მეექვსე თვეა, ბალნეოლოგიური კურორტი „ნუნისი“ კანის დაავადების მქონე პირებს სამკურნალოდ ვეღარ იღებს.
ამის მიზეზია ის, რომ „ნუნისის“ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო კი, კურორტის მფლობელთა მიმართვის მიუხედავად, ამ წყლის ლიცენზიის მოპოვებაზე აუქციონს არ აცხადებს.
ნუნისში საკურორტო სეზონი ძალაში ივნისიდან შედის და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ამ კურორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარინა მელაძე ამბობს, რომ ივნისში სამკურნალო პროცედურების მსურველ 100-ზე მეტ პაციენტს კურორტში ჩამოსვლაზე უარი უთხრა.
ნიკა მახარაძის 12 წლის ქალიშვილს კანის დაავადება იქთიოზი აწუხებს. ორი წლიდან ქალიშვილი ოჯახს ნუნისში დაჰყავს. ნუნისის წყალი ერთადერთია, რაც მოზარდს ჯანმრთელობის მდგომარეობას უმსუბუქებს.
„უკიდურესად შეწუხებული ვარ იმით, რომ ნუნისში წელს შვილს სამკურნალოდ ვერ ჩამოვიყვან, – ამბობს ნიკა მახარაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედქციასთან საუბარში, – ნეტა მქონდეს საშუალება, რომ ჩემს ქალიშვილს ნუნისის წყლით წელიწადში რამდენჯერმე ვუმკურნალო.
გარდა ნუნისისა, მსოფლიოში არ არსებობს ანალოგიური სამკურნალო თვისებების მქონე წყალი, რომელიც იქთიოზს კურნავს. კანის ექიმებს სულ უკვირდათ, სამკურნალო აბაზანების მიღების შემდეგ ნუნისიდან ისეთი შედეგით ვბრუნდებოდით. არ ვიცი, წელს რა გვეშველება. მადლობა თქვენ, ამ საკითხით რომ დაინტერესდით“.
„მთელი წელი ზაფხულის დადგომას და კურორტ ნუნისში სეზონის გახსნას ველოდებით, – ამბობს ნაზი მამულაშვილი, – ჩემს მეუღლეს ფსორიაზი აქვს და აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც ნუნისის სამკურნალო აბაზანები მიიღოს. მას მუდმივად სჭირდება ამ წყლით მკურნალობა. იქნებ დაჩქარდეს ლიცენზიის საკითხი. ჩვენ რა ვქნათ, ვისთვისაც ნუნისის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“?!
ანა ჯინჭარაძის შვილს ატოპიური დერმატიტი აქვს. პატარას ნუნისის აბაზანები ძალიან ეხმარება ამ დაავადებასთან გამკლავებაში. მას გრძელვადიანი და სისტემატური მკურნალობა სჭირდება. ანა ძალიან შეწუხებულია და ნუნისის დაუყოვნებლივ ამოქმედებას მოითხოვს.
„ნუნისში“ არსებული ვითარების შესახებ კურორტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ირმა დაუშვილს ვესაუბრეთ. ქალბატონი ირმა გვიდასტურებს, რომ ნუნისში წყლის მოპოვების 21-წლიან ლიცენზიას ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა.
„თადარიგი დავიჭირეთ და ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის ზაფხულზე მივმართეთ, – ამბობს ირმა დაუშვილი, – დღემდე ეს მიმართვა განხილვისა და შეთანხმების ეტაპზეა. სააგენტო ჩვენთვის მიუღებელ პირობებს გვთავაზობს – 5-წლიან ლიცენზიას მოგვცემენ, თუ ჩვენ კურორტის განვითარებაში ერთი მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ.
ჩვენც გვაქვს მოთხოვნები – ნუნისში ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს. მოგეხსენებათ, ნუნისამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. ერთადერთი, – მატარებელი იყო და ისიც, მეწყერის გამო, უსაფრთხო აღარ არის. ჯგუფები, რომლებსაც ივლისის დასაწყისიდან ნუნისში უნდა დაესვენათ და მოლითამდე მატარებლით უნდა ემგზავრათ, ვეღარ მოდიან.
კურორტი ნუნისი ყველასგან მიტოვებულია. ჩუმათელეთის მხრიდან გზის მოწყობის დაპირება, 20 წელია, ვისმენ. 2022 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მივმართე და გვიპასუხეს, 2021 წლის ნოემბერში მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია დასრულდებაო. კი იცით, რომ ეს გზა ახლა უფრო სავალალო მდგომარეობაშია.
ნუნისში არამარტო გზის პრობლემაა. სოფელში არ არის ბუნებრივი აირი, ინტერნეტი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასნომრიანმა სასტუმრომ სულ ელექტროენერგიაზე იმუშაოს?! გარდა ამისა, სოფელი დაცლილია და რეალურად მუშახელს ვერ ვშოულობთ.
აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რადგან ყველა ინვესტიციას რისკები აქვს – თუ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, კურორტის განვითარების ბიზნესგეგმას ვერ წარვადგენ. 20 წელია, ნუნისში მოგების გარეშე ვმუშაობთ.
ნუნისში მცხოვრები ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან, რადგან ისინი იმ პაციენტებზე, ვისაც სასტუმროსა და კოტეჯში დასვენების ფინანსები არ ჰქონდა, ბინას აქირავებდნენ.
ასე რომ, აქ გლობალური პრობლემებია და ხელისუფლების ყველა შტო მათ მოგვარებაში პოზიტიურად უნდა ჩაერთოს“.
ზვარის თემში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი ამბობს, რომ მოლითიდან ზვარემდე 4 კილომეტრიანი გრუნტის გზა საშუალო მდგომარეობაშია და ყველა სახის ტრანსპორტი გადაადგილდება.
„რკინიგზის მშენებელი კომპანია ამ გზას პერიოდულად აწესრიგებს, – ამბობს ბესო დალალიშვილი, – ზვარის ცენტრიდან კურორტამდე მისასვლელი გზა კი მობეტონებულია. კურორტის ფუნქციონირებაში ხელშემშლელია ჩუმათელეთიდან მოლითამდე მოსასვლელი გზა“.
სოფელ ნუნისის გაზიფიცირებას რაც შეეხება, ბესო დალალიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, მან იცის, რომ გაზიფიცირება ჩხერიმელას ხეობის სოფლებში ხარაგაული-ჩუმათელეთის ცენტრალური საავტომობილო გზის კეთილმოწყობის შემდეგ დაიწყება.
„გაზიფიცირება ჩვენამდე როდის მოაღწევს, არ ვიცი. კარგი იქნებოდა, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლები პირველ რიგში გაზიფიცირებულიყო, მაგრამ ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი პირდაპირ ზვარის თემის სოფლებში ვერ მოვა“, – ამბობს ბესო დალალიშვილი.
კურორტ ნუნისის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მარინა მელაძის თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში კურორტი დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში იღებდა. კანის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები ამ კურორტზე სამკურნალოდ საზღვარგართის ქვეყნებიდანაც, -ისრაელიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან ჩამოდიოდნენ.
„წყლის ლიცენზიის უქონლობა ხომ გვაფერხებს, თუმცა, ამაზე არანაკლები პრობლემა უგზოობა. ახლა მოლითი-ჩუმათელეთის გზა ისეთ მდგომარეობაშია, ხაშურში საკვები პროდუქტებისა და კურორტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესაძენად წასვლა ძალიან მიჭირს, – ამბობს მარინა მელაძე, – უგზოობის გამო ნუნისში მოსვლაზე დამსვენებლები უარს ამბობენ. უმრავლესობას საკუთარი მანქანით ჩამოსვლა უნდა და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამ კურორტს დიდი პერსპექტივა აქვს და თანდათან უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება. ამიტომ მეტი ყურადღება გვჭირდება.
ვისაც ნუნისში მხოლოდ დასვენება სურს, ფასები ასეთია: კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი ორ ადამიანზე, სამჯერადი კვებით, 180 ლარი დღეში; სასტუმროს ტიპის კორპუსში – 280 ლარიდან.
მარინე მელაძე პროფესიით ექიმია და განმარტავს, რომ ექიმის მეთვალყურეობის გარეშე სამკურნალო აბაზანების მიღება დაუშვებელია.
„შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა, აბაზის მიღებისას ან მის შემდგომ გამწვავდეს, – ამბობს მარინე მელაძე, – ეს ნებისმიერი სამკურნალო წყლისთვის დამახასიათებელია. შესაძლოა, პაციენტს ისეთი თანმხლები დაავადებები ჰქონდეს, რომ სამკურნალო წყალმა შარდის ბუშტის, ან სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.
ასეთი შემთხვევები გასულ წლებში გვქონდა და თვითნებურად მიღებული აბაზანებით რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ, იმ ადამიანებმა შემდეგ მე მომაკითხეს.
მოვუწოდებ ყველას, რომ ექიმის გარეშე ნუნისის წყლის აბაზის მიღებისგან თავი შეიკავონ“.
როდის გამოცხადდება აუქციონი ნუნისის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოკლედ გვიპასუხეს, რომ სააგენტოსა და კურორტის მფლობელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამ ერთწლიან მოლაპარაკებებს კი, შესაძლოა, ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და კურორტის საქმიანობის შეჩერება მოჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლება ხარაგაულში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გვპირდებოდა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი