ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2024 წლის აპრილის ბოლო კვირას აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქარველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს. პროგრამის მიზანია გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, პროფილაქტიკური აცრების გზით, მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან დაცვა. იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის (აცრის) გზით.
იმუნიზაციით მართვადი ინფექციებია: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰემოფილუს ინფლუენსა ბ ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ბ ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია.
ბავშვი 12 საშიში ინფექციის წინააღმდეგ იცრება 1 წლის განმავლობაში. შემდეგ ასაკში ტარდება რევაქცინაციები, ხოლო 10, 11, 12 წლის ასაკში კი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გამოიმუშავოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას.
თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გარეშე.
პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე: „ბე“ ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით 2 თვის ასაკიდან, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, რომელიც ასე გამოიყურება
შენიშვნა: ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თუ აქამდე მხოლოდ 10, 11 და 12 წლის გოგონები იცრებოდნენ (როგორც ამ კალენდარშია), ახლა იცრებიან ამავე ასაკის ბიჭებიც.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია.
სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 15-დან 26 წლამდე ასაკის ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია.
სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას – კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვ. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი.
იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს ბავშვს, იგი იცავს თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის აცრა არასოდესაა ძალიან დაგვიანებული!
მაშინაც კი, თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისათვის, მაინც უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს ბავშვის იმუნიზაციის ჩატარების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია, ხოლო აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა.
არსებობს ვაქცინაციის დროებითი და მუდმივი უკუჩვენება, ასევე ცრუ უკუჩვენება. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის აცრის გადაწყვეტილებას იღებს ექიმი და არა მშობელი.
იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი გზავნილებია:
აცერი და დაიცავი.
ნინო ბუხნიკაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი