აგროოლიმპიადა საქართველოში, უკვე მესამე წელია, ტარდება და აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ არაფორმალურ პლატფორმას წარმოადგენს.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, აგრარული დარგის და პროფესიების პოპულარიზაციას, აგრარული განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დაინტერესებას და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით.

ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ყველა მსურველს შეუძლია. ოლიმპიადა ოთხ კატეგორიაში ტარდება:

სპეციალისტი/მკვლევარი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში ან/და ეწევა კვლევით საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში (მათ შორის, მაგისტრანტი, დოქტორანტი).

სტუდენტი – პირი, რომელიც იღებს განათლებას სოფლის მეურნეობის დარგში და აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტის, ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი რეგისტრაციის მომენტში;

ფერმერი – პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში და ეწევა ფერმერულ საქმიანობას;

მოსწავლე – 12-დან 18 წლამდე ასაკის, საჯარო ან კერძო საშუალო სკოლის მოსწავლე.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფციისა და პლატფორმის ავტორია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. უკვე მესამე წელია, აგროოლიმპიადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება.

გასული ორი წლის (2021 – 2022) განმავლობაში, ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000-მდე კონკურსანტმა მიიღო და 70 გამარჯვებული გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, პირველი აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებული, ფერმერთა კატეგორიაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საშიკო ხიჯაკაძე გახდა.

მანვე, „აგროოლიმპიადა – 2022“-ის ფერმერთა კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა. 

2023 წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 30 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება ტესტირების პირველი ტური (ონლაინ ფორმატში). მეორე ტურის ჩატარება დაგეგმილია 6 ნოემბერს თბილისსა და ქუთაისში.

მეორე ტურის ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები. თითოეულ დარგში, მითითებული კატეგორიის (სპეციალისტი/მკვლევარი; სტუდენტი; ფერმერი; მოსწავლე) შესაბამისად, გამოვლინდება სამი (I; II; III ადგილი) გამარჯვებული მონაწილე.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება 2023 წლის 22 ნოემბერს, მასშტაბურ ღონისძიებაზე შედგება. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ჯილდოები და სპეციალური პრიზები ღონისძიების სპონსორებისგან.

აგროოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.agroolimpiada.ge/ და ფეისბუკის გვერდს  https://www.facebook.com/NAOGEORGIA.