27 თებერვალს ხარაგაულში „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიის ფინალი გაიმართა. ამ სეზონზე გივი კურტანიძის, ვერა ოდიკაძის, დავით ჩადუნელისა და სპარტაკ ლაცაბიძის გუნდები თამაშობდნენ.
ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე დავით ჩადუნელის გუნდი ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით – კობა ყრუაშვილი, ბესო დავაძე, ნიკო მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე და კახა გოლუბიანი. გუნდმა ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა. დღის მოაზროვნედ ვასილ კიკნაძე დასახელდა.
გამარჯვებული გუნდი „სოკარმა“ 100 ლიტრი საწვავით დაასაჩუქრა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ – 500 ლარით. გენდერული თანასწორობის საბჭომ ის მაყურებლები დაასაჩუქრა, რომელთა შეკითხვებსაც მოაზროვნებმა ვერ უპასუხეს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ რედაქციის ფავორიტი, ვერა ოდიკაძის გუნდი დაასაჩუქრა. ამ გუნდს საჩუქრები გადასცეს ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის სახელით მანანა ტაბაშიძემ გამარჯვებული გუნდის წევრები ბესო დავაძე და კახა გოლუბიანი დააჯილდოვა, მერის მრჩეველმა იუზა კელენჯერიძემ – ბესო დავაძე, დავით ჩადუნელი და წამყვანი მამუკა ჭიპაშვილი, სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ – შემოდგომის სეზონის მოაზროვნე თამარ ფცქიალაძე.
როგორ აფასებს სეზონს და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რის გაუმჯობესებას აპირებს მომავალში, – ამ შეკითხვით ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორს, ხარაგაულში ამ ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
„ვფიქრობ, კარგი სეზონი გამოგვივიდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – წინა სეზონებისგან განსხვავებით, მოაზროვნეები ფინალში მოქალაქეებისგან გამოგზავნილ შეკითხვებზე პასუხობდნენ. ასეთი ტიპის ინტელექტუალური პროექტებით ახალგაზრდები უნდა დავაინტერესოთ. ვგეგმავთ, რომ გაზაფხულზე ინტელექტუალური თამაში როგორც მოსწავლეებს, ასევე ზრდასრულებს შორის გავმართოთ.
იმედი მაქვს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ თამაშის შემდეგ სეზონზე ბევრი ახალი გუნდი ჩაერთოს. ამ პროექტის წარმატებაც ეს იქნება და არა მხოლოდ „შინაური“ და შეჩვეული სახეებით თამაში. პოტენციურ მონაწილეებს თამაშში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რაც, პირველ რიგში, უკეთესად ინფორმირებულობით მიიღწევა.
შესაძლოა, პირველი ტური ისე ჩავატაროთ, როგორც გასული წლის შემოდგომაზე – მოსწავლეებს შორის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესაძლებელია ინტელექტუალი ადამიანების მოძიება, რომლებიც ამ თამაშში სიამოვნებით ჩაერთვებიან. მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი გუნდი იასპარეზებს. ხარაგაულში არიან მოაზროვნე და განათლებული ადამიანები, რომლებიც ძლიერ გუნდებს შექმნიან“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
აზარტული ვარ და ყოველთვის გამარჯვებისკენ ვისწრაფვი – თამარ ფცქიალაძე
ინტელექტუალურ თამაშში უფრო მეტი გუნდი უნდა ჩაერთოს
ფინალის ფოტოები იხილეთ სოციალურ ქსელში
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.