ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების 24-მა აღმზრდელმა პროფესიული განათლების ტრენინგი წარმატებით გაიარა და მათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი აღმზრდელებისთვის ამ სტატუსის მინიჭება, რას შეცვლის ეს საბავშვო ბაღებისთვის და რა გამოწვევების წინაშე არიან ხარაგაულში სკოლამდელი დაწესებულებები, – ამ და სხვა სიახლეებზე ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე გვესაუბრება.
-საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის ტრენინგები აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა ტრენერებმა – ნატო ქობულაძემ და მაკა აბულაძემ ჩაატარეს, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – ტრენინგებზე აღმზრდელებს დავალებები მიეცათ და მათი წერილობითი ნამუშევრები, შესაფასებლად, მასწავლებელთა სახლში გაიგზავნა. 24-ვე დატრენინგებული აღმზრდელის ნამუშევარმა დადებითი შეფასება დაიმსახურა; რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსები დაიმსახურეს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 99 აღმზრდელია, მათ შორის არიან საბავშვო ბაღის ფსიქოლოგები, სპეცმასწავლებლები, მეთოდისტები, მუსიკისა და უცხო ენის პედაგოგები. დასატრენინგებელია 75 აღმზრდელი, მათგან 25 მომავალი წლის ივნისში გაივლის ტრენინგს, დანარჩენი 50 კი – 2024 წლის განმავლობაში.
აღმზრდელმა რომ პროფესიული განვითარების ტრენინგი გაიაროს, უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმებს, მათ შორის უნდა ჰქონდეს აღმზრდელის არანაკლებ ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება. ჩვენს საბავშვო ბაღებში არიან აღმზრდელები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. მათთვის, ალბათ, მასწავლებელთა სახლი შეიმუშავებს სხვა კრიტერიუმებს, რომლითაც ამ ტრენინგების გავლას შეძლებენ.
საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. ავტორიზაციის ერთ-ერთი პირობაა, რომ აღმზრდელებს ჰქონდეთ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი. ამიტომაა აუცილებელი, რომ ეს ტრენინგი ყველა აღმზრდელმა გაიაროს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის კოორდინატორი თამარ ავალიშვილი აღმზრდელებს ყველანაირად ეხმარება გამოწვევების დაძლევაში და დიდი როლი მიუძღვის ჩვენი აღმზრდელების წარმატებაში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ აღმზრდელებს ამ წარმატებას და საუკეთესო მომავალს ვუსურვებ.
საბავშვო ბაღის ასაშენებლად გაერთიანებაში მშობელთა მოთხოვნა არ შემოსულა
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაანგრიეს და ახალი ჯერ არ აშენებულა. ამიტომ, ხევის ბაღი 2021 წლის ოქტომბრიდან, გასული სასწავლო წლის განმავლობაში, დაქირავებულ, არასტანდარტულ ბინაში ფუნქციონირებდა.
ასეთ პირობებში მხოლოდ სასკოლო ასაკის აღსაზრდელების მიღება იყო შესაძლებელი, სასკოლო მზაობის ჯგუფში. ამ წლის სექტემბრიდან, მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი, ათი აღსაზრდელით, ხევის საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას. ხევის საბავშვო ბაღის დანარჩენი 17 აღსაზრდელი კი სკოლამდელი განათლების მიღმა აღმოჩნდა.
ხევის საბავშვო ბაღს სკოლის შენობაში ფუნქციონირებისთვის ნებართვა განათლების სამინისტროდან, 2022 წლის ბოლომდე აქვს. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ამ დროისთვის ხევის ბაღს საკუთარი ახალი შენობა ექნებოდა. ვინაიდან, ამ ბაღის მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის, ამიტომ თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ნებართვა 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე უნდა გაახანგრძლივონ.
– ახალი საბავშვო ბაღისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია და ტენდერიც გამოცხადებულია. ხევში ახალი საბავშვო ბაღი აუცილებლად გვექნება, – ამბობს ქალბატონი თამარი, – იმ აღსაზრდელთა მშობლებს, რომლებიც სასკოლო მზაობის ჯგუფის მიღმა დარჩნენ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით შევთავაზეთ, რომ დაინიშნებოდა ტრანსპორტი, რომელიც აღსაზრდელებს, მშობლების სურვილის შესაბამისად, ვერტყვიჭალის ან ხუნევის საბავშვო ბაღში გადაიყვანდა. თუმცა, მშობლებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. საგაისოდ ამ ბავშვებისათვის, ვიმედოვნებთ, რომ ხევში ახალი საბავშვო ბაღი იქნება.
ბორითში საბავშვო ბაღის აშენება ადგილობრივი ხელისუფლების დღის წესრიგში დგას. ამჟამად ბორითელ აღსაზრდელებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა, როცა ცენტრალური ავტომაგისტრალი ექსპლუატაციაში შევა, ბორითში ახალი საბავშვო ბაღის აშენების აუცილებლობა დადგება, რადგან ავტობანის მიმდებარედ საბავშვო ბაღი, არანაირად არ შეიძლება რომ ფუნქციონირებდეს.
მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფში, ამ დროისათვის, ათი აღსაზრდელია. გვსურს, რომ მარელისში ბაღისთვის ახალი შენობა აიგოს, თუმცა საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ მშობელთა მოთხოვნა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში არ შემოსულა.
ადგილობრივი მერიის დახმარებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან მარელისისა და ხევის სასკოლო მზაობის ჯგუფში გვაქვს ერთჯერადი კვება. ასევე, სასწავლო წლის დასაწყისში მარელისელ აღსაზრდელებს პორთფოლიოები (სამუშაო ნივთები) დაურიგდათ.
ღორეშის საბავშვო ბაღში, პანდემიამდე, ბავშვთა კონტინგენტი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მეორე ჯგუფი ამოქმედებულიყო. თუმცა, პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჟამად აქ მეორე ჯგუფის გახსნის აუცილებლობა არ დგას, თუმცა საბავშვო ბაღის გამგის ინფორმაციით, ორ წელიწადში აღსაზრდელთა რაოდენობის მატებას ელოდებიან. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფს გავხსნით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღებიდან ყველაზე მეტად მოძველებული ამჟამად მოლითის საბავშვო ბაღის შენობაა. ამ ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბიუჯეტში თანხა გავითვალიწინეთ.
საქართველოს მთავრობამ 2023 წელს 800 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა დააანონსა. თუ მოლითის საბავშვო ბაღი ამ პროგრამაში მოხვდება, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. ასევე საჭიროა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ძველი კორპუსის რეაბილიტაცია. ამისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას ვესაუბრე, თუმცა ოფიციალურად, წერილობით არ მიმიმართავს.
დასასრულს უახლოვდება ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის მეორე სართულის სარემონტო სამუშაოები, აქ დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელები გააგრძელებენ სწავლას. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით თბებიან. ამ შენობის გაზიფიცირება აუცილებელია, თუმცა, სასურველია, რომ აქ თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდეს.
„ღია კარის“ დღე პოტენციური მომწოდებლებისთვის
საბავშვო ბაღების გაერთიანება საკვები პროდუქტების მომწოდებლებისთვის „ღია კარის დღის“ გამართვას აპირებს. მცირეკონტინგენტიან საბავშვო ბაღებში პროდუქტების მიწოდება ძალიან რთულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა. ტენდერს რომ ვაცხადებთ, იქ ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველანაირ პირობას ვდებთ. ასე რომ, ტენდერში მონაწილე მომწოდებლებმა თავიდანვე იციან ჩვენი პირობები და საჭიროებები.
მომავალი წლისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად ტენდერები უახლოეს ხანებში უნდა გამოვაცხადოთ. თუმცა, მანამდე პოტენციური მომწოდებლების მოწვევას ვგეგმავთ „ღია კარის დღეზე“, სადაც მათ ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს უშუალოდ გავაცნობთ. ჩვენი პირობები თუ მათთვისაც მისაღები იქნება, ტენდერში ჩაერთვებიან და გამარჯვებულ მომწოდებლებთან ვითანამშრომლებთ.
სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მეოთხე კვება ე.წ. „წახემსება“ დაემატა. 2023 წლიდან საბავშვო ბაღებში კვების რაციონი იცვლება. ამისათვის მიმდინარე წელს ახალი მენიუ შევიძინეთ. კვების რაციონიდან ამოღებულია რიგი პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებაში არ უნდა გამოვიყენოთ (შედედებული რძე, კაკაო, და ა.შ.). ახალი წლიდან კვებაში გამოვიყენებთ პასტერიზებულ რძეს, მაწონს. საბავშვო ბაღებში აღარ შემოვა ძვლიანი ხორცი და მხოლოდ დარბილებულ ხორცს შემოვიტანთ, ასევე აღარ იქნება თევზი. ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თევზისგან ვაკეთებდით კატლეტებს. მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორაგულის ფილებს გამოვიყენებთ. ახალი მენიუთი საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების დღიური ღირებულება 4,44 ლარს შეადგენს.
„მეტი დაფინანსების პირობებში ბევრ სათამაშოს შევიძენდით“
– ჩემი ოცნებაა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ჰქონდეს ეზოს სათამაშოები, რაც ძვირი სიამოვნებაა, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – თითქმის ყოველწლიურად ბიუჯეტში გვაქვს გამოყოფილი თანხა ჯგუფის სათამაშოების შესაძენად. თუმცა, ეს არასაკმარისია. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები ძალიან ძვირია. მათი შეძენისას, უპირველესად, ხარისხს ვანიჭებთ პრიორიტეტს, რაოდენობასთან შედარებით. თანაც ვცდილობთ, სათამაშოები ყველა საბავშვო ბაღში თანაბრად გავანაწილოთ.
მეტი დაფინანსების პირობებში აუცილებლად გავუზრდიდი ხელფასებს სკოლამდელი დაწესებულების ყველა თანამშრომელს, რადგან მათ ჩვენთვის უძვირფასესი – ჩვენი შვილების სიცოცხლე და აღზრდა-განათლება აბარიათ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში თითქმის ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა, იმერეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოქმედ საბავშვო ბაღებს შორის.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.