სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია – გამოწვევების დაძლევისა და სასურველი პროფესიის დაუფლების წლები. ასე ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები – ლიზი ავალიშვილი, გიგა ბერაძე, ქეთევან მანჯავიძე, ნია ფოფხაძე, ნინო ქალდანი, არმაზი შავიძე.
ლიზი, გიგა, ნია, ნინო და არმაზი იმ ათას პირველკურსელს შორის არიან, რომელთაც ეროვნული გამოცდების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის 100%-იანი გრანტი მოიპოვეს, ქეთევანმა კი 70%-იანი დაფინანსება მიიღო.
პირველკურსელებს სტუდენტობასთან დაკავშირებული ემოციების, სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების შესახებ ვესაუბრეთ. ექვსივე მათგანის მიზანია, რომ სტუდენტობის პერიოდში უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების გაცვლით პროგრამებში ჩაერთონ, მაგისტრატურაში კი აუცილებლად საზღვარგართ სწავლა სურთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპაში მეტი შესაძლებლობა და პირობებია, საუკეთესო სპეციალისტები გახდნენ, დასაქმდნენ და ღირსეულად იცხოვრონ.
ხარაგაულელი პირველკურსელები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ზოგიერთი საგნის სასკოლო პროგრამა და ეროვნული გამოცდების საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ არის – უმეტესად, ტექნიკური საგნების ღია ამოცანები. ამიტომ ამ საგნებში დამატებით მეცადინეობებს აუცილებლად მიიჩნევენ.
ლიზი ავალიშვილი ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
– ძალიან ამაღელვა იმის გაგებამ, რომ 100%-იანი გრანტი მოვიპოვე, – ამბობს ლიზი, – მაშინვე მშობლებს დავურეკე. მათ მითხრეს, რომ ჩემი შედეგით ძალიან ამაყობენ. ჩემი წარმატება, პირველ რიგში, ბორის სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. მეც მაქსიმალურად ვშრომობდი, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი.
ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში თარჯიმნად დავსაქმდი. ვნახოთ, სტუდენტობას და სამსახურს ერთმანეთს როგორ შევუთავსებ.
მომავალი ოთხი წელი, ვფიქრობ, რთული და საინტერესო იქნება – ახალი გარემო, ახალი ადამიანები. ჩემი მიზანია, პროგრამისტი გავხდე. ეს პროფესია უფრო იმიტომაც ავირჩიე, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მუშაობას შევძლებ.
ბორის სკოლის კურსდამთავრებული გიგა ბერაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
– საოცარი ემოცია იყო, სასურველ ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით რომ ჩავირიცხე, – ამბობს გიგა, – მამაჩემი, რომელიც ახლა ამერიკაში იმყოფება, ყველაზე მეტად ნერვიულობდა. საბოლოო შედეგები რომ გამოქვეყნდა, ამერიკაში ღამე იყო, მაგრამ არ ეძინა და პასუხს ელოდებოდა. ბედნიერი ვარ, ოჯახის წევრების მოლოდინები რომ გავამართლე. ისინი აბიტურიენტობის დროს მამხნევებდნენ და მშვიდ გარემოს მიქმნიდნენ.
სკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეროვნული გამოცდების ბევრი საკითხი სკოლაში არ ისწავლება და რეპეტიტორთან მომზადება გვჭირდება. მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოში პარაბოლური ამოცანები საერთოდ არ გვხდება.
მომავალი ოთხი წელი ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნება. დიდი მოლოდინები მაქვს. მათემატიკა მიყვარს ძალიან. საერთოდ, პრობლემების გადაჭრის შედეგად მიღებული შედეგი სიამოვნებას მანიჭებს.
აბიტურიენტობისას დროს ისე ვანაწილებდი, რომ ღამე არასდროს გამითენებია. სისტემატური მუშაობითა და მეცადინეობით, ინტერესითა და სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა. თითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობები იმაზე მეტად დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ლანგრით არავინ არაფერს მოგვართმევს, შედეგის მისაღწევად შრომაა საჭირო.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებული ქეთევან მანჯავიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ქეთევანი, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფო გრანტს მოიპოვებდა.
– აბიტურიენტობისას საკუთარ თავს ხელს თავად ვუწყობდი, – ამბობს ქეთევანი, – მშვიდად ვმეცადინეობდი და დროს ზუსტად ვანაწილებდი. სკოლამ კარგი საფუძველი მომცა, რომ იქ მიღებული ცოდნა რეპეტიტორებთან გამემყარებინა. ვფიქრობ, სკოლაში თორმეტი წლის განმავლობაში სისტემატური სწავლით შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში რეპეტიტორთან მეცადინეობის გარეშე ჩაირიცხო. მთავარია, დისციპლინა და მოტივაცია. საკუთარ თავში უნდა გამოძებნო ძალა, საგამოცდო საკითხებს ჩაუჯდე და დამოუკიდებლად იმეცადინო.
ნია ფოფხაძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ნია ამბობს, რომ აბიტურიენტობისას გადაიღალა, ძალიან ნერვიულობდა და ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა, რომ სტუდენტი ვერ გახდებოდა.
– სტრესულ მდგომარეობაში მყოფს დედა და ძმა მამხნევებდნენ, – ამბობს ნია ფოფხაძე, – საკმარისად შრომობო, – მეუბნებოდნენ. ვიცი, ახლა რასაც განიცდიან მომავალი აბიტურიენტები. ამიტომ მინდა მათ ვუთხრა, – მთავარია, არ ინერვიულონ. მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწევენ. სტუდენტები თუ ვერ გახდებიან, გული არ დაიწყვიტონ. ცხოვრება საინტერესო სიურპრიზებითაა სავსე და უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.
ნინო ქალდანი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში თბილისის #51 სკოლიდან გადმოვიდა. ის მიიჩნევს, რომ ხარაგაულში საუკეთესო სკოლაში სწავლობდა, – მაღალი დონის მასწავლებლები და ერთგული მეგობრები ჰყავდა. ეს კი მას მოტივაციას უძლიერებდა.
– მომავალ პროფესიად, დედაჩემის გავლენით, ფსიქოლოგობა ავირჩიე, – ამბობს ნინო, – ძალიან ბედნიერი ვარ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ვისწავლი. ფსიქოლოგობა ძალიან საინტერესო პროფესიაა.
ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით. რეპეტიტორთან მეცადინეობა კი გვეხმარება, ეროვნული გამოცდების საკითხებზე მეტი ვიმუშაოთ. ახლა ჩემი მიზანია, უნივერსიტეტში კარგად ვისწავლო და სტიპენდია მოვიპოვო. ვფიქრობ, სწავლას და გართობას ერთმანეთს შევუთავსებ. უფროსი მეგობრებისგან მსმენია, სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდიაო. მეც სწავლას ძლიერი მოტივაციით შევუდგები.
„შეუძლებელია, რეპეტიტორებთან ერთწლიანი მომზადებით შეძლო იმ ცოდნის მიღება, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საჭიროა“, – ამბობს არმაზ შავიძე, – ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებული. ის ფიქრობს, რომ სკოლაში სისტემატური მეცადინეობაა გადამწყვეტი. არმაზი ყველა მასწავლებელს მადლობას უხდის და გვპირდება, რომ ხარაგაული მისით იამაყებს.
– ჟურნალისტობა მეოთხე კლასიდან მტკიცედ გადავწყვიტე, – ამბობს არმაზ შავიძე, – უბედნიერესი ადამიანი ვარ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე. ბავშვობიდან სულ საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებდი. ვთვლი, რომ ჟურნალისტობა ჩემი პროფესიაა. დიდი და საინტერესო გამოცდილება შევიძინე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებულ ჟურნალისტთა სკოლაში „იმედი ხვალის“.
მომავალი ოთხი წელი, ვფიქრობ, ძალიან დატვირთული იქნება. პროფესიონალი ჟურნალისტი მინდა გავხდე და ტელევიზიაში პოლიტიკური გადაცემა წავიყვანო. საუთარ თავს ტელევიზიის ნიუსრუმში ვხედავ.
ადამიანი, თუ მიზანს დაისახავ და ნაბიჯ-ნაბიჯ მის მისაღწევად იშრომებ, აუცილებლად გაგიმართლებს. გამოწვევებით სავსე წლები იწყება. ყველა სტუდენტს წარმატებებს ვუსურვებ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.