მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, დღეს, 26 ოქტომბერს, ხარაგაულის სახალხო თეატრმა სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ სპეციალურად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებისთვის გამართა.

სპექტაკლი მწერალ დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.

„დოდოს მოლოდინში“ მოგვითხრობს საბერძნეთში სამუშაოდ მყოფ ქალებზე, რომლებიც მძიმე შრომით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ; ასევე რთულია საქართველოში დარჩენილი იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც მეუღლეებისა და დედების გარეშე ცხოვრობენ.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი.

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ირინე ჩხეიძე, მხატვარი – გაიოზ შუბითიძე, ქორეოგრაფი -ზაზა ლურსმანაშვილი, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე და ზაზა ტაბატაძე.

სპექტაკლის შემდეგ მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ემიგრაცია დღეს საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახის პრობლემაა. ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობებმა მაღალი დონის მსახიობური ოსტატობით შეძლეს ეს სატკივარი თითოეული მაყურებლის გულამდე მიეტანათ.

პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს, რომ „დოდოს მოლოდინში“ სპეციალურად უფროსკლასელებისთვისაც გაიმართოს. ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ხარაგაულელი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ სიამოვნებით ითამაშებენ.

ხარაგაულის სახალხო თეატრი 2023 წელს ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“ სწორედ ამ სპექტაკლით წარსდგა და გაიმარჯვა ორ ნომინაციაში – „საუკეთესო რეჟისურა“, ხოლო თავად ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.