ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 291 246 ლარზე გამოაცხადა. თუმცა ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მიიღო.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება კიცხისა და ბორის საბავშვო ბაღების შერწყმას გეგმავს, რადგან ბორის ბაღი სკოლის შენობაშია განთავსებული და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ამ ორი, ახლოსმდებარე სოფლისთვის, ერთი საბავშვო ბაღი აშენდება.

კიცხის საბავშვო ბაღში ამჟამად 24 აღსაზრდელია, ბორში – 19.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი და ერთი სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს.

2023 წლისთვის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 2 350 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 1 771 000 ლარი ამ გაერთიანების 269 თანამშრომლის ხელფასებზე გაიხარჯება; 549 000 ლარი – საქონელსა და მომსახურებაზე; 30 000 ლარი წიფისა და მოლითის საბავშვო ბაღების კოსმეტიკური რემონტისთვის უნდა გაიხარჯოს.

საქონელისა და მომსახურებისთვის განსაზღვრული 549 000 ლარიდან 21 ათასი ლარი შტატგარეშე თანამშრომლების (13 ცეცხლფარეში) ანაზღაურებაა, 134 800 ლარი – კომუნალური გადასახდების, 263 ათასი ლარი – აღსაზრდელთა კვების; 130 200 – სხვა ხარჯები.

„სხვა ხარჯების“ თანხიდან 133 200 ლარი განსაზღვულია საკანცელარიო ნივთების, მცირე საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების, რბილი ინვენტარისა და უნიფორმების შესაძენად, რეცხვა-ქიმწმენდისთვის, შენობის მიმდინარე რემონტებისთვის, კავშირგამბმულობის, საფოსტო, სამედიცინო, ტრანსპორტის, საარქივო მომსახურებისთვის, კადრების გადამზადებისა და მივლინებისათვის.

2023 წლის პირველი იანვრიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 100-100 ლარით გაიზარდა. სიახლეა ისიც, რომ აღსაზრდელები დღეში ოთხჯერ იკვებებიან.

რა გამოწვევების წინაშეა ხარაგაულში სკოლამდელი აღზრდა და როგორ ესახება პრობლემების გადაჭრის გზები, – ამ საკითხებზე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, თამარ ლაცაბიძეს ვესაუბრეთ.

„ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 523 აღსაზრდელი ირიცხება, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – თუმცა ყოველდღიურად ამდენი ბავშვი ვერ დადის – ზოგჯერ ვირუსების, ზოგჯერ კი – უამინდობის გამო.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ყველა საბავშვო ბაღში დაცულია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ავტორიზაციისთვის ეტაპობრივად ვემზადებით. ეს პროცესი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ვერტყვიჭალის, ხუნევისა და საღანძილის საბავშვო ბაღები, ინფრასტრუქტურის კუთხით, საუკეთესო მდგომარეობაშია. დანარჩენები კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებენ, – ყველაზე მეტად კი – მოლითისა და ზვარეს საბავშვო ბაღების შენობები.

სარგვეშსა და გედსამანიაში საბავშვო ბაღები სკოლების კორპუსებშია განთავსებული და სამომავლოდ, ამ სოფლებში ბაღებისთვის ცალკე შენობები აუცილებელია, რადგან ავტორიზაციის მისაღებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მოსაწყობია ღორეშის საბავშვო ბაღის ეზო.

სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღებიდან ყველაზე მეტი – 46 აღსაზრდელი ბორითის სამჯგუფიან საბავშვო ბაღში გვყავს. მიმაჩნია, რომ რიკოთის ავტობანის სიახლოვეს საბავშვო ბაღი არ უნდა ფუნქციონირებდეს.

ბორითში ავტობანის მონაკვეთის ინტენსიური მშენებლობისას საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შევაჩერეთ. ამჯერად ბაღის ეზო იმ მხარეს, სადაც საავტომობილო ხიდი ესაზღვრება, გადაკეტილია და შენობას ალტერნატიული შესასვლელი მოვუწყვეთ. ბავშვები ეზოთი ვეღარ სარგებლობენ და სუფთა ჰაერისთვის აივანზე გაჰყავთ.

ხევის საბავშვო ბაღის 25 აღსაზრდელიდან 8 სასკოლო მზაობის ჯგუფში დადის, 17 აღსაზრდელი სკოლამდელი განათლების მიღმაა. თითქმის ყოველდღე ვეხმიანები ადგილობრივ ხელისუფლებას და ხევში ბაღის მშენებლობის დაწყების საკითხით ვინტერესდები. ამჟამად პროექტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს.

ახალი სასწავლო წლისთვის ხევში საბავშვო ბაღი თუ არ გვექნება, შესაძლოა, აღსაზრდელები დავკარგოთ. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერა გვჭირდება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.

რამდენიმე საბავშვო ბაღში ექთანი და მუსიკის მასწავლებელი არ გვყავს. ამის მიზეზი ისაა, რომ სპეციალისტები არ არიან. მუსიკის მასწავლებელმა ნოტის გარჩევა და ინსტრუმენტზე დაკვრა თუ არ იცის, როგორ იმუშავებს?! ახალი მოთხოვნებით, აუცილებელია მუსიკის მასწავლებელს მუსიკალური ათწლედი მაინც ჰქონდეს დამთავრებული. ავტორიზაციის პროცესში ყველა დეტალი საყურადღებოა.

ზამთარში გათბობას რაც შეეხება, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში, წიფაში, ზვარეში, მოლითში, ხიდარში, წყალაფორეთში, ბორში, გედსამანიაში, სარგვეშში, ბორითსა და ღორეშაში შეშის ღუმელები გვაქვს. დანარჩენ საბავშვო ბაღებში გათბობის ცენტრალური სისტემებია დამონტაჟებული.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების უმთავრესი პრობლემა კონტინგენტის სიმცირეა. წლიდან წლამდე ბავშვთა რაოდენობა მცირდება.

ყველაზე ცოტა – 4 აღსაზრდელი სარგვეშის საბავშვო ბაღში გვყავს. ათამდე აღსაზრდელია ლეღვანის, წყალაფორეთისა და მოლითის საბავშვო ბაღებში.

სკოლამდელი განათლება იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რომ საბავშვო ბაღი, ან სასკოლო მზაობის ჯგუფი, ორი ბავშვისთვისაც უნდა ფუნქციონირებდეს.

კონტინგენტის მოკვლევის მიხედვით, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, რომელიმე საბავშვო ბაღის დახურვის საფრთხე არ გვემუქრება.

მეორე პრობლემა გაერთიანების თანამშრომლეთა ხელფასების სიმცირეა. ხელფასების მატების პარალელურად, ყველაფრის ფასები იზრდება. საბავშვო ბაღის მასწავლებელი ეკონომიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

გაერთიანების 25-მა აღმზრდელმა 66-საათიანი ტრენინგკურსი წარმატებით გაიარა და გამოცდაზე გასვლის უფლება მიიღო. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ისინი, სკოლის მასწავლებელთა მსგავსად, სტატუსს აიმაღლებენ და ხელფასიც მოემატებათ. აღმზრდელებისთვის გამოცდა მას შემდეგ დაინიშნება, როცა ყველა მათგანი ტრენინგებს გაივლის“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

„მეტი დაფინანსების პირობებში, ბაღებისთვის ბევრ სათამაშოს შევიძენდით“

„ბორითში ახალი საბავშვო ბაღის აშენების აუცილებლობა იკვეთება“ – თამარ ლაცაბიძე