ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ოცი საბავშვო ბაღი და ერთი სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებას 15 სექტემბრიდან განაახლებს. ხუნევის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში კი სასწავლო პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.
რა სიახლეებით ხვდება ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ახალ სასწავლო წელს და რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი, – ამ და სხვა საკითხებზე გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლაცაბიძე გვესაუბრება:
– ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამ ბაღისთვის ავეჯი უკვე შევიძინეთ, ელექტრომრიცხველი დამონტაჟდა, ჟალუზები დავკიდეთ და რბილი ავეჯი მოვაწესრიგეთ.
ხუნევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.
ხარაგაულის #1 და მოლითის საბავშვო ბაღებისათვის სარეცხი მანქანის, საღანძილის ბაღისათვის – ელექტროღუმელისა და ბორითის ბაღისთვის – ხორცსაკეპი მანქანის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა და ამიტომ განმეორებით, გაზრდილი თანხით, გამოვაცხადეთ.
პროდუქტების გაძვირების გამო, წლის დასაწყისში ტენდერით შერჩეულმა მომწოდებელმა საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე უარი განაცხადა. ამიტომ კარაქის, შესქელებული რძისა და კაკაოს შეძენა სექტემბერ-დეკემბერში, სავარაუდოდ, გამარტივებული შესყიდვით მოგვიწევს. მომავალი წლისთვის საკვებ პროდუქტებზე ტენდერის ფასები ისე უნდა გავთვალოთ, რომ მომწოდებლებისთვის მისაღები იყოს.
იანვრიდან აღსაზრდელთა კვების მენიუ შეიცვლება. კერძებს, ძვლიანი ხორცის ნაცვლად, მხოლოდ რბილი ხორცით დავამზადებთ, შესქელებული რძე რძის ფხვნილით შეიცვლება, კვებიდან ამოვიღებთ კაკაოსა და ვაფლს. აღსაზრდელებს ოთხჯერ გამოვკვებავთ, მათ შორის ორჯერ – წახემსებით.
მაღალმთიანი სოფლების საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა სიმცირისა და რთული რელიეფის გამო პრობლემაა პროდუქტების მიწოდება; მაგალითად, წარმოიდგინეთ, 1-1,5 კგ. ხორცისთვის მომწოდებელი წიფაში უნდა ავიდეს. ეს პრობლემა მკვეთრად გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში, როცა ბაღებში ბავშვთა დასწრების მაჩვენებელი შემცირდა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში ბავშვთა დასწრება მოიმატებს.
სარგვეშის, ზვარის, წყალაფორეთისა და ლეღვნის საბავშვო ბაღებში სიით 6-7 აღსაზრდელია, რაც ძალიან ცოტაა. ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალ ბაღებში სულ 523 აღსაზრდელი ირიცხება. სოფლის ბაღების გამგეები მომავალი 2-3 წლის პერიოდისთვის აღსაზრდელთა სავარაუდო რაოდენობას აღრიცხავენ. რამდენიმე წლის წინ ლეღვნის საბავშვო ბაღის გამგე ვარაუდობდა, რომ კონტინგენტი ძალიან შემცირდებოდა და ასეც მოხდა. თუმცა, სოფელში სამი სკოლამდელი ბავშვიც რომ დარჩეს, ვალდებულები ვართ, სკოლამდელი დაწესებულების სერვისი შევინარჩუნოთ.
ბავშვთა კონტინგენტის მატებას ველოდებით საღანძილისა და ღორეშის საბავშვო ბაღებში. ღორეშაში 2020 წელს მეორე ჯგუფის გასახსნელად მოვემზადეთ, თუმცა პანდემიის გამო ბავშვები აღარ მოვიდნენ. მომავალში ღორეშაში მეორე ჯგუფიც ამოქმედდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. ამ ზაფხულს ხიდრის ბაღში წყალგაყვანილობა მოწესრიგდა, ზვარისა და კიცხის საბავშვო ბაღებისთვის წყლის რეზერვუარები შევიძინეთ. კიცხის ბაღისთვის ახლა წყლის სატუმბი ძრავი უნდა შევიძინოთ.
ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის მეორე სართულის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა, ეს სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის. მშენებლები ალტერნატიული შესასვლელით ისარგებლებენ.
მომავალი წლისთვის მოლითის საბავშვო ბაღის მოძველებული შენობის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ასევე მოსაწესრიგებელია ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ძველი კორპუსი.
ბორითის ბაღში მოსაწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა და იმედია, ამ პრობლემას სწავლის განახლებამდე მოვაგვარებთ. ბორითის საბავშვო ბაღში 52 აღსაზრდელი ირიცხება. ავტობანის მშენებლობის გამო ეზო ჩამოგვეჭრა და ბავშვები ღია სივრცეში ვეღარ გამოგვყავს. ავტობანი რომ ექსპლუატაციაში შევა, ბორითში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის აუცილებლობა დადგება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) რეკომენდაციით, ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში, გაზქურის ნაცვლად, ელექტროქურები დავდგით. ამის გამო თითქმის ყველგან გამოიცვალა გამწოვები, რადგან გამწოვის ფართი ღუმელის ზედაპირის თანაბარი უნდა იყოს.
ასევე სეს-ის მოთხოვნით, ჭერი გამოიცვალა ბორისა და მოლითის საბავშვო ბაღებში. ვახანის საბავშვო ბაღში დახურული ნათებები დავამონტაჟეთ.
სასწავლო წლის დასაწყისში ყველა საბავშვო ბაღში წყლის ვარგისიანობა შემოწმდება, დეზინფექცია და დერატიზაცია ჩატარდება.
საბავშვო ბაღებში HACCP-ის სისტემა ინერგება. მზარეულებმა და ექთნებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს; დიდი სამუშაოებია შესასრულებელი, რომლის განხორციელებაც ნელ-ნელა დავიწყეთ.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში 19 ადამიანი დასაქმდა. მივიღეთ ისეთი კადრები, ჰაერივით რომ გვჭირდებოდა, – ელექტრიკოსები ხიდრის, კიცხის, ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღებში. დასაქმებული ადამიანები, ალბათ, ზამთრისთვის სათბობი შეშის დამზადებაში უფრო გამოგვადგებიან. თვე არ გავა, რომ ბაღებში რაიმე არ დაზიანდეს, რის შესაკეთებლადაც დამატებითი დრო და ფინანსებია საჭირო.
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დაგვემატა აღმზრდელის დამხმარე, რომელიც ბაგის ჯგუფში იმუშავებს, – პატარა აღსაზრდელები დიდ ყურადღებას მოითხოვენ და მხოლოდ ორი ადამიანისთვის ძალიან რთულია.
სოციალური პროგრამით დასაქმებულ ადამიანებს ანაზღაურება 300 ლარი აქვთ. მათზე ნაკლები ხელფასი აქვთ მეორე ცვლის აღმზრდელებს, დამლაგებლებსა და დარაჯებს. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, „დაზარალებულები“ აღმოჩნდნენ და მათი უკმაყოფილებაც სრულიად ბუნებრივია. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რომ მეორე ცვლის აღმზრდელების, დამლაგებლებისა და დარაჯების ხელფასი სოციალური პროგრამით დასაქმებულთა ანაზღაურების ოდენობას მაინც გაუთანაბრდეს.
ხარაგაულში სპეციალისტების მოძიება ძალიან რთულია. ზვარის, წიფის, ღორეშის, ლეღვნის, სარგვეშისა და ვახანის საბავშვო ბაღებში მუსიკის მასწავლებლები არ გვყავს. არც მსურველია, რომ დავასაქმოთ. რამდენიმე საბავშვო ბაღში ექთანი გვესაჭიროება.
16 აღმზრდელი, აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად, გადამზადებას გაივლის. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 4-5 კვირის განმავლობაში კვირაში სამი დღე აღმზრდელებს ტრენინგებს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ჩაუტარებენ. ეს საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის აუცილებელია. ტრენინგები 15 ოქტომბრიდან დაიწყება.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
„საბავშვო ბაღი ბავშვისთვის და არა ბავშვი საბავშვო ბაღისთვის“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი