„საუკუნის მშენებლობად“ წოდებულმა რიკოთის ავტობანმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები – ხუნევი და გედსამანია გარესამყაროს მოწყვიტა.
ამ სოფლებში მცხოვრები და აქ ჩამომსვლელი მოქალაქეებისთვის, ერთი წელია, მგზავრობა ყველაზე დიდი პრობლემაა.
ავტობანზე ამ სოფლებიდან უახლოესი ასასვლელ-ჩამოსასვლელი ვერტყვიჭალაშია. ხუნევიდან ვერტყვიჭალამდე სამი, ხოლო გედსამანიიდან – შვიდი კილომეტრია.
„ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი, რა სირთულეების წინაშე ვართ, – ამბობს ხუნევის სკოლის დირექტორი, სოფელ გედსამანიაში მცხოვრები გოჩა ჩადუნელი, – ასეთ განუკითხაობას არ მოველოდით. მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მეხუთე თვეა დაინიშნა, მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ეს ტრანსპორტი დღეში ორჯერ მოძრაობს და მგზავრებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ემსახურება. მოსახლეობას ბაზარში წასვლა და სხვა საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება. ნათესავი, სტუმარი მოგიდის.
ხშირად ღამის 2-3 საათზე ჩემთვის ხუნევლებსა და გედსამანიელებს დაურეკავთ, – ვერტყვიჭალაში ჩამოვედი და იქნებ მიშველო, სახლამდე მიმიყვანოო. რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. საქმეზე წასულებს ტრანსპორტირებაში დიდი დრო გვეხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გვპირდება, რომ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 2024 წლის იანვრიდან საღამოს საათებშიც იმოძრავებს“.
გოჩა ჩადუნელს, თანასოფლელთა მსგავსად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტობანის გარეშე დარჩებოდნენ, არ ჰქონდა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხუნევ-გედსამანიის მოსახლეობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ ხუნევში, სასაუზმე „ღრომეთთან“ შესაძლებელია, რომ ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი მოეწყოს, ხიდზე ერთი ბურჯის დამატებით.
გოჩა ჩადუნელი იხსენებს, რომ ამ ზაფხულს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები (თავმჯდომარე და მისი მოადგილე) ხუნევში მოსახლეობას შეხვდნენ.
„საუბარია ავტობანზე ასასვლელად ალტერნატიულ გზაზე, რომელიც ნადაბურის გადასახვევიდან ხუნევამდე უნდა აშენდეს. გვითხრეს, რომ საამისოდ თანხაც აქვთ; მთავარია, ნიადაგი იყოს მდგრადი და გეოლოგებმა ახალი გზის მშენებლობაზე ნებართვა მოგვცენო. ამიტომ მთლად უიმედოდ არ ვართ. თუმცა, ეს როდის განხორციელდება, არ ვიცით“.
სოფელ უბისაში მცხოვრები ნინო ჭუბაბრია მცირეწლოვან შვილთან ერთად ხუნევში ყოველ სამუშაო დღეს დადის. ის ხუნევის საბავშვო ბაღის გამგეა. დილით სამსახურში მუნიციპალური ტრანსპორტით მოსულმა აღარ იცის, საღამოს სახლში რა დროს დაბრუნდება. მუნიციპალური ტრანსპორტი 15:00 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს.
„საბავშვო ბაღში მუშაობას საღამოს ექვს საათზე ვამთავრებთ, – ამბობს ნინო ჭუბაბრია, – ხუნევიდან ვერტყვიჭალამდე რას გავყვები, არ ვიცი. შემდეგ, ვერტყვიჭალაში ავტობანიდან მომავალ ტრანსპორტს უნდა დაველოდო, უბისაში რომ ჩავიდე.
თბილისიდან მომავალი მიკროავტობუსის მძღოლები ახლო მანძილზე მგზავრის გადაყვანას ხშირად თავს არიდებენ. თუ ნაცნობი მძღოლი არ არის, არ გააჩერებს. გზაზე ხანგრძლივად დგომა და ლოდინი მიწევს.
ამ წუთას გამოსავალს, სანამ ალტერნატიული, ხუნევიდან ავტობანზე ასასვლელი გზა აშენდება, მუნიციპალური ტრანსპორტის საღამოს რეისის დამატებაში ვხედავ. საღამოს საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რესტორანში და ავტობანზე დასაქმებულები, ასევე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა უნდა მოგვიგვაროს“.
„ნებისმიერ დროს შეგვეძლო ხუნევიდან ჩვენთვის საჭირო ადგილამდე ადვილად გვემგზავრა, – ამბობს ხუნევში მცხოვრები ირმა მუმლაძე, – ავტობანის მიღმა დავრჩით და ჩვენთვის ცხოვრება გართულდა.
სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის, ვისაც დღის მეორე ნახევარში გადაადგილება გვიწევს, ეს ტრანსპორტი მოუხერხებელია.
გვიხარია, ვინმე მადლიანი თუ გაგვიჩერებს მანქანას და ავტობანზე აგვიყვანს. სოფელში ტაქსიც კი არ არის, რომ დაიქირავო. განსაკუთრებით ვწვალობთ შაბათ-კვირას, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ძნელია, ტვირთით საათობით იდგე გზაზე და სახლში რა დროს დაბრუნდები, არ იცოდე“.
უგზოდ დარჩენილი სოფლებიდან მიგრაციის გაზრდაზე საუბრობს ჯამბულ ლომიძე. ის საჭიროდ თვლის, რომ ავტობანზე ხუნევიდან ასასვლელ-ჩამოსასვლელი აუცილებლად უნდა მოეწყოს.
„ჩვენ ჩიხში დავრჩით, – ამბობს ჯამბულ ლომიძე, – ახალგაზრდებით დასახლებული ორი დიდი სოფელი – ხუნევი და გედსამანია სერიოზული პრობლემების წინაშეა.
ნუ გაგვხდიან იძულებულს, რომ სოფლები დაიცალოს. საკუთარი ავტომანქანა ყველას ხომ არ ჰყავს?! ავტობანი ყველასთვის სასიკეთოა – სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის, მაგრამ ჩვენ თუ დაგვაზარალა, რად გვინდა. თხოვნაა, ეს გაითვალისწინონ“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებიდან და საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვპასუხობენ, რომ ამ საკითხებს სწავლობენ და კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, არ აქვთ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხუნეველი გარე მოვაჭრეების „გაყინული“ ბიზნესი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარესამყაროს მოვწყდით, შველა გვჭირდება, – წუხს რიკოთის ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი