ არის, კულტურის სახლი აღარ არის. რატომღაც ყოველთვის გვეგონა, რომ საქართველოს ბორჯომის წყალი შეინახავდა. საქართველოს მხოლოდ ინტელექტი, ჭკვიანი ადამიანები შეინახავენ. საქართველოს გადაარჩენენ ტალანტები, რომლებიც ჰყავს კიდეც. მარტო ნინო ანანიაშვილი რად ღირს, ამასწინათ ანანიაშვილზე აცხადებდა მოსკოვი „სამყაროს ბალერინა“ (რუსი რომ იყოს, მაშინ ხომ იცი…), …წამოცდა ეტყობა! „მსოფლიოში პირველი ბალერინა“ – აღმაფრენაა, საოცრება.
ასეთი ხალხი სჭირდება საქართველოს და თუ პერიფერიებში – ხარაგაულში, შორაპანში ჩაკვდება ქართული მუსიკა, ქართული თეატრი, ქართული კინო, ჩავიწეროთ მერე პასპორტებში „ქართველები“ და… ხომ იკლავენ ახლა თავს, რატომ არ წერია პასპორტში „ქართველიო“. არავინ ეკითხება ანანიაშვილს, სადაური ხარო, შეეკითხებიან და უპასუხებს… არავინ კითხულობს, მთელ მსოფლიოში, ვინ ხართო, როგორები ხართო – ამით კი ყველა ინტერესდება.
იმერლებს აქვთ ერთი კარგი თვისება, – ახალ სახლს სანამ არ ააშენებენ, ძველს ხელუხლებელს ტოვებენ, არ ანგრევენ. ჩვენ საპირისპიროდ გამოგვივიდა პოლიტიკაში, ეკონომიკაშიც, ყველაფერი ძველი მიანგრიეს, ახალი კი ასე უცებ ვერ აღმოცენდა.
ტელევიზიას რომ მივეცი ინტერვიუ, იქაც ვთქვი და ყოველთვის ვამბობ: საზოგადოება გაიყო ორად, ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. შუა ფენა, რომელიც ყოველთვის იყო, აღარ არის. ეს უდიდეს აფეთქებას გამოიწვევს. თუ ძალიან მდიდრები ჭკუაზე არ მოვლენ და თავიანთ ფულებს არ გაუნაწილებენ ძალიან ღარიბებს, რაც მოხდა ბევრჯერ, ის მოხდება, – გადაუვლიან და გასრესენ სულ 5-6 წელიწადში.
– ბატონო დევი, ჩვენთვის საინტერესოა თქვენი ცხოვრების თითოეული დეტალი. აი, თუნდაც ის, თუ რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტმა სარეჟისორო ფაკულტეტზე გადასვლა?
– ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გზა გავიარე. თეატრში რომ პირველად შევედი, მოხდა დამთხვევა რაღაცის ჩემში და რაღაცის იქ, ისევე, როგორც პლუს-მინუსია და მე საოცრად მიმიზიდა. უფრო მეტი ხიბლი აქვს კინოს. ათი ფილმი ჩვენთან ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ ტრაბახად არ გამომივა, რამდენიმე ისეთია, რომელიც ეკრანიდან ალბათ არ ჩამოვა. თავის დროზე „დიდოსტატის მარჯვენა“ ასი ათასმა კაცმა ნახა, „ყვარყვარე“ – ამაზე მეტმა. ეს კინოთეატრებში, თორემ ტელევიზიით მთელმა საქართველომ.
– თქვენს მიერ გადაღებული ფილმებიდან („ჩაძირული ქვების მაძიებელნი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ყვარყვარე“, „ყველა კომეტა როდი ქრება“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ომი ყველასთვის ომია“, „მზის საგალობელი“, „წითელი პატეფონი“…) რომელს გამოარჩევდით და რატომ?
– რეჟისორებს რომ ამას ეკითხებიან, იპრანჭებიან: „ყველა ჩემი შვილებია, ვერცერთს ვერ გამოვარჩევთო“. არაფერი გასაპრანჭი არ არის. რეჟისორს აქვს ერთი საუკეთესო ფილმი. ჩემთვის გამორჩეული ფილმია „ყვარყვარე“; ისევე, როგორც რეზო ჩხეიძისთვის არის „ჯარისკაცის მამა“, ელდარ შენგელაიასთვის „არაჩვეულებრივი გამოფენა“. მათ სხვაც ბრწყინვალე სურათები აქვთ, მაგრამ ეს ერთი მაინც გამორჩეულია. სწორედ ასეთია ჩემთვის „ყვარყვარე“, მაყურებელმაც ასე მიიღო.
– როგორ გაჩნდა ამ ფილმის შექმნის იდეა და რამდენად იოლი იყო იმ პერიოდისათვის ამ იდეის ხორცშესხმა?
– „სარეკომენდაციო სიები“ არსებობდა მაშინ, „კგბ“ ადგენდა, მასში „ყვარყვარე“ არ იყო შეტანილი, ე.ი. ვერ გადაიღებდი.
იმ დროს, – ბრეჟნევის დროა, – დემოკრატიის ელემენტებმა გამოანათა და რეზო ჩხეიძეს მოველაპარაკე. თუმცა, ჯერ მთავარი – დოდო აბაშიძე რომ არ ყოფილიყო, ამას არ გადაიღებდნენ; ე.ი. ამ ქვეყანაზე დოდო აბაშიძის ყოფნამ წარმოშვა ამ ფილმის შექმნის იდეა. ადრე ქუთაისში დავდგი სპექტაკლი „ყვარყვარე“, ყველა მასალა მზად მქონდა.
გადავიღეთ ფილმი და ჩავუშვით წარმოებაში. მოსკოვში ძალიან მძიმედ მიიღეს. მძიმედ კი არა, კინაღამ დაგვიჭირეს. რამდენიმე ისეთი სცენა მქონდა, – რომ არ მქონოდა, არ მიიღებდნენ. ბევრი რამ ამოჭრეს კიდეც.
ფილმში არის ასეთი სცენა, ყვარყვარე გენერალს აგლეჯს ჩინს; მერე ყუთებით შემოჰქონდათ ორდენები და მთლიანად უკეთებდნენ. ეს იყო ბრეჟნევი და ამოიღეს.
მეორე ეპიზოდი – მე ვნახე „იზვესტიაში“ ფოტო, რომელზეც ბრეჟნევი თავის ქანდაკებას უყურებს. ფილმში შევიტანე სცენა, რომ ყვარყვარე თავის ქანდაკებას ხსნის და სიტყვას ეუბნება. ესეც ამომიღეს. ფინალიც გააფუჭეს, მაგრამ ფილმი მაინც გადარჩა და მიიღეს.
ფული თუ გაჩნდა ქვეყანაზე, ვაპირებს შევისყიდო ნეგატივები, რომელიც მოსკოვშია, უნდა გადავამონტაჟო და განვაახლო. მე მგონი, ამის დრო დადგება.
– ბატონო დევი, წლების განმავლობაში ათეულობით მსახიობთან გიხდებოდათ პროფესიული ურთიერთობა. ყველაზე მეტად რომელ მათგანთან მუშაობა იყო თქვენთვის სასიამოვნო და შემოქმედებითად მრავლის მომცემი?
– ამ კითხვაზე რანაირად გიპასუხოთ. როგორ განვავასხავო ვერიკო სესილიასგან, აკაკი ვასაძე გოძიაშვილისგან, ოთარი მეღვინეთუხუცესი დოდო აბაშიძისგან…
ეს ყველა ის ხალხია, რომელთანაც აბსოლუტურად თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ვაკეთებდი, რაც მინდოდა და როგორც მინდოდა. თუ არაფერი გამოვა, რეჟისორის ბრალია. არ დააბრალონ არც ერთ მსახიობს. თუ ვერ გააკეთა, აბა რატომ აიყვანე. თუ აიყვანე – ვერ იმუშავე, ვერ მოარგე, ვერ ჩამოასხი ის სახე, რომელიც ჩაფიქრებული გქონდა.
– სასიამოვნოს ან კურიოზულს რას გაიხსენებდით თქვენი ცხოვრებიდან ან რეჟისორული მოღვაწეობიდან?
– ხშირად თვით კინოგადაღებებიც კურიოზებია. ზოგჯერ შეიძლება ტრაგიკული, დრამატიზმით აღსავსე ეპიზოდი იყოს, მაგრამ სიტუაცია სიცილს იწვევდეს.
მახსოვს, ერთხელ გერმანიაში 35 კაცი წავიყვანე გადაღებაზე. ერთი მსახიობი, ძალიან ცნობილია და ვერ დავასახელებ, მოგვიანებით ჩამოვიდა. ჩვენ კარგ სასტუმროში ვიყავით. მისთვის კი სხვაგან შეუთავაზებიათ ბინა; ამისთვის დამთვრალა და ამბავი აუტეხია. ღამის 2 საათია, გამაღვიძეს, თურმე დაუჭერიათ, ციხეშია. რა ვქნა ახლა, გერმანიაში ვართ. იმ წუთში საელჩოში დავრეკე; როგორც იქნა, გამიღეს ციხის კარები. გამოვიდა და ახლა მე დამიწყო ჩხუბი.
მეორე დილით ვხედავ ჩემოდნით ხელში. ვეცი, სად მიდიხარ-მეთქი. წუხელ ისეთი ამბავი შემემთხვა, ვეღარ გავჩერდები, თბილისში ვბრუნდებიო. რა თბილისში ბრუნდები, გადაღებაზე ხარ-მეთქი, – წავართვი ჩემოდანი, ვეფერე, ვკოცნე, ვეხვეწე. როგორც იქნა, დამყაბულდა და იმ ათ დღეს, რომელიც ბერლინში გავატარეთ, ერთი წვეთი ლუდიც არ დაულევია.
საჩხერეში ვმუშაობ „ყვარყვარეზე“, მოვიდა ჩემთან ეროსი მანჯგალაძე და მეუბნება – მივდივარ ახლა მე თბილისში! მე ვუთხარი – არ გაგიშვებ!
– როგორ არ გამიშვებ, კაცო, გადაცემა მაქვს იქო, ორ ყუთ ლუდს ჩამოგიტანო!
მეორე დღეს ჩამოვიდა დატვირთული, ყვითელი ჟიგული ჰყავდა. ვხედავ, თეთრია საქარე მინა. აქეთ მილიციელს აქვს გადაყოფილი თავი, იქით – ეროსის.
ვეკითხები: რა არის ეს-მეთქი, ეროსი?
– შლაგბაუმს დავეჯახე და დოდოს არ უთხრაო.
– მე რომ არ ვუთხრა რა, ვერ ნახავს ამას თუ, რა იყო-მეთქი?
– ამ მახინჯს შევხედე, – მილიციონერზე მეუბნება, – შლაგბაუმი ვერ დავინახე და დავეჯახეო!
ეს მილიციონერი იმერელია – ჩემი ბრალი არ არისო, თქვა, – მაგრამ მე ჩავუსვამ ამ მინასო.
– საიდან ჩაუსვამ – მეთქი.
– საჩხერეშიაო.
– საჩხერეში კი არა, ტოლიატში არ არის მაგისი მინა, აქ რა უნდა-მეთქი.
მოკლედ იქ დიალოგი გაიმართა, ეროსი ეუბნება ვერ იშოვი საქარე მინას, რას ამბობს, საჩხერეში რა უნდა, ის ეუბნება, ფულს გადავიხდიო.
– შენი ფული რად მინდა, მძღოლებს ართმევ მაგასო.
– არაო, ესო ცოლის მზითევიაო, – ხო იცი გალექსილი იმერელი.
ეროსი ეუბნება, რომ მერე შენი ცოლი იტყვის, ეროსი მანჯგალაძემ შემიჭამა მზითევიო; მთელი საქართველო გაიგებს ამას, არაფერი არ მინდა შენი, არც ფული არც საქარე მინაო.
მერე მთელი კომედიები მოჰყვა ამას. იმერელმა მილიციელმა ფული მე მომცა. ეროსის ის ფული მე და დოდო აბაშიძემ შევუჭამეთ.
– ჯიბგირები ხართო, ქურდებიო, – გადაირია ეროსი,- 64 მანეთი იყო.
მერე სულ მიძახდა, – შენ ჩემი ფული გაქვსო!
შესანიშნავი პიროვნება იყო, დიდი მოქალაქე, ბრწყინვალე არტისტი ეროსი მანჯგალაძე.
ჩემს მიერ გადაღებულ ფილმში „გამოაღეთ ფანჯრები“ სიმღერებს ჯანსუღ კახიძე ასრულებს. დიდხანს მეხვეწა, დირიჟორი კაცი ვარ, კომპოზიტორი და დუდუკებზე ნუ მამღერებ, კინტო არა ვარო. ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც ვამღერე და ახლა რომ მხვდება, – ე, რა კარგად ვმღერივარო.
ამ ფილმში თენგიზ ჩანტლაძე მონაწილეობს, უნიჭიერესი კაცი. გადაღებისას სულ პურმარილი გვქონდა გაშლილი. მთელი დღეები მთვრალები ვიყავით და როდის გადავიღეთ ფილმი, არ მახსოვს, არ ეტყობა ფილმს?!
– ბატონო დევი, შევარდნაძესთან დაახლოებული პიროვნება ბრძანდებით, ეს ცნობილი კინორეჟისორის პრეზიდენტთან ურთიერთობაა თუ თქვენი ნაცნობობა უფრო შორიდან მოდის?
– ჩვენი ჭაბუკობის ჟამს, როცა ქუთაისში ვმუშაობდი, ედუარდი კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო. მაშინ მე „ძალიან დიდი“ თანამდებობა მეკავა – თეატრის პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი ვიყავი. პარტკომი გახლდათ „შესანიშნავი იდეოლოგი“ იპოლიტე ხვიჩია და რადგანაც იდეოლოგიური საკითხები ისედაც „მაღალ დონეზე“ იდგა, მე კომკავშირის კრებებს არ ვატარებდი. ამის გამო ედუარდი სულ მსაყვედურობდა. გარკვეული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. სულ არც მე ვარ იმასთან და არც ის არის ჩემთან. ბევრი დახმარება მიმიღია მისგან, როგორც პირადული, ისე – საქმისათვის.
– ახლახან ისრაელში იმყოფებოდით. ბატონო დევი, თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი ახლო გეგმების შესახებ.
– ისრაელში ჩემი ფილმის „წითელი პატეფონის“ პრემიერაზე ვიყავი. უმაღლესი დონის შეხვედრები მომიწყვეს. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ქრისტესა და მარიამის საფლავების, გეთსამანიის ბაღისა და გოლგოთას ხილვა იყო. ხე, რომელზედაც თავი ჩამოიხჩო იუდამ, დღესაც ცოცხალია. მსოფლიო მაქვს შემოვლილი. ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი ემოციური და შთამბეჭდავი, თითქმის არაფერი.
საერთოდ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. გონებას განაახლებს ხოლმე, სულ სხვაგვარი ბრუნდები შინ.
რაც შეეხება გეგმებს, მაქვს ორი საინტერესო სცენარი, ერთი თანამედროვე და მეორე – ეკ. გაბაშვილის „თინას ლეკური“. თუ დადგა „ჩემი ამინდი“ და ფული გამოჩნდა, ჯანზე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ინფარქტი გადავიტანე, მის შემდეგ ხუთი ტონა ღვინო მაქვს დალეული (იცინის).
წუწუნი არ მიყვარს. ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ რა აღარ მოხდა – არც დაპატიმრებამ და არც დახვრეტამ (1937 წელში მამა დამიხვრიტეს და 1961 წლამდე როგორც „ტროცკისტის“ შვილი, სარდაფიდან ამოსვლას ვერ ვეღირსე), არც სიკვდილმა (მეუღლე და შვილი დამეღუპა), ვერ გამტეხა. რა ვქნა, ხუთი შვილიშვილი მყავს, ვჭირდები მაგათ, ჩემი იმედი აქვთ.
უფროსი შვილიშვილი დევი აბაშიძეა. ჩემი შვილიშვილები სამ ენაზე – იტალიურად, ინგლისურად და გერმანულად საუბრობენ. ოჯახში მარტო მე ვლაპარაკობ იმერულად. ჩემ დროს, 1937 წელში, ერთი სიტყვა რომ წამოგცდენოდა ინგლისურად, ინგლისის „შპიონიაო“ და დაგიჭერდნენ. IX კლასში ვიყავი, ფრანგულის სწავლა რომ დაგვაწყებინა თამარ აბულაძემ. ხარაგაულში და ისიც ორ წელიწადში, აბა რა უცხო ენას ვისწავლიდი?!
– ხარაგაულელებთან რას დამაბარებთ, ბატონო დევი?
ესაუბრა
ლაურა გოგოლაძე
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
1999 წლის 10 მაისი
რუბრიკა – გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულელი ლოლაძეების ოჯახმა უკრაინელი გოგონა შვილივით აღზარდა
ხარაგაულის საშუალო სკოლის 1941 წლის კურსდამთავრებულების ფოტოზე აღბეჭდილნი არიან:
I რიგში სხედან: თამარა ხარაძე, კოტე ნიქაცაძე, თომა ტაბატაძე, ნიკალა შარიქაძე, დათიკო ჭიპაშვილი, ნოესპი ბუაჩიძე, მიშა მანჯავიძე, ირა მესხი, ირაიდა ჭიპაშვილი, ლიზა კიკნაძე, მარო ხარატიშვილი.
II რიგი დგანან: ჟორა კაციტაძე, კიმა გველესიანი, ჟორა ბლუაშვილი, ნათელა გურგენიძე, შოთა კიკნაძე, ელენა ჭიპაშვილი, რიმა კურტანიძე, მარიკა კიკნაძე, მარგალიტა გლუნჩაძე, დევი აბაშიძე, ჟენია დეკანოსიძე, მარო ასათიანი, ქეთო ბუაჩიძე, აკაკი ვეფხვაძე, ნინა გურგენიძე.
III რიგში დგანან: მიტუშა ბუაჩიძე, გოგი ჭიპაშვილი, ოთარ აბაშიძე, გოგი კალანდაძე, ეთერი ხარატიშვილი, ოთარი კიკნაძე, გიგა დიაკვნიშვილი.
1966 წელი, დაბა ხარაგაული, ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი