კლიმატის ცვლილებამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. მოულოდნელი არამდგრადი ამინდები უარყოფითად აისახება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია კლიმატის ცვლილება?
– მოსახლეობამ და ხელისუფლებამ – ადგილობრივმა და ცენტრალურმა – რა შეიძლება რომ გააკეთოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად? – ამ შეკითხვებით მივმართეთ იმ სპეციალისტებს, რომელთაც საინტერესო ანალიზისა და სასარგებლო რჩევების მოცემა შეუძლიათ.
ლია რამინიშვილი, ქიმიკოსი: – კლიმატის ცვლილებას წლების განმავლობაში იწვევს გარემოს – ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება. ეს ადამიანის დაუდევრობის შედეგი გახლავთ.
დაბინძურებასთან დაკავშირებით რა შეიძლება რომ თითოეულმა ადამიანმა გააკეთოს – მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და არ დაანაგვიანოს გარემო განსაკუთრებით იმ ნივთიერებებით, რომელთა მინერალიზაცია გარემოში არ ხდება.
ესენია პოლიმერული მასალები – პლასტმასები, ცელოფნები და ა. შ. გარდა ამისა, უხვად გვიწევს შხამქიმიკატების გამოყენება კონკრეტული მწერის ან მავნებლის წინააღმდეგ, მაგრამ ის საბოლოოდ ნიადაგში, იქედან კი წყალში ხვდება. დღევანდელ დღეს ჰიგიენის ძალიან ბევრი სინთეზური საშუალებები გვაქვს – სარეცხის ფხვნილები, საპნები, შამპუნები, ათასგვარი სითხეები სააბაზანოსა თუ სამზარეულოში.
ეს ყველაფერი საკანალიზაციო არხებიდან წყალში ხვდება და საბოლოოდ ზღვებში გროვდება. ცალკე წყალი ბინძურდება და მშვიდად ვიქნები, ან მარტო ნიადაგი ბინძურდება და არა უშავს, – ასე არ არის. ეს სამივე – ნიადაგი, ჰაერი და წყალი, ერთ-ერთის დაბინძურების შემთხვევაში, ერთანირად ბინძურდება.
ამიტომ ადამიანებმა ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ და უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების წესები. ხშირად მეკითხებიან სკოლაში, აი, ქიმია რაში დამჭირდება, მასწავლებელო? აი, იმაში დასჭირდებათ ქიმია, რომ იცოდნენ მავნე ნივთიერებების სწორად გამოყენება, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, იმ დედამიწის დაცვა, რომელიც მათი დედ-მამის დანატოვარი არ არის.
უნდა გაითვალისწინონ, რომ გაუფრთხილდნენ ამ დედამიწას და დაუტოვონ მომავალ თაობებს. უნდა იცოდნენ მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფა. ასე ყველაფრის საკანალიზაციო არხში ჩასხმა არ შეიძლება.
მეორე, რაც შეიძლება გაკეთდეს, – ადამიანების მხრიდანაც და სახელმწიფომაც მიაქციოს ამას ყურადღება, – ეს არის გამონაბოლქვი აირების შემცირება. სატრანსპორტო საშუალებები ძალიან მომრავლდა. ამიტომ ჯობს იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ძალიან კარგია, რომ ევროპის ქვეყნებში შემორჩენილია ტრამვაი, ტროლეიბუსი, ელექტროტრანსპორტი, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. დიდ ქალაქებში ეს უნდა აღდგეს. გამონაბოლქვის აირებში ბევრი მძიმე ტოქსიკური ელემენტია, რომელიც ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ნაერთების სახით, – ყვავილებიდან, სუნელებიდან და სხვ. ეს კიდევ ცალკე საფრთხეა.
ყველაზე მთავარია, რომ თითოეულმა ადამიანმა წელიწადში ერთი ნერგი მაინც დავრგოთ. არ აქვს მნიშვნელობა, თავის ეზოში დარგავს, ტყის პირზე, თუ სხვაგან. ამას სახელმწიფომ უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა, რომ მცენარეები მასიურად დაირგოს.
ჩემს ბავშვობაში სკოლის მოსწავლეები მოლითსა და ზვარეში დავყავდით, ორმოებს ვთხრიდით, ფიჭვისა და ნაძვის ხეებს ვრგავდით. ამ საქმეს სათავეში სატყეო მეურნეობა ედგა. მასიური რგვა ბარაქიანია და ტყე ერთიანად განაშენიანდება.
კლიმატის ცვლილება მწვავე ნარგავებმა უნდა შეარბილოს. საწვავი უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა მუშავდებოდეს ტყვიის ეთილატით. ხარისხიანი ბენზინი ძვირადღირებულია და ხალხს მისი შეძენა უჭირს.
ამიტომ, საქართველოში, ძირითადად, ტყვიის ეთილატით დამუშავებული ბენზინი შემოაქვთ. ბევრ ქვეყანაში ბენზინი ძალიან ძვირია, სამაგიეროდ, ეკოლოგიურად შედარებით სუფთაა.
ეკა მესხი, გეოგრაფი: – კლიმატის ცვლილება ინდუსტრიის განვითარებამ განაპირობა. ინდუსტრიის განვითარებას მოჰყვა წარმოების გაფართოება. წარმოების გაფართოების გამო ნედლეულზე მოთხოვნა გაიზარდა, განსაკუთრებით, ენერგეტიკულ ნედლეულზე, რომელთა წვის შედეგად ატმოსფეროში ხვდება ძალიან ბევრი არასასურველი აირი. ამის გამო ატმოსფეროში ტემპერატურა მასიურად იმატებს და მსოფლიოში გლობალური დათბობა მივიღეთ.
ამას დაემატა გარემოს დაბინძურება. უნარჩენო წარმოებასა და მწვანე ეკონომიკაზე ფიქრს სანამ დავიწყებდით, მანამდე ნარჩენები ხომ ღია სივრცეში ხვდებოდა – მისი ჟანგვა-აღდგენითი პროცესი გარემოში მიმდინარეობდა და ჰაერი ბინძურდებოდა.
კლიმატის ცვლილების გამომწვევი შემდეგი ფაქტორია ტყის რესურსების გამოყენება. ურბანიზაციის განვითარებამ და ქალაქების განაშენიანებამ მწვანე საფარი შეამცირა. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა.
სტიქიურმა უბედურებებმა – ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში ფერფლისა და კვამლის მოხვედრამ, კლიმატის ცვლილებას ხელი შეუწყო. საწარმოები, უმეტეს შემთხვევაში, ფილტრებს არ იყენებენ იმიტომ, რომ ეს მათ ხარჯებს გაზრდის.
რა შეიძლება რომ ჩვენ – მოსახლეობამ გავაკეთოთ, – სანამ ხელისუფლებამდე მივალთ. სულ მომყავს ეს მაგალითი, – აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძალიან ლამაზი ლითონის მონუმენტებია. სინამდვილეში ის არის ნაგვის ურნები. ლითონის მონუმენტებთან ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს და გამიკვირდა, როცა მითხრეს, ეგ ნაგვის ურნააო, ისეთი სუფთა იყო.
საქართველოში ურნასთან ფოტოს გადაიღებ კი არა, ახლოს ვერ გაივლი. ბევრჯერ მინახავს ნაგვის ურნასთან ნარჩენებით სავსე პარკები, იმის ნაცვლად, რომ ეს ნარჩენები ურნაში ჩაეყარათ. ასე რომ, საკუთარ თავში სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გავაძლიეროთ.
ხელისუფლება ნარჩენების მართვაში უნდა დაგვეხმაროს. უნდა განათავსოს სპეციალური ურნები ცალკე პლასტმასის, ცალკე ლითონისა და ქაღალდის ნარჩენებისთვის. უამრავ რეკლამას ვხვდებით, რომ მაკულატურასა და პლასტმასის ნარჩენებს იბარებენ, მაგრამ ეს, უმეტეს შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში ნაკლებადაა.
მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების დანერგვა – მზის პანელებისა და ქარის ელექტროსადგურების სახით. ამ საქმეში, ვფიქრობ, სახელმწიფოც უნდა დაგვეხმაროს.
სოფელში ღია სივრცეშია ცხოველის ექსკრემენტები, რომლითაც შესაძლებელია მივიღოთ ბიოგაზი, ხოლო უკვე დამწვარი ექსკრემენტები სასუქია. აი, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და მსგავსი დანადგარების შეძენა-განთავსებაში მოგვეხმაროს.
ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, სისუფთავესა და რესურსების სწორად გამოყენებაზე ვიზრუნოთ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მოსახლეობამ, კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან კლიმატის ცვლილების შეჩერება წარმოუდგენელია.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„კლიმატის ცვლილების პირობებში ფერმერს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, როგორ მოუაროს მეურნეობას“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი