სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხუთწლიანი პროექტის პრეზენტაცია, რომლის ავტორი „იმერული ტურიზმის კლუბია“, ქუთაისში შედგა და მასში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„იმერული ტურიზმის კლუბმა“ პროექტი „DMO იმერეთთან“ თანაშრომლობით შეიმუშავა.
პროექტის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე ამ კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გეოგრაფს, პროფესორ გიორგი დვალაშვილს ვესაუბრეთ.
„იმერეთში, სხვა რეგიონებთან შედარებით, განსაკუთრებით დიდი რესურსია სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, – ამბობს გიორგი დვალაშვილი, – სულ ვამბობთ, რომ იმერეთის სოფლები ტურისტების არჩევანი ნაკლებადაა. თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადავდგით, მუდმივად ასე იქნება.
ამ პროექტით გათვალისწინებულია, რომ იმერეთის რეგიონის თერთმეტ მუნიციპალიტეტში საკემპინგე ბანაკები, – ტურისტების მისაღები და განსათავსებელი ადგილები – მოეწყოს. კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეულ ადგილებზე განთავსებულ ბანაკებს ექნებათ საერთო სახე, პროექტირება და მართვის სტილი. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს კონკრეტული მხარისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობა და მიმზიდველობა.
ბანაკები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან საფეხმავლო ბილიკებით, სამანქანო და ზოგ შემთხვევაში ველო-საცხენოსნო გზით. შესაბამის ადგილებზე გამოყენებული იქნება სანაოსნო ტრანსპორტი. მოეწყობა სხვადასხვა სათავგადასავლო ფესტივალები და ღონისძიებები.
საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებში ტურისტების მისაღები და განსათავსებელი სივრცეები უფრო პოპულარულია, ვიდრე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. ასეთ სივრცეებში მოსულ ტურისტს ადგილზე უნდა დახვდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ვიზიტორი როცა აქცენტს სათავგადასავლო ტურიზმზე აკეთებს, ის განსაკუთრებულ კომფორტს არც ითხოვს.
პროექტის წარმატებით განხორციელება თვითმმართველობის ჩართულობაზეა დამოკიდებული. ხარაგაულის შემთხვევაში ტურისტების მისაღები და განსათავსებელი ადგილის მოწყობა დევების ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ეს სივრცე შეიძლება იყოს როგორც კარვების, ასევე კოტეჯების სახით. მათი მოწყობა უფრო მცირე ინვესტიციას მოითხოვს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ხარაგაულში მოსული ვიზიტორი ძალიან მოკლე გზით, სოფელ ერეთადან ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში მოხვდება; ხარაგაულიდან კიცხის ზონიდან ადვილად დაუკავშირდება ზესტაფონს; ხარაგაულიდან ტაბაკინის მიმართულებით მიმავალი ტურისტი გზად ბევრ საინტერესო ბუნების ძეგლსა და ღირსშესანიშნავ ადგილს ნახავს. ტაბაკინიდან შესაძლებელია გადასვლა ბაღდათსა და ვანში.
მოსანახულებელი ობიექტები ბაზაში განთავსდება და ვიზიტორი მათ თავად აირჩევს. მათთვის განკუთვნილ სივრცეში ტურისტი მიიღებს ინფორმაციას, – სად შეიძლება ცხენებით მომსახურება, სად ველოსიპედით, სად არის კვების ობიექტი და სხვ.
ამ სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი კომპონენტია ფესტივალების მოწყობა. სამი ფესტივალი უკვე გაიმართა; მათ შორის, 23-24 მარტს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ოფროუდში (სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის).
ტურისტებისთვის სივრცის შექმნაში თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს. ასეთი სივრცეების მართვაზე პასუხისმგებლობას იმერული ტურიზმის კლუბთან ერთად მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ დონეზე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ეს სტრატეგია გაამართლებს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი