ხარაგაულელ ამომრჩევლებს, მმართველი პარტიის ორგანიზებით, 15 სექტემბერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.
შეხვედრის წამყვანმა გია ქობულიამ შეკრებილთ მიმართა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ იმიტომ, რომ გონიერია და განათლება პარიზის პოლიტიკისა და მეცნიერების ინსტიტუტში, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლაში მიიღო.
გია ქობულიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას მიიღო საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის გადაწყვეტილება.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობასა და მის საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებით ორმაგი მოქალაქეობა დაკანონდა. ამით უცხოეთში მცხოვრები მილიონობით ჩვენი თანამემამულე საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებს.
ხარაგაულის საკრებულოს წევრმა ეკა შველიძემ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევას. ქალთა საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, მისი ღრმად განსწავლულობა და სახელოვანი წინაპრები, ეკა შველიძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ უპარტიო კანდიდატს. ვალერი გოგნაძის აზრით, „სალომე ზურაბიშვილის ზეპარტიულობა, მისი დიპლომატიური გამოცდილება, ევროპული მისწრაფებები, პრინციპულობა, მისი ქალური მომხიბვლელობა და სითბო, საქართველოს ძალიან სჭირდება და ეს თვისებები მას მრავალრიცხოვან საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღლა აყენებს“.
ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის, რადგან ბევრჯერ არ გაგვიმართლა, ხშირად იმედგაცრუებულები დავრჩით. იზა ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ „უნდა გამოვცადოთ ეს ექსპერიმენტიც – საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს“.
წინასაარჩევნო შეხვედრაზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებას გადაცდომას გულწრფელად მიუთითებს. ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ პარტიიდან აქვს ასეთი დავალება – საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა 50%-ზე მეტი ხმა უნდა აიღოს და არჩევნები 28 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას შეხვედრაზე მისვლისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტობა.
„ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ხარაგაულში წინასაარჩევნო შეხვედრაზე, – რუსეთს ოკუპირებული აქვს რეგიონი და ამ ქვეყნის მთავარი მიზანია გამთლიანება. ჩვენ, როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება გარე პარტნიორების, ევროპელებისა და ამერიკელების ყოველდღიური თანადგომა. ევროკავშირში შესვლას ველოდებით.
მე ჯადოსნური ჯოხით არ მოვდივარ, პენსიების მომატებით ვერ მოვდივარ, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით, – ვიცი მოსმენა. დღეს საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მას არავინ უსმენს. ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. თუმცა ის, რაც კეთდება, საზოგადოებამდე არ მოდის. რაც ვერ კეთდება, ისიც არ არის ახსნილი, რატომ ვერ კეთდება, როდის გაკეთდება და რა გზით მივდივართ. ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხიდი ჩამსხვრეულია. საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება, რომ იყოს მზრუნველი თავის ხალხზე, უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებზე, რომელთაც დღეს ქვეყანა არ უქმნის იმ პირობებს, რომ თავიანთ ოჯახებში იცხოვრონ.
როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაული, რომელიც დღეს ჯერ კიდევ მიტოვებული ჩანს, – ეს არის განცდა, რომელიც გეუფლება ამ ულამაზეს რეგიონში ჩამოსვლისას. აქ არის ნუნისი, რომელიც სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან საინტერესოა. სამედიცინო ტურიზმი აუთვისებელია და აქ სახელმწიფომ ინვესტიცია უნდა ჩადოს, რომ ხარაგაული ამ მიმართულების ერთ-ერთი ფლაგმანი გახდეს.
ადგილზე განვითარების წყაროები უნდა მოვძებნოთ და შევქმნათ. ის, რომ გზა გაკეთდება და ხარაგაული ჩიხში აღარ იქნება მოქცეული, არის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა.“
„ჩემი იმერეთის“ შეკითხვაზე, რა გავლენას მოახდენს საარჩევნო შედეგზე მისი განცხადება, რომ „აგვისტოს ომის დროს ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა,“ სალომე ზურაბიშვილმა გვიპასუხა, რომ უარყოფით გავლენას არ ელოდება, თუკი ადამიანები მის არა მხოლოდ დღვანდელ, არამედ ძველ მოსაზრებებსაც გაეცნობიან:
„ძალიან უცნაურია და მეცინება, როცა პატრიოტიზმში ის ადამიანები მედავებიან, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და იმ უწყებების ნაწილი იყვნენ.“
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილთ დაჰპირდა, რომ ხელისუფლებამდე მიიტანს ხალხის ყველაზე კრიტიკულ გზავნილებს, ახალ იდეებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში. მანვე აღნიშნა, რომ, არჩევის შემთხვევაში, რეგიონების პრეზიდენტი იქნება და არა პრეზიდენტის სასახლეში მჯდომი.
ხარაგაულში წინასაარჩევნო შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ვიცეგუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.
ნინო კაპანაძე
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ
გრიგოლ ვაშაძე – ხარაგაულში ოთხსეზონიანი ტურიზმი უნდა განვითარდეს
დავით ბაქრაძე – ინვესტორებს უნდა ვასწავლოთ, სად არის ხარაგაული, ზესტაფონი, ახმეტა…
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი