საქართველოში წყლის რესურსების მართვის კომპლექსური რეფორმა იწყება. ეს რეფორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდება.

2027 წლისთვის საქართველოში ხარისხიანი წყალი ყველა ქალაქსა და სოფელში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ რეფორმის ერთ-ერთი მიზანი წყლის რაციონალური მართვაა.

„დედამიწის 71% წყლის რესურსებითაა დაფარული. თუმცა მათგან მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი, – ამბობს მაია ჯავახიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, – ამიტომ უმნიშვნელოვანესია წყლის დაცვა კლიმატის ცვლილების ნეგატიური მოვლენების ფონზე.

საქართველოში პრობლემებია წყლის გადანაწილების კუთხით. დასავლეთ საქართველოში წყლის მარაგების 75% გვაქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25%. დღეს ხარისხიანი წყალი სრულყოფილად საქართველოს მოსახლეობის 70%-ს მიეწოდება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. 2023 წლის ზაფხულზე, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე, მივიღეთ კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“.  ამ კანონით, წყლის ინტეგრირებული მართვა – სააუზო სისტემის დანერგვა – არის დაგეგმილი. ეს კანონი დაიცავს ყველა წყალმოსარგებლის ინტერესებს.

საქართველოში შვიდი სააუზო უბანი გვაქვს – მტკვრის, ალაზანი-იორის, ხრამის, ჭოროხის, აჭარისწყლის, ენგურის, ბზიფი-კოდორის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე უნდა დარჩეს, შესაძლოა მათი დაყოფა. მათი მართვის გეგმები 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

წყლის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ტარიფი. ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ვმუშაობთ და ვიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს. თუმცა, ბევრი კონსულტაცია იქნება საჭირო, რომ გონივრული ტარიფები მივიღოთ. ახალმა ტარიფმა ბიზნესს პროდუქცია არ უნდა გააძვირებინოს; პირიქით, საწარმოს სტიმული უნდა ჰქონდეს, რომ ნაკლები წყალი გამოიყენოს“.

რა როლი და ფუნქცია ენიჭება თვითმმართველობას „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის“ აღსრულების საქმეში, – ამ შეკითხვით გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელს მარიამ მაკაროვას მივმართეთ.

„ამჟამად წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი რეგიონული განვითარების სამინისტროა, – ამბობს მარიამ მაკაროვა, – ახალი კანონის თანახმად, 2030 წლისთვის ეს საკითხი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში გადავა.

წყლის სააუზე მართვის ადგილობრივი გეგმა მუნიციპალიტეტებში უნდა შემუშავდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. საბედნიეროდ, გვეხმარება USAID, ევროკავშირი და წყლის რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ტრენინგები გათვალისწინებულია“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბა ხარაგაულს წყალი ლეღვნის წყალსადენიდან მოეწოდება. ამ წყლით მარაგდება საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობის ნაწილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოჯახები, სკოლები და საბავშვო ბაღები, ძირითადად, წყაროებზე მოწყობილი სისტემიდან მარაგდება. წყლის მილებსა და ავზებს ყოველწლიურად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იძენენ. თუმცა, მოსახლეობას წყალი, მთელ რიგ სოფლებში, – განსაკუთრებით ზაფხულში, – მაინც არ აქვს.

„წყლის რაციონალურ გამოყენებაზე რომ ვიფიქრო, ჯერ წყალი უნდა მქონდეს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში, კიბაბოურის უბანში მცხოვრები ლალა ვეფხვაძე, – ჩვენი უბანი წყალმომარაგების კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია.

ვეღარ შევძელი ორი კილომეტრი მანძილიდან წყლის ხელით ზიდვა და 2023 წლის შემოდგომაზე საკუთარი ძალებით, – რომ იტყვიან კუსტარულად, – მოვაწყვე წყლის სისტემა. სახლთან ახლოს წყლის მარაგი აღმოვაჩინე. ორმო გავაჭრევინე და იმ წყლით ვსარგებლობ. ეს ყველაფერი 300 ლარი დამიჯდა.

წყალს მხოლოდ იატაკის მოსაწმენდად და სარეცხის დასარეცხად ვიყენებ, სასმელად და ჭურჭლის გასარეცხად წყალს მეზობლიდან ვეზიდები. კიკიბოურის უბანში 12 ოჯახი უწყლობით ვიტანჯებით.

21-ე საუკუნეში, – ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ და, – სასმელი წყალი არ გვაქვს. ძალიან ვნერვიულობ, რადგან ზაფხულზე რა მდგომარეობა იქნება, ჩემგან აღმოჩენილი წყალი დაშრება თუ ისევ წამოვა, არ ვიცი.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 100%-იანი წყალმომარაგება რომ არ გვაქვს, ამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ადასტურებს.

„ასეთი პრაქტიკის დანერგვას ვიწყებთ – წყალმომარაგების სისტემების მოწყობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა მოვითხოვოთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სარგვეშში გადავწყვიტეთ, რომ წყლის სააუზე სისტემა გაგვეკეთებინა და რამდენიმე სოფელი მომარაგებულიყო.

თუმცა, ამ მიზნით სამჯერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობს ამ პრობლემაზე. წყლის რესურსი სოფელ საბის მთაშია, საკმაოდ ძნელად მისასვლელ ადგილზე. ვფიქრობთ, რომ ამ გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტს მაინც განვახორციელებთ.

სამწუხაროდ, ჭაბურღილებმაც ყველგან ვერ გაამართლა. გეოლოგების დასკვნაც გვაქვს ხოლმე, რომ კონკრეტულ ადგილზე წყლის რესურსი არის; თუმცა, დროთა განმავლობაში იკარგება.  წყალაფორეთში, მაგალითად, ჭაბურღილი მეწყერმა დააზიანა. ბაზალეთში, დევდარიანების უბანში, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჭაბურღილი ამუშავებულიყო. ამ სახის პრობლემებიდან გამომდინარე, ჭაბურღილების მოწყობას ვერიდებით და წყლის სააუზე სისტემებზე გადასვლას ვგეგმავთ.

უნდა ვთქვათ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყლის მილებისა და ავზების შეძენამაც ვერ გაამართლა. მოსახლეობამ გვითხრა, ოღონდ მილები შეგვიძინეთ და სისტემას ჩვენ მოვაწყობთო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მილების ჩასაყრელად მიწა ვერავინ გაჭრა.

ამიტომ, პრაქტიკიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რომ წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებიც თვითმმართველობამ შეისყიდოს. ვმუშაობთ ფონდებთან, რომ სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა მინიმუმამდე დავიყვანოთ.“

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

წყალმომარაგების პრობლემა ჭიათურასა და ზესტაფონში