31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის ოფიციალური ნებართვის არქონის მიუხედავად, შეხვედრები დაიწყო ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

ამ თემასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განმარტებას, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:

ქვეყანაში როცა პოლიტიკური კრიზისია, ხალხის ინტერესი კონსტიტუციის მიმართ იზრდება. ასე დროს ვცდილობ ხოლმე, ეს გაზრდილი ინტერესი უზენაესი კანონის შესახებ ცოდნის გაზრდის სამსახურშიც ჩავაყენო.

სტუდენტებთან იმპიჩმენტის შესახებ როდესაც ვლაპარაკობ, ყოველთვის ვეუბნები, რომ მას აქვს ორი განზომილება:

  1. სამართლებრივი განზომილება;
  2. პოლიტიკური განზომილება.

სამწუხაროდ, ტრადიციულ სამართალს, მხოლოდ პირველი ანტერესებთ ხოლმე და მას ხედავს: „კონსტიტუცია დაირღვა? მაშინ რაღაა სალაპარაკო?! საკითხი ამოწურულია!“

ამის გამო ფართო საზოგადოებაშიც ასე აღიქვამენ ამ პროცესს. პოლიტიკოსებიც კი სამართლებრივი განზომილების ამოწურვის შემდეგ უარს ამბობენ მსჯელობის გაგრძელებაზე, – თითქოს ყველაფერი ნათელია. არადა, არაფერი არ არის ნათელი. პირიქით, ყველაფერი ძალიან ბუნდოვანდება და ამ ბუნდოვანების გასაფანტად პოლიტიკურ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ.

თუმცა იქამდე, უნდა აღვწეროთ თავად იმპიჩმენტის პროცედურა (მასში ბევრი დეტალია, ამიტომ მხოლოდ სქემას გთავაზობთ):

  1. საკითხის აღძვრა – მინიმუმ 50 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს ბრალდებას პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე;
  2. საკონსტიტუციო განხილვა – საკონსტიტუციო სასამართლო პასუხობს კითხვას: კონკრეტული ქმედებით დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია?
    – უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პროცესი წყდება;
    – დადებითი პასუხის შემთხვევაში პროცესი ბრუნდება პარლამენტში.
  3. საპარლამენტო განხილვა – პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტს. პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს 100 დეპუტატი მაინც.

როგორც ხედავთ, თავად იმპიჩმენტის პროცედურა განაცალკევებს ერთმანეთისგან ზემოთ აღნიშნულ ორ საკითხს, – სამართლებრივ და პოლიტიკურ კითხვებს.

ჩვენი უზენაესი კანონის მიხედვით, პირველს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უპასუხოს. მან უნდა გადაწყვიტოს, სახელმწიფოს მეთაურის ქმედებით დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. თუმცა, ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემდეგ საქმეში საკანონმდებლო ორგანო ერთვება, რომელიც პოლიტიკურ კითხვას პასუხობს: „კი, კონსტიტუცია დაირღვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა გადავაყენოთ თუ არა პრეზიდენტი?“

საკითხი რომ მხოლოდ სამართლებრივი იყოს, პარლამენტის ჩართულობა საჭირო აღარ იქნებოდა.

საკანონმდებლო ორგანო იმას კი არ აფასებს, სასამართლომ კონსტიტუცია რამდენად სწორად განმარტა და რამდენად მართებულია პრეზიდენტის ქმედებაში უზენაესი კანონის დარღვევის ამოკითხვა – ეს საკითხი უკვე გადაწვეტილია (საკონსტიტუციოს პასუხი საბოლოო პოზიციაა. მას ვერავინ გადასინჯავს. ის არის საბოლოო ინსტანცია, ვისაც ქმედების კონსტიტუციურობაზე გადაწვეტილება გამოაქვს), – არამედ იმას, პოლიტიკურად რამდენად გონივრულია, რამდენად გამართლებულია მოცემულ სიტუაციაში, ამ დარღვევის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

ბევრი ვარიანტი არსებობს, რატომ შეიძლება არ გადააყენოს კონსტიტუციის დამრღვევად ცნობილი ქვეყნის პირველი პირი უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ – საერთოდაც, მას ამ პრობლემის გადაწვეტის საქმეში უზენაესი კანონი არგუმენტებს არ სთხოვს – მაგრამ კონსტიტუციის მიღმა, პოლიტიკურ პროცესში ეს არგუმენტები შეიძლება იყოს: მაგ.: დარღვევა უმნიშვნელოა, ან თავისთავად დარღვევა უმნიშვნელო არ არის, მაგრამ პარლამენტი თვლის, რომ საერთო ჯამში პოლიტიკური სარგებლის მომტანია.

კითხვაზე: პარიზში და ბრიუსელში შეხვედრებზე მთავრობის თანხმობის არქონის მიუხედავად ვიზიტის გამო იმსახურებდა თუ არა შარშან პრეზიდენტი იმპიჩმენტს?

ასეთი პასუხი მაქვს: მე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვიყო, უყოყმანოდ მოვაწერდი ხელს გადაწვეტილებას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადებდა; მაგრამ მე რომ დეპუტატი ვიყო, კენჭისყრისას ასევე უყოყმანოდ დავაჭერდი ხელს იმ ღილაკს, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს წინ აღუდგებოდა.

ამ მაგალითში ერთგვარ პარადოქსთანაც კი გვაქვს საქმე, რომელიც კარგად გვაჩვენებს იმპიჩმენტის პროცესში სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს შორის დაძაბულობას.

ამგვარად, პროცესები ხანდახან იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ოღონდ რთულია, მათი მრავალგანზომილებიანობის გამო, თორემ ცალ-ცალკე თითოეულ ამ განზომილებაში გადაწყვეტილება შეიძლება არც იყოს მაინდამაინც ძნელი.

თუ ამას დავინახავთ, არც ის დაგვჭირდება, რომ პრეზიდენტის ცალსახად არაკონსტიტუციური ქმედება კონსტიტუციის შესაბამისად გამოვაცხადოთ, და არც ის, რომ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ პასუხისგების იქეთაც გავიხედოთ.

მესმის, ჩვენ შეჩვეული ვართ ფორმულას: არის დანაშაული – არის სასჯელი! მაგრამ სამართალი არ არის იზოლირებული სფერო, ის უშვებს პოლიტიკურ პასუხებს, იურიდიულ ფენომენებზე, მითუმეტეს კონსტიტუციური სამართალი, რომლის სინონიმადაც ტერმინ „პოლიტიკურ სამართალს“ ვიყენებთ.

წყარო