კლიმატის ცვლილება სოფლად მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

მათ წლიდან წლამდე სამყოფი მოსავალი ვეღარ მოჰყავთ, რადგან ბუნებრივი პირობების ცვლილებამ სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა გაართულა, მომრავლდა მავნებლები და მცენარეთა სხვადასხვა დაავადებები. პრობლემაა ისიც, რომ სოფლის მოსახლეობას არ აქვს საჭირო და სათანადო  ინფორმაცია, თუ როგორ გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილების გამოწვევებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალში მცხოვრებ ოთარ კვინიკაძეს 54 წელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურები მოჰყავს. 1980 წლიდან კი ფუტკარი მოიშენა.

ის ამბობს, რომ ბოლო წლებია, კლიმატის ცვლილებამ მის მეურნეობაში მოსავალი საგრძნობლად შეამცირა.

 

„0,25 ჰა მიწის ფართობზე, 50 წლის წინ, 24 ცენტნერი ყურძენი მოგვყავდა, – ამბობს ოთარ კვინიკაძე, – წელს ყურძენი გამიფუჭდა და იძულებული გავხდი, იმერეთში კახეთიდან ჩამოტანილი ყურძენი მეყიდა. ამის მიზეზი, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უხარისხო პესტიციდებია. გამყიდველი კი გეუბნება, კარგიაო, მაგრამ, სანამ არ გამოცდი, ხომ ვერ გაიგებ?!

ძველებურად აღარც სიმინდი და ლობიო მოდის. გასულ წელს განსაკუთრებით სიმინდს გაუჭირდა.

ბოლო წლებია, პომიდორის მცირე მოსავალს ვიღებთ, როცა წლების წინ ჩვენს ბაღში მოყვანილ პომიდორს ვყიდდით. პომიდვრის ნერგი თავად გამომყავს, მაგრამ ნაყოფი დამწიფებამდე ლპება. ლპობა მზის ძლიერმა დასხივებამ გამოიწვია.

თხილის საუკეთესო მოსავალს ვიღებდი – ყოველწლიურად ტონამდე თხილს ვკრეფდით. წელს, მოსავალიც შემცირდა და ათ ცალ თხილს რომ გატეხავ, შესაძლოა, ერთი იყოს საღი.

კარალიოკი რომ ავიღოთ, ასეთი შემთხვევა, რაც წელს მოხდა, აქამდე არ მინახავს – შემოდგომაზე დაუმწიფებელი ნაყოფი სულ ძირს ჩამოცვივდა. ადრე მწიფე კარალიოკსაც ვყიდდით და კარალიოკის ჩირსაც.

1980 წლიდან ჩემი ძირითადი საზრუნავი ფუტკარი გახდა. 50 ოჯახი ფუტკარი მყავდა და ვუვლიდი. ჩემი ოჯახის შემოსავლებიც გაიზარდა. ბუნებრივი პირობები ისე შეიცვალა, რომ ფუტკარი მასიურად განადგურდა.

სპეციალობით ფინანსისტი ვარ და წლების განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი. ხარაგაულში მეფუტკრეობის მეურნეობას როგორც ბანკირი, ისე ვემსახურებოდი და კრედიტებს ვცემდი. მეფუტკრეობა კარგად ვიცი და დღეს რომ ფუტკრის გამოზამთრება გვიჭირს, ასე არასდროს გაგვჭირვებია. საფუტკრეში რა შრომასაც ვწევთ, მისგან იმდენ შედეგს ვეღარ ვიღებთ.

ზაფხული ზაფხულს არ ჰგავს და შემოდგომა – შემოდგომას. ზამთარი კიდევ ან გაჭიანურებულია, ან საერთოდ არ არის – ძალიან ცვალებადი ტემპერატურაა. ორი დღე რომ ყინვაა, შემდეგ ზაფხულივით გამოიდარებს. დღეს, მაგალითად, +15 გრადუსია, გუშინ -4 გრადუსი იყო.

ოჯახში სამყოფი მოსავალი რომ ვერ მოგვყავს, იძულებული ვართ, წავიდეთ ბაზარში და თურქეთში წარმოებული პროდუქცია ვიყიდოთ. საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“.

ხემაღალში სერიოზული პრობლემაა უწყლობა და მავნებელი ფაროსანა. ოთარ კვინიკაძე წუხს, რომ მათი სოფლისთვის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 ათასი ლარით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ზაფხულში, როცა წყალი მოსავლის მოსარწყავად აუცილებელია, საერთოდ არ აქვთ, ხოლო ზამთარში უხვად მოდის. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან სოფელში ჭაბურღილისა და დრენაჟის მოწყობას უშედეგოდ ითხოვს.

„მავნებელი ფაროსანა სოფელში ისევ მრავლადაა და მოსავალს ანადგურებს, – ამბობს ოთარ კვინიკაძე, – კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატაკლიზმები ამ მავნებელზე დადებითად მოქმედებს და გარემო პირობებს კარგად შეეგუა. ფაროსანა თბილ ამინდში მშვენივრად იზამთრებს და ძლიერი იმუნიტეტი აქვს. სოფელში მიტოვებულ სახლებში ბინადრობს. იქ კი მათ გასანადგურებლად ვერავინ მიდის. პერიოდულად სპეციალური მანქანით ფაროსანას წინააღმდეგ თერმულ ნისლს უშვებენ, მაგრამ ეს არასაკმარისია“.

რამ გამოიწვია კლიმატის ცვლილება, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მოქალაქეებმა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ გამოწვევის შესარბილებლად, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ოთარ კვინიკაძე გვპასუხობს, რომ კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ომებია.

„ომის დროს გატყორცნილი რაკეტები ოზონის ფენას აზიანებს – ამბობს ოთარ კვინიკაძე, – ეს ყველაფერი ბუნებაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს ომები უნდა დამთავრდეს ჯერ მარტო იმიტომ, რომ ადამიანები იხოცებიან. ვის უნდა ომი? მათ, ვისაც თავიანთი ქონებისა და ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ხომ არანორმალურია! ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთი ყოველთვის დამპყრობელი იყო.

ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, პესტიციდების ხარისხზე მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს. ერთ წელიწადს ფუტკარი უხარისხო წამლის გამოყენების გამო გამიქრა. ყოველთვის არ გვაქვს საშუალება, რომ სოფლის მეურნეობაში საჭირო პრეპარატების შესაძენად თბილისში წავიდეთ. ამიტომ ადგილზე უნდა მოგვეწოდოს ხარისხიანი პრეპარატები, რომ შემდეგ საკუთარი შრომის შედეგი ვნახოთ.

თავად რა შევცვალე, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში მოსავალი მოვიყვანო? – მაგალითად, ლობიო შარშან თხილებში დავთესე. თხილის ჩრდილში მზის დასხივებამ ნაკლებად შეაღწია. ლობიოს რა პერიოდშიც ტენიანობა სჭირდება, იმ დროს ისეთი მზე აცხუნებს, ლობიო ყანაშივე მოხარშული დაგხვდება. იმერეთში წვიმა ყოველ მესამე დღეს რომ მოვიდეს ზაფხულში, მოსავლისთვის ძალიან კარგი იქნება. თუმცა, ასე არ რის და შეიძლება მთელი თვე გვალვა გაგრძელდეს.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ამ დრომდე დაუმუშავებელი და მიტოვებული მიწები დამუშავდეს. ნასვენებ მიწაზე კარგი მოსავალი მოვა. ახლა სოფელში, მიტოვებულ ადგილებზე მავნე მცენარეები, მაგალითად, ამბროზია იზრდება.

კლიმატის ცვლილების პირობებში ბოსტნებული და ბაღჩეული სათბურშიც გაიხარებს. მე მაქვს ამის გამოცდილება, – სათბური მქონდა და კიტრი და პომიდორი იმდენი მომყავდა, რომ ბაზარში ვყიდდი. 70 წლის ვხდები და ამდენიც აღარ შემიძლია. სოფლიდან მიგრაცია გაიზარდა, რადგან ადგილზე ვერაფერი მოიყვანა ადამიანმა. ხემაღალში, ოცი წლის წინ, 70 კომლი ცხოვრობდა და სოფელში 40 უღელი ხარი იყო. ახლა ათამდე ოჯახი ვართ დარჩენილი. დანარჩენი სახლები დაკეტილია. ახალგაზრდები მიდიან იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში… ჩემი შვილებიც ოჯახებით დედაქალაქში არიან და წვალობენ, შრომობენ, რომ ოჯახები არჩინონ“.

nოთარ კვინიკაძემ ათი წლის წინ ოჯახში ბიოგაზი მოაწყო. რამდენად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების შერბილებას განახლებადი ენერგიები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ოთარ კვინიკაძე გვპასუხობს, რომ ეს ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ფერმერებს ასეთი ალტერნატიული ენერგიის წყაროების – ბიოგაზის ქარხნის მოწყობაში უნდა დაეხმაროს.

„ზაფხულში ბიოგაზის დანადგარისთვის წყალი აუცილებელია, – ამბობს ოთარ კვინიკაძე, – ხემაღალში ზაფხულში წყალი მცირდება და ამიტომ დანადგარი ვეღარ ვამუშავე. სამხედრო სამსახური გერმანიაში მოვიხადე და ვიცი, რომ იქ, დიდწილად, სათბობად ბიოგაზს იყენებენ. სოფელში ვინც დავრჩით, უფრო მეცხოველეობას მივდევთ. ამიტომ ბიოგაზის მოსაწყობად ნედლეული გვაქვს. სოფლის მეურნეობა როგორმე უნდა გამოვიდეს ამ კრიზისული მდგომარეობიდან და მოსახლეობასაც შემოსავალი გაუჩნდეს“.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარემოს დაცვა და რესურსების სწორად გამოყენება კლიმატის ცვლილებას შეარბილებს