14 აპრილი ქართული ენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში ქართული ენის დასაცავად სტუდენტობა საპროტესტო მსვლელობით გამოვიდა.
კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა ცხადდებოდა. საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან მოდიოდა. სტუდენტ ლიდერებს შორის გახლდათ ისტორიკოსი, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე.
-მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, – იხსენებს ქალბატონი ზეინაბი, – ჩემი თანაჯგუფელი იყო თამარ ჩხეიძე. მან გვაზიარა სტუდენტები დისიდენტურ ლიტერატურას. მის გარშემო შემოიკრიბნენ პატრიოტი სტუდენტები.
თამრიკომ შეგვატყობინა, რომ კონსტიტუციიდან 75-ე მუხლი უნდა ამოეღოთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა დაწესებულებასა და სკოლაში სახელმწიფო ენად გამოცხადდებოდა რუსული ენა. ამ წუთშიც რომ ვიაზრებ ამას, მღელვარება მიპყრობს. მაშინ მზად ვიყავით სიცოცხლეც გაგვეწირა.
თამარ ჩხეიძის ინიციატივით გადავწყვიტეთ, მიგვემართა საკონსტიტუციო კომისიისთვის, რომ ახალ კონსტიტუციაში დაეტოვებინათ 75-ე მუხლი. ამისთვის, საჭირო იყო ხელმოწერები. სტუდენტებში დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. იმდენად ბევრი ხელმოწერა შეგროვდა, რომ ჩვენ დავჭერით წვრილ ლენტებად ფურცლები და გადავაბით ერთმანეთს. ასეთი ხერხით უფრო მეტი ხელმოწერა განთავსდა. კგბ თვალს გვადევნებდა ყველა სტუდენტს. ძალიან ვფრთხილობდით, მაგრამ ხელმოწერების შეგროვების ამბავი მაინც მივიდა დეკანატამდე და რექტორატამდე.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერები დაგვიბარა რექტორმა დავით ჩხიკვიშვილმა და ხელმოწერების წარდგენა მოგვთხოვა. ვუთხარით, რომ არ გვაქვს არანაირი ხელმოწერები. ამ დროს თამარ ჩხეიძეს მუხლებზე ედო ხელმოწერებით სავსე კეისი. რექტორი მალე მუქარაზე გადავიდა და გვითხრა – ამ მომენტიდან თქვენი სტუდენტობის წუთები დათვლილია. ახლაც მახსოვს, თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა.
რექტორის კაბინეტიდან რომ გამოვედით, თამრიკომ გვითხრა, ისეთი ზეწოლაა, ხელმოწერები სასწრაფოდ უნდა ჩავაბაროთ საკონსტიტუციო კომისიასო. უცნაური რამ მოხდა – თავიდან რამდენიმე ბიჭი ჩვენთან ერთად მოდიოდა. მერე მოერიდნენ თუ შეეშინდათ და საკონსტიტუციო კომისიის შენობასთან მხოლოდ სამი გოგონა მივედით. თამრიკო კეისით წინ მიგვიძღოდა მე და კლარა ზედგინიძეს.
ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. დაიგეგმა საპროტესტო გამოსვლა. დათქმული იყო, რომ 14 აპრილს უნდა შემდგარიყო დიდი გამოსვლა. ლექტორები ყველანაირად ცდილობდნენ, აუდიტორიებიდან არ გამოვეშვით. ერთ ლექციაზე დიდხანს ვითმინეთ, მერე ვანიშნეთ ერთმანეთს, წამოვცვივდით ყველა და გამოვვარდით აუდიტორიიდან. ჭავჭავაძის გამზირი უკვე სავსე იყო სტუდენტებით. გაივსო მთელი რუსთაველის გამზირი. პატრიოტული პლაკატები გვამცნობდნენ: „ჩვენ სიცოცხლეს დავდებთ მშობლიური ენისთვის,“ „ენა, მამული, სარწმუნოება…“
რუსთაველის მიმდებარე ქუჩებში იდგა ჯარი – მერვე პოლკი ტანკებით. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო.
ცეკას მაშინდელ პირველ მდივანს შევარდნაძესა და ბრეჟნევს შორის მოხდა რაღაც შეთანხმება. ბრეჟნევს არ აწყობდა სისხლისღვრა. ამრიგად, 75-ე მუხლი დარჩა კონსტიტუციაში. ეს იყო უდიდესი სიხარული, ძალიან დიდი ბედნიერება და დიდი გამარჯვება.
14 აპრილი ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად მაშინ გამოვლილი განსაცდელისა. მახსოვს, მამაჩემმა რომ გაიგო ამ ამბებში ჩემი აქტიურობის შესახებ, თბილისში ჩამოვიდა და ქუჩაში მეძებდა – სადაც ჩემს შვილს მოკლავენ, მეც იქ უნდა ვიყოო.
ბედნიერი ვარ, რომ ამ მოვლენების დროს ვიყავი სტუდენტი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი