ხარაგაულში ფოტო-ვიდეო სალონის შექმნის იდეა მარიკა ხარატიშვილსა და მის მეუღლეს, გივი კურტანიძეს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როცა მათი შვილი ერეკლე საბავშვო ბაღის პროექტში „ჩემი ოჯახი“ ჩაერთო. მაშინ ოჯახის წევრების ფოტოები ხარაგაულში ვერსად დაბეჭდეს და ადრინდელი ფოტოები გამოიყენეს.
„ფოტოების გადაღება ყოველთვის გვიყვარდა, – იხსენებს მარიკა, – თუმცა დასაბეჭდად თბილისში უნდა წაგვეღო. ერთ დღესაც ვთქვით, – რატომ არ შეიძლება, რომ ფოტოები ჩვენ თვითონ დავბეჭდოთ?!.
2017 წელს დავწერეთ პროექტი და დასაფინანსებლად წარვადგინეთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ერთადერთები ვიყავით კონკურსანტებს შორის, ვისაც ფოტო-სალონის გაკეთება სურდა. თითქმის ყველა განაცხადი სკამების საამქროსა და სამკერვალოს მოწყობას ითვალისწინებდა. დაგვაფინანსეს, ფოტოაპარატი და კომპიუტერი შევიძინეთ. არაფერი ვიცოდი ფოტოების ბეჭდვის შესახებ, ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლეთ. ვფიქრობდით, – თუ გამოვა, კარგია; თუ არა და, ეს ნივთები მაინც დაგვრჩება. გამოვიდა და ეს საქმე ისე შეგვიყვარდა, რომ მეორე წელს ახალი პროექტი დავწერეთ.
„აწარმოე საქართველოში“ განმეორებით რადგან ჩავერთეთ, 50%-იანი თანადაფინანსება მოგვთხოვეს. ამიტომ განაცხადი პატარა თანხაზე გავაკეთეთ. ისევ დაგვიჭირეს მხარი და ჭიქებსა და მაისურებზე ბეჭდვა დავიწყეთ. ეს ჩვენი ბიზნესისთვის ერთგვარი მამოძრავებელი გახდა. მას შემდეგ ჩვენს მომსახურებას სიახლეებს ვამატებთ, ჩვენ თვითონ ვიგონებთ და ნელ-ნელა ვნერგავთ. ეს ერთგვარი საოჯახო ბიზნესია, რომელიც ვერ გაგამდიდრებს, მაგრამ ისეთი სიამოვნებაა, რაღაცას რომ აკეთებ შენი ხელით, რაღაცას ქმნი ხარაგაულისა და ხარაგაულელებისთვის, – ეს საქმე ჩვენთვის მართლაც შვილივით საყვარელია“.
მარიკა ხარატიშვილი თვლის, – რომ არა სამეწარმეო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ამ ბიზნესის წამოწყება ძალიან გაუჭირდებოდათ. მისი აზრით, ხარაგაულში არავის აქვს ბიზნესის დასაწყებად საწყისი კაპიტალი. ამასთან ერთად, ფიქრობენ, – გამოვა თუ არა ეს საქმე და გარკვეულწილად, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
„სამეწარმეო საქმე ყველამ არ იცის. პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ბუღალტერია მასწავლეს. ახლა მე თვითონ ვაკეთებ დეკლარაციებს, ხელშეკრულებებსა და სხვა საბუღალტრო საქმეს. ჩართული ვიყავი „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ ტრენინგებში, სადაც პროექტის წერა, მარკეტინგი და რეკლამირება მასწავლეს და დიდი გამოცდილება გამიზიარეს. სახლიდან ვმუშაობთ, მიწოდებასაც ვახერხებთ, კლიენტებთან შეთანხმებით.
ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული; მაგალითად, ტექნიკას მუდმივად განახლება სჭირდება; უკეთესი შესაძლებლობების გამოდის და იმდენად ძვირია, რომ დამოუკიდებლად, მხოლოდ ბიზნესის შემოსავლით, ვერ შეიძენ. შარშანაც წარვადგინეთ პროექტი „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ ვერ დაფინანსდა. მაინც არ ვნებდებით და ყოველწლიურად ვწერთ. ყველგან, სადაც პროექტი შეგვაქვს, გვეუბნებიან, რომ ხარაგაულს გავცდეთ და მომსახურების არეალი გავზარდოთ. მე ვეუბნები, რომ ჯერ ხარაგაული უნდა დავფაროთ სრულად. მსგავსი მომსახურება შეიძლება ზესტაფონშიც არის, გორშიც და თელავშიც, მე აქაურობას უფრო ვჭირდები.
პროექტს როცა ვწერთ, ყველგან ვუთითებთ ხარაგაულს; გვთხოვენ მოსახლეობის რაოდენობასა და შემოსავალს; შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ ძალიან ცოტა მომხმარებელია და შემოსავალიც შესაბამისად მცირეა.
მხოლოდ ამ საქმით რომ ვიყო დაკავებული, მაშინ წავალ და გადავიღებ ქორწილს თბილისში; თანაც, სხვა ქალაქებში რომ გავიდე, აპარატურაც უკეთესი უნდა გვქონდეს და ცოდნაც, – სპეციალური. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქებში ქორწილის ფოტო-ვიდეო მომსახურება 1500-2000 ლარი ღირს, მაგრამ ხარაგაულში ამხელა ფასს ვერ დაადებ, ვერ გადაიხდის ადამიანი, მაქსიმუმ 400-500 ლარი აიღო ხარაგაულში. ვთვლი, რომ ჩვენი ფოტო-ვიდეო სალონით აქაურობას ვერგებით. რა მასშტაბი და მოთხოვნილებაც არის და რა ცოდნაც მაქვს, ხარაგაულს ვწვდები. სიამოვნებაა, როცა რაღაცას წამოიწყებ, ავითარებ და ამით სხვებსაც ახარებ. ხარაგაულში ამ საქმით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ დიდი სტიმულია ის, რომ რაღაც შეძელი და გააკეთე.
ყველას ვურჩევ, რომ შეიძლება კი მუშაობენ, მაგრამ სამსახურის გარდა კიდევ რაღაც აკეთონ. დიდი განტვირთვაა, როცა შენი საქმით სხვებს ახარებ და აბედნიერებ; თანაც, საკუთარი შრომით, გამოიმუშავებ თანხას, – შესაძლოა მცირეს, – თუმცა, საქმით, რომელიც ძალიან გვიყვარს“ – ამბობს მარიკა ხარატიშვილი.
ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ:
– ალბომების დამზადება;
– სასაჩუქრე ღვინო ბოთლებში;
– ბრენდირებული მაღალი ხარისხის ღვინო სასურველი წარწერით;
– დიდი სასაჩუქრე ნაკრები;
– დევის მინიატურული ქანდაკება;
– თეფშებზე, მათარაზე, მაისურებსა და ჩანთებზე ბეჭდვა (მომსახურების ფასი 25 ლარიდან იწყება);
– საათის ფირფიტაზე ბეჭდვა – 15 ლარი;
– ჭიქასა და ყულაბაზე ბეჭდვა – 12 ლარი;
– მცირე სასაჩუქრე ნაკრების, ბრენდირებული მინიატურული ბოთლების შეძენა და სიგელების დამზადება – 10 ლარიდან შეიძლება;
– გასაღებების საკიდებზე და მაცივრის მაგნიტებზე ბეჭდვა, კალენდრების დამზადების ღირებულება 5 ლარიდან იწყება.
– მაღალი ხარისხის ფოტოების ბეჭდვა – ფასი 0.6 ლარიდან;
– მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღება მონტაჟით, – ფასი შეთანხმებით.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი