ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგს ინესა კელენჯერიძეს „დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ გადაეცა. ეს ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დააწესა.
ინესა კელენჯერიძე 61 წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა. მას ჯილდო ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარმატებულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე გადასცეს.
ინესა მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მარინე ვეფხვაძეს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე წარდგენისთვის და მათემატიკის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მათემატიკის მოყვარულს მიზანსწრაფულობა, ლოგიკური აზროვნება, რთული ამოცანის ამოხსნასთან მისასვლელ უამრავ გზათა შორის მარტივის მიგნება ახასიათებს, – ამბობს ინესა კელენჯერიძე, – ყოველთვის ვცდილობდი, მათემატიკის საოცრებათა სამყარო მოსწავლისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო.
ძალიან მიჭირს მოსწავლეების გარეშე. თუმცა, მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს სიყვარული ბევრ სირთულეს მაძლევინებს. არ იფიქროთ, რომ წარსულით ვცხოვრობ. ასაკოვანი ვარ, მაგრამ თუ ვინმეს ჩემი თავი დასჭირდება და მათემატიკაზე საუბარს დავიწყებ, მოსწავლეების თანატოლი ვხდები.
მასწავლებლობა არაჩვეულებრივი პროფესიაა. ბავშვებთან რომ ვარ, თავი მეც ბავშვი მგონია. მათგან წამოსულ სითბოსა და სიყვარულს, მათი ანთებული თვალების ციმციმს არაფერი შეედრება. ბედნიერი ვარ, 61 წელი ასეთ პროფესიას რომ ვემსახურე.
უღრმესი მადლობა ჩემს უამრავ მოსწავლეს, მათგან ბევრი სიხარული მიმიღია. კლასში რომ 19 მოსწავლე გყავს და უმრავლესობას 10 ქულას დაუწერ, მასწავლებლისთვის ამაზე მეტი სიხარული არ არსებობს. ჩემი მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ირიცხებოდნენ.
გასულ წლებში, მედლის კანდიდატ მოსწავლეს სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე ხუთიანს რომ დაუწერდი, მისი ნაშრომი ჯერ განათლების განყოფილებაში, შემდეგ განათლების სამინისტროში იგზავნებოდა. ჩემგან დაწერილი ყველა ხუთიანი დაუმტკიცებიათ. ამით ძალიან ვამაყობ.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოსწავლე აკადემიურად წარმატებულია თუ არა. ყველა მოსწავლე ერთნაირად მიყვარს. უღრმესი მადლობა მოსწავლეთა მშობლებს. კარგი მოსწავლეები საიდან მეყოლებოდა, მათ რომ საუკეთესო მშობლები არ ჰყოლოდათ.
ჯანმრთელობას, სიხარულს და სილაღეს გისურვებთ ყველას სამსახურსა და ოჯახებში“.
„დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლიდან დააწესა. ამ ჯილდოს მფლობელები ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან არია – ალექსანდრა ჭიპაშვილი – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ცისნარი შველიძე – ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ეთერი პაპავა – ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი