ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ წლის გამორჩეული მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლის დირექტორებთან ერთად, სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებით შეარჩიეს. მათ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობით სკოლას წარმატება და სარგებელი მოუტანეს.

„რაში მდგომარეობს ჩემი წარმატების ფორმულა და რა გეგმები მაქვს სამომავლოდ, – ამ საკითხბზე ისაუბრეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს მოსწავლეებმა შოთი წიქარიშვილმა და მარიამ ჩაჩანიძემ, მასწავლებლებმა – ელისო არჯევანიძემ, მაია ბარბაქაძემ, მზეო ბერაძემ, სოფო ლომიძემ, ელენე მელქაძემ, ვერა ოდიკაძემ და თეა ტალახაძემ.

წარმატებულმა მოსწავლებმა და მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სკოლების დირექციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომა პროექტების განხორციელებისას მათთვის უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის წარმატება კი განათლების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია.

ღონისძიების მონაწილეებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გაეცანით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის გამორჩეული მოსწავლეებისა და მასწავლებლების „წარმატების ფორმულას“.

 შოთი წიქარიშვილი, ვაშლევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:პირველი წარმატება „კინგსის“ ოლიმპიადაში მოვიპოვე – II კლასში ვსწავლობდი, ინგლისურ ენაში I ადგილის მფლობელი რომ გავხდი,საქართველოს მასშტაბით. მას შემდეგ „კინგსში“ 21 ოქროს მედალი მოვიპოვე.

„საქართველოს ბანკისა“ და „კინგსის“ რჩეული გავხდი და ჩემზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. „კინგსის“ ინტელექტუალურ კონკურსში ჩემი სკოლის გუნდმა III ადგილი დაიკავა. პროექტში „სუფთა ხელები“ ასაკის გამო ვერ ვერთვებოდი. დაჟინებული მოთხოვნით, ამ პროექტის მოხალისე გავხდი და „წლის საუკეთესო მოხალისეს“ ჯილდო მივიღე. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლევის სკოლამ ორჯერ გრანტი მოიპოვა.

მასწავლებელთა სახლის ლიტერატურულ კონკურსებში ორჯერ I ადგილი დავიკავე და ჩემი ნაწარმოებები წიგნში „სიყვარულით დანახული სამყარო“ დაიბეჭდა.

ორი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვაშლევის სკოლაში საზაფხულო ბანაკს ვაწყობთ. ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო უცხოენოვან ოლიმპიადაში ვაშლევის სკოლის გუნდმა, ჩემი კაპიტნობით, 500 მონაწილეს შორის 32-ე ადგილი დაიკავა.

წარმატებას მასწავლებლების, მშობლების, მეგობრების თანადგომით და წიგნთან მეგობრობით მივაღწიე.

მარიამ ჩაჩანიძე, ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: – 2021 წლის სექტემბრიდან არაფორმალური განათლების პროექტებში ჩავერთე. გაზეთ „ახალი განათლების“ შემოქმედებით კონკურსებში ორჯერ საპრიზო ადგილზე გავედი. ამ გაზეთმა შემომთავაზა, რომ 2023-2024 სასწავლო წელს მათგან გამოცხადებული კონკურსების მუდმივმოქმედი ჟიურის წევრი ვიყო.

არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, როლანდ ხოჯანაშვილთან ერთად დავიწყე. მასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონების X-XII კლასების მოსწავლეებთან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ურთიერთსწავლების პროექტს ვახორციელებ.

წელს საქართველოს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირისა და დანიის განათლების პროფკავშირის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს მოსწავლეთა პროფკავშირის თავმჯდომარედ ამირჩიეს. 2023 წლის სექტემბრიდან ეს ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას შეუდგება – ხელს შეუწყობს მოსწავლეთა უფლებების დაცვასა და სასკოლო ცხოვრებაში მათ გააქტიურებას.

ჩვენ ყველას ერთობლივად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი სამყარო და ცხოვრება. წარმატების ფორმულაა ის, როცა სხვისი გამარჯვება და შრომისმოყვარეობა შენთვის მოტივაციის წყაროა.

ელისო არჯევანიძე, კიცხისა და ვარძიის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი: – 30 წელია, მასწავლებელი ვარ და ჩემი სასკოლო ცხოვრების დევიზია, სარგებელი მოვუტანო მოსწავლეებსა და სკოლას.

2017 წლიდან კიცხის სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში ჩავრთე. 2021 წელს კიცხის სკოლის ეკოკლუბმა მეორე ადგილი დაიკავა, ეკოკლუბის სპიკერი შოთა ზვიადაძე საუკეთესო სპიკერად დასახელდა, სკოლა კი 6 ათასი ლარით დაჯილდოვდა. ამ თანხით სკოლის ეზოში სკვერი მოვაწყვეთ.

ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ცნობიერება აუმაღლდათ, ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები გაუძლიერდათ, საკუთარი ხელით ბიოპროდუქტების მოყვანა და გამომუშავებული თანხის სწორად განაწილება ისწავლეს.

პროექტების განხორციელებისას ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, განათლების პროფკავშირთან. ჩვენს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მედიაორგანიზაციას „ჩემი ხარაგაული“ მიუძღვის.

ამჟამად კიცხის სკოლა ჩართულია პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და „მწვანე დროშის“ მოპოვებისთვის ვიბრძვით. გაჩერებას არ ვაპირებ და საკუთარ შესაძლებლობებს მოსწავლეებისა და სკოლის წარმატებისთვის გამოვიყენებ.

 

მაია  ბარბაქაძე, ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი: – სკოლაში 2007 წლიდან ვმუშაობ. მუდმივად ვცდილობ, რომ განვვითარდე და ჩემი წვლილი შევიტანო მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა და თემის გაძლიერებაში.

სკოლის სამოქალაქო კლუბ „სმარტკლუბის“ მოსწავლეებთან ერთად ვახორციელებთ საგანმანათლებლო, სოციალურ, საქველმოქმედო, შემეცნებით პროექტებს. წელს ჩავერთეთ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, კონკურსში გავიმარჯვეთ და სკოლისთვის საჭირო ტექნიკა შევიძინეთ.

ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი და ვერთვები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინე საკუთარი გამოცდილება სკოლაში მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის (სუფთა წყალი და სანიტარია) დანერგვის შესახებ. ამ კონფერენციის ორგანიზატორებმა საქართველოდან ხუთ მასწავლებელთან ერთად, ინდოეთში ინტერაქტიული პროგრამის – „BIKEP india სეზონი 2“-ის საერთაშორისო სესიაზე მიმიწვიეს. ეს სესია 2023 წლის 25-31 ივლისს გაიმართება.

ჩემი წარმატების ფორმულაა ის, რომ ვარ მებრძოლი, აქტიური, სიახლეებზე ორიენტირებული, გამოწვევებს არ ვუშინდები.

მზეო ბერაძე, ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი: – 2011 წლიდან ხიდრის სკოლაში ინგლისურ ენას ვასწავლი. ვარ მაიკროსოფტის ინოვაციური განათლების ექსპერტი. ამ პროგრამით, სკოლაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ახალი საპრეზენტაციო პროგრამები შევისწავლეთ. პრეზენტაციებს ბლოგის, ვებგვერდის ფორმას ვაძლევთ, რაც უფრო საინტერესო და ადვილად აღქმადია.

ხიდრის სკოლის მოსწავლეთა გუნდი მედიის განვითარების ფონდის კონკურსში „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ ჩავრთე. 2022 წლის ბოლოს ამ კონკურსის საუკეთესო ათეულში მოვხვდით – შევქმენით კითხვარების ბანკი, რომელიც ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში დაგვეხმარება.

ჩემგან მომზადებული მეთოდური და საგანმანათლებლო სტატიები გაზეთში „ახალი განათლება“ სისტემატურად იბეჭდება. ხშირად მიწვევენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციების წამყვანად და თარჯიმნად.

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ინგლისური ენის სპეციალისტთა ნაკლებობაა. ვგეგმავ, რომ უფროსკლასელები გადავამზადო ისე, რომ მათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ინგლისური ენა შეასწავლონ. წარმატებული ვარ იმიტომ, რომ სულ ვსწავლობ, ძიებაში ვარ. სწავლა ხომ დაუსრულებელი პროცესია.

სოფო ლომიძე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი: – მიმაჩნია, რომ  რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი წარმატების ფორმულა არსებობს. პედაგოგობა საპასუხისმგებლო პროფესიაა.

ბავშვობის ასაკიდან გააზრებულად ვთამაშობდი მასწავლებლობანას – მქონდა ჩემი საკლასო ოთახი, სადაც მასწავლებელიც ვიყავი და მოსწავლეც.

ის, რომ მე დღეს პედაგოგი ვარ, ჩემი მშობლიური სკოლის დამსახურებაა. ყოველი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას უფროსი კოლეგების მხარდაჭერას ვგრძნობ. ვეცდები, რომ გავაგრძელო ვერტყვიჭალის სკოლის მდიდარი ტრადიციები და საკუთარი წვლილი შევიტანო ამ სკოლის განვითარების საქმეში.

ჩემი ინიციატივით სკოლაში განვახორციელეთ პროექტები: დებატები „უკეთესი განათლებისთვის“; „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ (ვიზიტი თბილისის მოხუცებულთა თავშესაფარში); „მოზარდი და დანაშაული“ – მოეწყო დისკუსია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, პოლიციელებისა და სკოლის ექიმის მონაწილეობით.

ვერტყვიჭალის სკოლაში დებატკლუბისა და კრიტიკულ-შემოქმედებით კლუბ „ლამპარის“ კურატორი ვარ. ჩემი საყვარელი ფრაზაა – თუ ბედავ სწავლებას, არასოდეს შეწყვიტო სწავლა. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ.

ელენე მელქაძე, კიცხის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:  – 29 წელია, კიცხის სკოლაში ვასწავლი. ამ წლების განმავლობაში განათლების სისტემაში არაერთი რეფორმა განხორციელდა.

განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებულ ყველა სიახლეში ყოველთვის ვერთვები – პირველივე წელს ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და 2018 წელს უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოვიპოვე. სკოლაში ვიყავი ფასილიტატორი და კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში ვეხმარებოდი.

კიცხის საჯარო სკოლა 2022 წლის სექტემბრიდან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული. მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ამ პროგრამის განხორციელებაზე ვარ პასუხისმგებელი.

მიხარია, რომ ამ პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კიცხის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ვერონიკა ჩაჩანიძე საუკეთესოთა ათეულში დასახელდა. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კიცხის სკოლამ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა.

სამოქალაქო კლუბმა სასწავლო წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩაატარა. მეამაყება, რომ ჩემი წვლილი შემაქვს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაში, მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

ვერა ოდიკაძე, მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქიმიისა და ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი: – ვხარობ და ბედნიერი ვარ ჩემი წარმატებული მოსწავლეებითა და კოლეგებით. მადლობა ყველას, ვინც ჩემში მოტივაციას, საქმის კეთების სურვილს ხედავს და მხარს მიჭერს. ჩვენ მომავალ თაობას მაგალითი უნდა მივცეთ, რომ მიზანდასახულები და განვითარებაზე ორიენტირებულები იყვნენ.

მიყვარს სიახლეები. მარელისის სკოლა განათლების სამინისტროსგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შემოთავაზებული თითქმის ყველა პროექტის წარმატებული მონაწილეა. წელს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩავერთეთ.

კოლეგებს საერთაშორისო კონფერენციებისთვის ვამზადე, როგორც მენტორი მასწავლებელი და ტრენერი. ძალიან გამიხარდა, ერთ-ერთ კონფერენციაზე ჩვენი მზეო ბერაძე სპიკერი რომ იყო.

ხარაგაულში იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. ბედნიერი ვარ, ასეთი ახალგაზრდების აღზრდაში რომ ვმონაწილეობ. მუდამ გვიგულეთ თქვენს გვერდით და დაგვიმგზავრეთ თქვენს წარმატებებში. მთავარია, საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებთ, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გვეკეთებინოს.

თეა ტალახაძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი: – 2022-2023 სასწავლო წელს გავხდი USAID საბაზისო განათლების გარე დაკვირვების ქოუჩი და ხარაგაულის საჯარო სკოლებში ვესწრებოდი ლიდერ მასწავლებელთა გაკვეთილებს ქართულსა და მათემატიკაში, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ამავე პროექტის ფარგლებში ვიყავი წიგნის მითხველთა კლუბის კოორდინატორი ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტების სკოლებში. ხარაგაულის #2 სკოლა ჩავრთე საერთაშორისო პროექტში „დრო იწურება“. განვახორცილეთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ მიმართული აქტივობები და საერთაშორისო სერტიფიკატი დავიმსახურეთ.

ვხელმძღვანელობ სასკოლო პროექტს „გარემოს დაცვა“. წელს ჩვენი სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა.

ჩემი ინიციატივით მოწყობილი, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხით სააღდგომოდ 11 ოჯახს დავეხმარეთ.

ჩემთვის უმთავრესია, მოსწავლე აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, საკუთარი ქვეყნის პატრიოტადაც აღიზარდოს და გლობალურადაც იაზროვნოს. წარმატების მიღწევაში მეხმარება სურვილი, რომ მუდმივად ვიყო გამოწვევების პირისპირ. ამ პროცესში გადამწყვეტია ჩემი პროფესიისა და მოსწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარული.

ამავე თემაზე

ინესა კელენჯერიძე „დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს“ მფლობელი გახდა