24 აპრილს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერიის ფინალის პირველი თამაში გაიმართა.
წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა ალექსი კიკნაძის ექვსეულმა, საღანძილიდან, შემდეგი შემადგენლობით – ალექსი კიკნაძე, ვარდო ჭიპაშვილი, მაია მესხიშვილი, ლელა ხელაშვილი, ეკა მესხი, დარეჯან გაბუნია.
თამაშში გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 6:0. გუნდის წევრებმა „დღის მოაზროვნედ“ ლელა ხელაშვილი გამოარჩიეს.
რამდენად ელოდნენ მაქსიმალური შედეგით გამარჯვებას, – ამ შეკითხვით გუნდის რამდენიმე წევრს მივმართეთ.
„ცხადია, ყველა, ვინც მონაწილეობს, გამარჯვებაზე ფიქრობს, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – თუმცა, ასეთი თამაშის დროს შედეგი მაინც გამართლებაზეა, – გააჩნია, რა შეკითხვები შეგხვდება. საერთოდ, სამასწავლებლოში თავისუფალ დროს გვიყვარს ინტელექტუალური შეკითხვების განხილვა; ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ; გუნდურ მუშაობას მიჩვეული ვართ და ჩვენი წარმატება ამანაც განაპირობა.
გუნდის წევრები, – საღანძილის სკოლის მასწავლებლები იმდენად ვუგებთ ერთმანეთს, ისე ვართ ერთმანეთთან შეთანხმებულ-შეხმატკბილებულები, რომ უბრალო მიმიკითაც, ჟესტიკულაციით, არავერბალურადაც ვაგებინებთ ერთმანეთს.
ამ თამაშისთვის სპეციალურად არ მოვმზადებულვართ. თამაშზე წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით მოვედით.
შეკითხვები არც ძალიან იოლი იყო და არც რთული. რაც შეეხება დღის მოაზროვნეს, ლექსო კიკნაძე და ლელა ხელაშვილი დავასახელეთ. მსჯელობის შედეგად უპირატესობა ლელას მივაკუთვნეთ, თორემ ეს ტიტული ლექსოსაც ნამდვილად ეკუთვნოდა.
„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ყველა შეკითხვას თუ ვუპასუხებდით, – ძალიან გახარებული და გაოცებულია ლელა ხელაშვილი. მას ბავშვობიდან უყვარს ინფორმაციის მოძიება; ინტერნეტსაც, უმეტესად, საინტერესო ამბებისა და განმავითარებელი მასალების გასაცნობად იყენებს, სისტემატურად ავსებს კროსვორდებს.
ფეხმძიმედ იყო, ტელეთამაშში „ვის უნდა ოცი ათასი“ რომ მიიწვიეს. წინა ღამეს შვილი შეეძინა და მერე ოჯახში ხუმრობდნენ, – ჩვენი „ოცი ათასი“ ნინიკოაო.
გუნდმა შეკითხვების უმრავლესობას „ვადამდელი პასუხი“ გასცა, რამაც წამყვანის გაკვირვება გამოიწვია, – ნუთუ ასეთი მარტივი შეკითხვებიაო.
„საერთოდ, ადვილია, რაც იცი, – ამბობს გუნდის კაპიტანი ალექსი კიკნაძე, – რეალურად, საშუალო სირთულის შეკითხვები იყო“.
გუნდის წევრები ამბობენ, რომ თუ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მომავალშიც გაგრძელდება, მასში ისევ სიამოვნებით ჩაერთვებიან.
ორშაბათს, პირველ მაისს, ფინალში გივი კურტანიძის ექვსეული ითამაშებს.
ამავე თემაზე
„ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად საღანძილისა და ხარაგაულის გუნდები იბრძოლებენ
თამაშის „რა? სად? როდის?“ პოტენციურ მონაწილეებს ჩართულობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი