დღეს, 12 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების მეოთხეკლასელები მონაწილეობდნენ (პედაგოგები ლემა ბერაძე, ლია სანიკიძე, თამარ სხილაძე).
უმცროსკლასელებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები (პედაგოგი რუსუდან თაბაგარი) და საგალობლები (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე).
კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იყო პატარების მიერ „დედა ენის“ მიხედვით შექმნილი ნახატები.
ეს ღონისძიება ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლის, ლელა შარიქაძის ორგანიზებით დაიგეგმა.
„ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მშობლიური ენა, – ამბობს კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – ქართულ ანბანს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ეს საგანძური – ქართული ენა – მომავალ თაობას შევაყვაროთ“.
„ჩვენმა წინაპრებმა სისხლითა და ბრძოლით შეინარჩუნეს ქართული ენა, რომ არ გავრუსებულიყავით, ან სხვა დამპყრობლის გავლენით მშობლიური ენა არ დაგვევიწყებინა. ჩვენისთანა პატარა ერისთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ქართული დამწერლობაა.
მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენა მომავალ თაობებს შევაყვაროთ. მე ასე ვზრდი ჩემს მოსწავლეებს და მივესალმები ასეთ ღონისძიებებს. მეოთხეკლასელები დღეს ერთმანეთს თითქოს გაეჯიბრნენ მშობლიური ენის სიყვარულში. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს“, – ამბობს პედაგოგი თამარ სხილაძე.
საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში სტუდენტები ქართული ენის დასაცავად საპროტესტო მსვლელობით გამოვიდნენ. მაშინდელი კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა ცხადდებოდა.
ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მასობრივი გამოსვლები მოეწყო. ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული ენა დაეტოვებინა.
ამავე თემაზე
რატომ არის 14 აპრილი ხარაგაულელი ზეინაბ ბუაჩიძესთვის უბედნიერესი დღე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი