კლიმატის ცვლილებამ პრობლემები შექმნა ყველგან – გლობალურ და ადგილობრივ დონეზე. ამიტომ აუცილებელია კატასტროფების რისკების მართვა. ამ საკითხზე და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გეოგრაფი კახა ბახტაძე გვესაუბრება.
„კლიმატის ცვლილების შესახებ საუბარი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, – ამბობს კახა ბახტაძე, – შემდეგ ეს თემა ნელ-ნელა გააქტიურდა. 2016 წლის ნოემბერში დამტკიცებული „პარიზის შეთანხმების“ თანახმად, შემუშავდა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სახელმწიფოებს შორის, რომ კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ. საქართველო ამ შეთანხმებას 2017 წლის ივნისიდან შეუერთდა.
2022 წელს საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული შეტყობინება შეიმუშავა. ეს შეტყობინება სანდო, მეცნიერული მონაცემებით არის დატვირთული. ამ დოკუმენტში არის საბაზისო ანალიზი, შეფასებულია გამოწვევები და გაწერილია ის ნაბიჯები, რაც უნდა განხორციელდეს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში. ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაქვს ინდიკატორები, რომლითაც შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი მიღწევები.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მეოთხე ეროვნული შეტყობინება მოიცავს, არის კატასტროფების რისკების მართვა და ამ საკითხთან მიმართებაში გამოყოფილია რამდენიმე პრობლემა.
პირველი, ეს არის შავი ზღვის წყლის დონის მატება, ნაპირების გარეცხვა და ის საფრთხე, რომლის წინაშეცაა შავი ზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობა. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ:
კატასტროფების მართვა ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: 1) პრევენცია; 2) მზაობა; 3) რეაგირება; 4) აღდგენა. ეს არის ციკლი, რომელშიც ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით და რომელსაც მივყვებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაცული იყოს.
2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“. კანონი მიმართულია იქითკენ, რომ აუცილებელია პრევენცია, მზაობა, რეაგირება, აღდგენა. ქვეყანაში კატასტროფა რომ მოხდება, ჩვენ გავრბივართ და ვსვამთ შეკითხვას, რატომ არ მოფრინდა ვეტმფრენი. არავინ ამბობს, რომ გვაქვს კანონმდებლობა, სადაც გაწერილია, როგორ უნდა იმოქმედონ კონკრეტულმა სამსახურებმა და სამინისტროებმა. კანონის გარდა, გვაქვს მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეაგირების გეგმა, რომელშიც ყველა უწყების პასუხისმგებლობა გაწერილია.
სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა ითვალისწინებს 17 მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც საქართველოს სამინისტროებს შორის არის გადანაწილებული და მათ კონკრეტული პასუხისმგებლობები აქვთ. გარდა ამ მნიშვნელოვანი გეგმისა, გვაქვს საქართველოს მთავრობის 2017 წლის დადგენილება #452 „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის დადგენილება #453 „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. ანუ არსებობს კონკრეტული გეგმა და შაბლონი, საგანგებო სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედონ მუნიციპალიტეტებმა, ცალკეულმა უწყებებმა, სკოლებმა და ა.შ.
კატასტროფების რისკის მართვა უნდა იყოს ასეთი:
სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრაქტიკა დანერგილი არ არის. ადგილობრივ დონეზე კატასტროფების მართვის სისტემა უნდა იყოს ამოსავალი. პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ეს სისტემა აშენდეს.
კატასტროფული მოვლენიდან თხუთმეტ წუთში უნდა დაიწყოს რეაგირება ადგილობრივ დონეზე, რადგან, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეროვნულ დონეზე რეაგირება ორ საათში დაიწყება. წუთები წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი ქმედებების კარგად დაგეგმვა და შემდეგ მათი განხორციელება. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ძირითადი მიდგომაა, რომ კატასტროფის ადგილიდან ოჯახები გაასახლონ. მოსახლეობის უსაფრთხოება კი კატასტროფების რისკის მართვის გამართულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს.
საქართველო კლიმატის ცვლილების მზარდ ზემოქმედებას განიცდის, რაც ბიომრავალფეროვნების დარღვევას – ტყის ხანძრებს, მცენარეთა დაავადებებს, ფრინველებისა და ცხოველების პოპულაციის შემცირებას იწვევს. გახშირდა მტაცებელი ცხოველების სოფლებში შინაურ პირუტყვზე თავდასხმები, რადგან კლიმატის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ტყეების შემადგენლობასა და ხარისხზე, ტყეში ბინადარ ცხოველებს აღარ აქვთ საკმარისი საკვები.
ზამთარში ყაზბეგის ეროვნულ პარკში ტურისტების რაოდენობის ზრდას თან სდევს ცხოველების საბინადრო არეალის შემცირება.
ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად შექმნილია დაცული ტერიტორიები: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს ამის კარგი პრაქტიკა, როცა სკოლის მოსწავლეები ხდებიან მოხალისეები, აგროვებენ ინფორმაციებს და თემში ავრცელებენ.
გარემოსადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა და ბუნებრივი რესურსების სწორად მართვა ქვეყანაში კლიმატის ცვლილებას შეამცირებს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი