
„ეს წიგნი არაა. ეს სიყვარულისა და მადლიერების უკიდეგანო გრძნობით შეკრული თაიგულია, რომელიც მინდა თქვენ მოგიძღვნათ ჩემო თბილო, ტკბილო და უსაყვარესო პიროვნებებო – ჩემო ლალიკო ბებო და ვალოდა ბაბუ!“ – ვკითხულობთ ანა რუხაძის ავტორობით გამოცემული წიგნის – „ჩემი ფესვები“ შესავალში.
17 წლის ანა რუხაძე იუზა (ვალოდა) კელენჯერიძისა და ლალი ალექსიძის შვილიშვილია. მისი ახლახან გამოცემული წიგნი ეძღვნება წინაპრების, – კელენჯერიძეების, დეკანოსიძეების, ალექსიძეების, მანჯავიძეების გვარების წარმომადგენელთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. წიგნში ფართო ადგილი უჭირავს იუზა კელენჯერიძისა და ლალი ალექსიძის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზასა და პროფესიულ საქმიანობას. წიგნში გამოქვეყნებულია სხვადასხვა დროს მათზე ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები, იუზა კელენჯერიძის, მისი დიდი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ხარაგაულელების გულთბილი წერილები, მოგონებები.
წიგნი „ჩემი ფესვები“ გამდიდრებულია წინაპრების სურათებით, ოჯახური ფოტოებით, კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების ამსახველი ილუსტრაციებით.
„ჩემო ლალიკო ბებო და ვალოდა ბაბუ, თქვენ ის ფესვმაგარი მუხები ხართ, რომლებიც პატივისცემითა და სიყვარულით დაკავშირებული ადამიანების – ერთი მხრივ – გრიგოლ კელენჯერიძისა და ფედოსი დეკანოსიძის, მეორე მხრივ – გიორგი ალექსიძისა და მარო მანჯავიძის ტრადიციულ კერებზე ამოიზარდეთ.
მე ვინა ვარ? მე ამ ფესვმაგარი მუხების საიმედო ყლორტი ვარ, რომელიც თქვენგან გამოსხივებული დიდი სითბოს ძალით ვიზრდები, ვღონიერდები და მაღლა-მაღლა მივიწევ…“ – წერს ანა რუხაძე.
ვულოცავთ ანას ორიგინალური იდეისა და გულწრფელი ჩანაფიქრის მაღალპროფესიულ დონეზე გადაწყვეტას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედ და ნიჭიერ ახალგაზრდას.
მკითხველს კი ვთავაზობთ ერთ-ერთ წერილს ანა რუხაძის წიგნიდან „ჩემი ფესვები.“
ჩემი მეგობარი იუზა
როდესაც ადამიანს ხვდები, გაქვს შეგრძნება, თუ ვინ არის იგი შენთვის, რა დამოკიდებულება გაქვს მასთან და რა გულით ხვდები მას. ჩემი ურთიერთობა იუზა კელენჯერიძესთან 50 წელი გრძელდება, რაც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემის, მონატრებისა და მეგობრობის ნათელი მაგალითია.
მაინც ვინ არის ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის იუზა კელენჯერიძე? პირველ რიგში, ღირსეული კოლეგა, მეგობარი, გვერდით მდგომი, ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მომფერებელი მართალი კაცი.
სტუდენტობის საუკეთესო წლები, „სამტრესტის“ სისტემაში ჩვენი პირველი ნათლობის, პროფესიის დაუფლების, წინსვლა-წარმატებების თანმიმდევრული ეტაპები სანიმუშო და ძალისმომცემი იყო ჩვენი მეგობრობისა. უწყებრივი საქმიანობისა და კოლეგიალურ ცხოვრებისეულ გზაზე დაგვრჩა საუკეთესო მოგონებები, კურიოზები, მტკივნეული, დაუვიწყარი მომენტებიც.
ჯერ იყო და ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი საერთო მეგობარი, ჩემი თანაკურსელი სოსო კიკნაძე, რომელიც „ზვარეს“ მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა, ღირსეული და სამაგალითო პიროვნება.
ამ უბედურებას მოჰყვა იმავე 1976 წელს, ხარაგაულის ხილის წვენების ქარხნის დირექტორის, ანზორ კიკნაძის ტრაგიკული გარდაცვალება, – კაცი ლეგენდა, – ყველასათვის ცნობილი, სახელოვანი ქართველი სპორტსმენი. ესეც ჩვენი საერთო გულისტკივილი და უდიდესი სევდა იყო.
„სამტრესტში“ საქმიანობის სანიმუშო წლები, საერთაშორისო დეგუსტაციები, საწარმოო დანიშნულების მრავალი ღონისძიება კოლეგიალური ურთიერთობების წარმატებულ მაგალითებად რჩება. საუკეთესო მოგონებებს შორის დავიწყებას არასოდეს მიეცემა 1992 წელი, როცა სამტრესტის ყოფილი თანამშრომლები: თამაზ კანდელაკი, ვაჟა მამიაშვილი, კაკო ჯანაშვილი, ბონდო კალანდაძე, იუზა კელენჯერიძე, კუკური ქოროღლიშვილი, თემურ ბიწაძე, თენგიზ ტაბატაძე საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით შვედეთში. ქართული დლეგაცია თბილისიდან პეტერბურგში გადაფრინდა. იქ დაგვხვდნენ ადგილობრივი ღვინის ქარხნის მეღვინე რაულ ნატრიაშვილი მეუღლით და პეტერბურგში მცხოვრები იუზა კელენჯერიძის ზესტაფონელი მეგობარი ჯემალ ფერაძე (სტასიკა). სასტუმროში დაგვაბინავეს, ქართული ტრადიციული გულისხმიერებით გვიმასპინძლეს და მეორე დღეს ამაღლებული განწყობით შვედეთისაკენ მიმავალ გზაზე გაგვაცილეს. გემმა „ანა კარენინამ“ ბალტიის ზღვაში ჩაუშვა თუ არა ღუზა შვედეთის ნავსადგურ ნუმინსჰამერში, დელეგაციის წევრები გადმოვედით ნაპირზე და გავიარეთ საბაჟო ტერმინალში. იუზა ჩამორჩენილა და გამოსულა წითელი კორიდორით, სადაც მებაჟეებმა გააჩერეს და ჩანთა გაახსნევინეს. ვინაიდან შვედეთში მშრალი კანონი კანონობდა, იუზა ვერ ასცდა მათ კანონიერებას, თავის კონიაკის ნიმუშებში გადაიხადა საბაჟო საფასური, რითაც ჩვენი მოკრძალებული „წვლილი“ შევიტანეთ შვედეთის ბიუჯეტში და სრული უფლებით შევაღეთ კარი ბედნიერ და თავისუფალ ევროპაში.
სტოკჰოლმის სასტუმროში დავბინავდით. გვხიბლავს ქალაქის სილამაზე, თავისუფალი ცხოვრების წესი, მკვიდრი ხალხის ღიმილიანი კეთილგანწყობილება. დავათვალიერეთ რატუშა და ის მოედანი, სადაც დგას ის შენობა, რომელშიც იმართება ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია.
ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო პრემიაა, ამიტომ უდიდესი იყო მისდამი ინტერესი. მიღებული ინფორმაციით, 1900 წლის აპრილში შვედეთის მეფემ სპეციალური ედიქტით (ბრძანებით) დაამტკიცა ალფრედ ნობელის ანდერძი და მისი უზარმაზარი ქონება სტოკჰოლმის უნივერსიტეტს გადაეცა. თავდაპირველად ნობელის ფონდი შეადგენდა 31 მილიონ შვედურ კრონს (16 მილიონი მანეთი ოქროთი).
ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს, ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღიმართება ხოლმე შვედეთის სახელმწიფო ალამი. დარბაზი ივსება საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერების აკადემიის საზეიმო სხდომა. შვედეთის მეფე ასრულებს საპატიო მისიას, – ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას, რაც მომდინარეობს გასული საუკუნის პირველი წლიდან ყოველწლიურად.
საუკეთესო შთაბეჭდილებებით განწყობილი ქართული დელეგაცია საქმიანი საათების შემდეგ გულდასმით ათვალიერებს შვედეთის სამეფო დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქი საზეიმო განწყობილებაშია. ტბებზე სეირნობენ ნავებით, ვაჟკაცები საჰაერო ბურთებით ადიან ცაში და იქიდან ტკბებიან ქალაქის პეიზაჟებით. კვირა დღე განსაკუთრებულია, ხალხი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. ერთობიან, დროს ატარებენ, სპორტით არიან დაკავებული.
ერთ-ერთი ბაღის შუაგულში ორკესტრი უკრავს და ართობს მსმენელებს. უცებ გაისმის რიტმული მელოდია და ცენტრში ლამაზი ნახტომით გამოჩნდება მამაკაცი, გაშლილი ხელებით და „ასას“ შეძახილით ახდენს ქართული ცეკვის ილეთების დემონსტრირებას. ორკესტრი უმატებს ხმას. წრე იშლება და საზოგადოება ტაშის გრიალით ესალმება მოცეკვავეს. ეს იყო ჩვენი იუზა. დამთავრდა მუსიკა, დამთავრდა ცეკვა და მაყურებელმა „ბრავოს“ ძახილით შეაფასა მოცეკვავის ოსტატობა. ოვაციებით გარემოსილი ჩვენი მეგობარი თავდახრილი, გულზეხელებმიდებული მადლობას უხდიდა მაყურებელს. ჩვენ კი აღფრთოვანებულნი, სიამაყის გრძნობით შევცქეროდით ამ ლამაზ სანახაობას.
დამთავრდა „სამტრესტელების“ ბიზნესფორუმი შვედეთში. შედგა ბიზნესგარიგება. მოგზაურობა მეტად ნაყოფიერი იყო და საუკეთესო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით საქართველოში.
გადიოდა დრო. ბევრი რამ იცვლებოდა. დაიშალა „სამტრესტი.“ ძალაში შევიდა ნაჩქარევი პრივატიზაციის პროცესი. იუზამ შრომისმოყვარე მეგობარ-კოლეგებთან ერთად დაიწყო კვლევა-ძიება, სიახლეების დანერგვა. შექმნა სხვადასხვა სახის პროდუქცია: ხილის მაგარი სასმელი „იმერი“, არაყი „ქართული“ და „არგო“, სამარკო კონიაკი „უბისი“, ორდინალური კონიაკი „ნუნისი“, ქართული შუშხუნა „იმერი“, სუფრის მშრალი ღვინო „კიცხი“, ხოლო 2005 წლიდან ბუნებრივი ნატურალური მტკნარი წყალი „ხარაგაული“. ყველა ამ პროცესში მეც მაქვს წვლილი შეტანილი, რადგან ვეხმარებოდი ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნაში. მეგობრობა, კოლეგიალობა და წმინდა ურთიერთგატანა მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგყვება.
რამდენიმე წელია, რაც ჩამოვაყალიბეთ ვეტერან მეღვინეთა კავშირი, რომელშიც გაერთიანებული არიან ყოფილი „სამტრესტელები“, – კოლეგები და მეგობრები, რომელთა ასაკი 70 წელს ითვლის. ვაწყობთ მიზნობრივ გასვლით შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ და მეღვინეობასთან შეხება კვლავ აქვთ. ასეთი შეხვედრები გვქონდა: დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ყვარელში, საგარეჯოში, ვარკეთილში, გომში, ხარაგაულში, კონიაკისა და შამპანურის ქარხნებში და სხვაგან. შეხვედრები საქმიანი, აზრთა გაზიარების ვითარებაში, ერთნაირად გულთბილი და დასამახსოვრებელი იყო.
ყველამ აღიარა, რომ ხარაგაულში შეხვედრა 2009 წლის 20 ივნისს მართლაც გამორჩეული, ვაზისა და ღვინის სადღესასწაულო დღე იყო, რომელიც გააშუქეს ადგილობრივი პრესის ჟურნალისტებმა. ვიყავით ხარაგაულის ღვინის ქარხანაში. მონაწილეობა მივიღეთ ღვინის სახლის გახსნაში, შევხვდით ხარაგაულის მკვიდრ მოსახლეობას, რაიონის ხელმძღვანელობას.
მოგვიანებით ჩვენი მასპინძლის – ვალოდას ოჯახში გაიმართა სადილი, სადაც ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და მეზობლებმა გულთბილი დასამახსოვრებელი შეხვედრა მოგვიწყვეს. ვალოდას მეუღლემ ქალბატონმა ლალიმ, გარდა ქართული კერძებისა, ჩაგვიტარა საკუთარი რეცეპტებით შექმნილი ლიქიორების დეგუსტაცია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეხვედრა გვიან საღამომდე გაგრძელდა. ჩვენმა უფროსმა მეგობარმა და კოლეგამ, სახელოვანმა სპორტსმენმა ვაჟა ჟღენტმა სიამაყით წარმოთქვა: „ისე ლაღად და თავისუფლად არსად არ ვგრძობ თავს, როგორც მეღვინეთა შორისო“. ასეთი ამაღლებული განწყობით დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელ ვალოდას, მის ცოლ-შვილს, შვილიშვილებს, მეგობრებს და კმაყოფილებით დავტოვეთ შესანიშნავი ხარაგაული.
ბევრი რამის გახსენება შეიძლება იუზას შესახებ. მისი სახელის ხსენებაზე მხოლოდ კარგი და დადებითი ემოციებით გვევსება გული. ის ხომ ყურადღებიანი, ჭირსა და ლხინში გვერდში მდგომი და სიკეთის მთესველი კაცია.
ჩემო იუზა-ვალოდა! მინდა, იყო მხნედ, ჯანმრთელად, ეკონომიურად გამართული, ოჯახში გალაღებული, საქმეში წარმატებული. ჩვენ, შენი კოლეგები, ვნატრულობთ, რომ დიდხანს ვიყოთ ამ ქვეყანაზე, ვაკეთოთ სიკეთე და ერთმანეთი არ დავივიწყოთ.
მუდამ შენი ერთგული
ბონდო კალანდაძე
მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი
ფოტოებზე: ანა რუხაძის წიგნი „ჩემი ფესვები“; იუზა კელენჯერიძე შვილიშვილ ანა რუხაძესთან ერთად; შვეცია, ქ. სტოკჰოლმი, იუზა კელენჯერიძე, თემური ბიწაძე, თამაზ კანდელაკი, კუკური ქოროღლიშვილი, აკაკი ჯანaშვილი.
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან