საქართველოს მასშტაბით, 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გარემოსა და კლიმატის საკითხებზე ცოდნის, აღქმის, დამოკიდებულების, ქცევის და სასურველი პოლიტიკის შესახებ.
კვლევა ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის დაკვეთით და 200-გვერდიანი ნაშრომის სახით გამოიცა. გთავაზობთ რამდენიმე მიგნებას კვლევის შედეგებიდან:
– უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 70% და არაუმაღლესი განათლების მქონე პირთა 58% აცნობიერებს მოსახლეობის უარყოფით როლს კლიმატისთვის ზიანის მიყენების კუთხით;
– კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ხილული გახდა, ბუნებრივი კატასტროფებია (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი და ა. შ.). ამასთან, 91%-მა მიუთითა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტებზე;
– კლიმატის ცვლილების თანმხლები პროცესები უფრო მეტად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის არის შესამჩნევი, ვიდრე თბილისის მაცხოვრებლებისთვის; რასაც გარკვეულწილად მოსახლეობის ცხოვრების სტილიც განაპირობებს. კერძოდ, რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად არის დაკავებული აგრარული საქმიანობით (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ა. შ.) და ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გახშირებული გვალვები და ცხოველებისა და მცენარეების დაავადებების ზრდა, პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე;
– კვლევაში მონაწილე ადამიანები საკუთარ ნეგატიურ წვლილს კლიმატის ცვლილების პროცესში ყველაზე ხშირად ისეთი ქცევებით ხსნიან, როგორიცაა ენერგიის ჭარბი მოხმარება, ნარჩენების წარმოქმნა და საკუთარი მანქანით გადაადგილება.
– ანალოგიური კვლევა ჩატარდა 2022 წელსაც. 2023 წლის კვლევის შედეგებით, წინა წელთან შედარებით, 18-24 წლის რესპონდენტებს შორის შემცირებულია ისეთთა წილი, რომლებიც ჭარბ ენერგიას მოიხმარენ, ან საკუთარი მანქანით გადაადგილდებიან.
– კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ყველაზე დიდ სირთულედ ელექტროენერგიისა და სათბობი საწვავის დაზოგვა გამოიკვეთა. ასევე, სოფლის მაცხოვრებლებს უფრო რთულად წარმოუდგენიათ საკუთარი ავტომობილის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.
– გამოკითხულთა შორის 77% მიიჩნევს, რომ ადამიანები ძალზე უდიერად ეპყრობიან გარემოს და ბუნებას, 74% კი დასძენს, რომ მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები უნდა უზრუნველყოს იმ ბიზნესსაქმიანობისთვის, რომელიც ეკოლოგიაზე არ ზრუნავს და ეკოლოგიურ საფრთხეებს არ ითვალისწინებს.
სტატია მომზადებულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
აღნიშნულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლებელია, არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია გაიმართა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი