„კლიმატი მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დედამიწაზე. თუმცა, ბოლო ათწლეულებში, ადამიანის მიერ რესურსების არარაციონალურმა გამოყენებამ, კლიმატის ცვლილების პროცესი დააჩქარა, – ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი, – მკვლევარი კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში, – კლიმატის ცვლილება მისი შერბილების გარეშე შეუქცევადი გახდება“.
როგორია კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირში, ამ საკითხებზე გიორგი მუხიგულიშვილი საუბრობს:
– კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი სათბურის აირების გაფრქვევაა. სათბურის აირების გაფრქვევის ძირითადი წყაროებია – ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა, მეტყევეობა და ნარჩენები.
რითია განსხვავებული ეს კლიმატის ცვლილება წინა, 20-40 წლის წინანდელი კლიმატის ცვლილებისგან? გამორჩეულია იმით, რომ დღეს კლიმატის ცვლილება ასჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წინა წლების.
დღევანდელი კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია არა თუ ეკოსისტემებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც. ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენი როლი დავინახოთ ამ პროცესში და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ შევარბილოთ და შევამციროთ ჩვენი უარყოფითი გავლენა გარემოზე.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერომ, კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენცია შექმნა, დასახა გარკვეული სტრატეგიები და გრძელვადიანი გეგმები. ამ კონვენციას საქართველო 2013 წლიდან შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ ძალიან მცირე წვლილი მიუძღვის მსოფლიოში სითბური აირების გაფრქვევის თვალსაზრისით (0,04%), გარკვეული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევებმა, რომლებზეც ასობით მეცნიერი და ექსპერტი მუშაობდა, გვიჩვენა, რომ მხოლოდ განვითარებული ქვეყნების წვლილით შეუძლებელია კლიმატის ცვლილების შერბილებას მივაღწიოთ.
საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს რამდენიმე დოკუმენტი: კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შერბილების ეროვნული მიზნები, დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნული შეტყობინება, ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა, მერების შეთანხმება, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა და სხვ.
ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავება.
შერბილების ეროვნული მიზნებიდან აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2030 წლისთვის სათბურის აირები, 1990 წელთან შედარებით, 35%-ით (უპირობო) უნდა შეამციროს, ხოლო 50%-57%-ით – საერთაშორისო დახმარების შემთხვევაში;
2030 წლისთვის საქართველო გეგმავს, რომ 15%-ით შეზღუდოს სათბურის აირების გაფრქვევები ტრანსპორტის სექტორში საბაზისო პროგნოზებთან მიმართებით;
15%-ით შეზღუდოს სათბურის აირების ემისიები ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში;
იგეგმება ასევე სამრეწველო სექტორში ემისიების 5%-იანი შეზღუდვა კლიმატის მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისების გზით;
საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 10%-ით გაზარდოს ნახშირბადის შთანთქმის უნარი სატყეო სექტორის მიერ, 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.
2015 წელს, პარიზის ხელშეკრულების შემდეგ, გაჩნდა ახალი ტერმინი – კლიმატნეიტრალურობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 2050 წლისთვის რა რაოდენობის სათბურის აირის გაფრქვევაც მოხდება ევროკავშირის მასშტაბით, იმისი შთანთქმა უნდა მოხდეს ზუსტად იმავე რაოდენობით, ანუ ნეტო სხვაობა იქნება ნოლი. საქართველოსთვისაც სამიზნე მაჩვენებელი ეს იქნება.
რა იქნება კლიმატის ცვლილების შერბილების დადებითი მხარეები:
– სუფთა და ჯანსაღი გარემო (ჰაერი, წყალი, მიწა, ბიომრავალფეროვნება);
– რესურსების ეფექტური მოხმარება;
– სუფთა ენერგია და ინოვაციური ტექნოლოგიები;
– განახლებული და ენერგოეფექტური შენობები;
– ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდა და სხვ.
ენერგეტიკის სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგიის განახლებადი და სუფთა წყაროების გამოყენება;
ტრანსპორტის სექტორში – ჰიბრიდული და ელექტრომანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა;
მრეწველობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ენერგოინტენსივობის შემცირება, ნედლეულისა და მასალების ეფექტური გამოყენება (გადამუშავება და ხელახალი გამოყენება);
სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მიწათსარგებლობაში – სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების, ჭარბტენიანი ნიადაგების მდგრადი მართვა, ტყეების განაშენიანება, აღდგენა.
ნარჩენებზე როდესაც ვსაუბრობთ, თვალწინ წარმოგვიდგება ნაგავსაყრელები, რომელთა სისქე, თუ ხუთ მეტრს მიაღწევს, მეთანის გაფრქვევას იწყებს. საქართველოში შერეული ნაგავსაყრელებია – ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ნარჩენები ერთად გროვდება. ეს კი მეთანის წარმოქმნას აჩქარებს.
„ნარჩენების მართვის კოდექსით“ კარგი პრაქტიკები უნდა დაინერგოს – ნაგავსაყრელებზე შეიძლება მეთანის შემკრები ტექნოლოგიების დამონტაჟება და შემდეგ მისი ტრანსპორტში გამოყენება. ერთ-ერთი სამიზნე ქალაქი არის ბათუმი, სადაც ნაგავსაყრელები შეიძლება გამოყენებული იყოს მეთანის შესაგროვებლად.
კლიმატის ცვლილების პირობებში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების – ქარისა და მზის სადგურებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება.
ქარის სადგურების განვითარებისთვის მიმზიდველი ადგილმდებარეობით გამოირჩევა მთა საბუეთი, ქუთაისი, ფარავანი, ბათუმი და გოდერძის უღელტეხილი;
მზის ენერგეტიკული პოტენციალი, საქართველოს რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, მერყეობს 1,250-1,800 კვტ.სთ/მ2 ფარგლებში.
მიწათსარგებლობა-მეტყევეობა, ეს არის ერთადერთი ყველაზე საიმედო სექტორი, სადაც შეიძლება ქვეყანა წინ წავიდეს და სათბურის აირები შეამციროს. ეს მიიღწევა სატყეო ფართობების გაზრდით, სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების, ჭარბტენიანი ნიადაგების მდგრადი მართვით.
ქალაქების გამწვანება და მწვანე პარკები, ქალაქში სივრცეების შექმნა – არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როდესაც სათბურის აირების გაფრქვევებსა და შთანთქმებზე მიდის საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ ქალაქებიც იღებენ უკვე ვალდებულებას, რომ გამწვანების ზონები მაქსიმალურად გაზარდონ. გარკვეული ინდიკატორებიც არის დასახელებული – ერთ მოსახლეზე ქალაქში რამდენი კვმ გამწვანებული სივრცე უნდა იყოს და ა.შ.
კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შესამცირებლად საქართველო შემდეგი გამოწვევების წინაშეა:
– კლიმატის ცვლილებას უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს რეგიონებზე (შოვის და გურიის კატასტროფები);
– ეროვნული ფინანსური რესურსების სიმცირე;
– კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე;
– კვალიფიციური კადრების და ანალიტიკური შესაძლებლობების ნაკლებობა ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე.
ამავე თემაზე
თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს კატასტროფების მართვის გეგმა – კახა ბახტაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი