დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორსა და მსახიობს, თამაზ კიკნაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. 20 წელზე მეტია, ის მარადისობის მკვიდრია.

თამაზ კიკნაძის – ღირსეული ხარაგაულელისა და პროფესიონალის გახსენება მის კოლეგებს – ამჟამად ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორს – ირინე ჩხეიძესა და მსახიობ ნიკო წიკლაურს ვთხოვეთ.

ირინე ჩხეიძე: – ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ბატონ თამაზ კიკნაძეზე, – მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ ვითანამშრომლებდით.

მასთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის დღესასწაული იყო. ამას ვამბობ სრული გულწრფელობით. მიხაროდა სამსახურში, იმ ნესტიან სარდაფში მისვლა. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 80-იან წლებში ხარაგაულში კულტურის სახლი, ახლის აშენების მიზნით, დაანგრიეს. წლების განმავლობაში კულტურის სახლი მუსიკალური სკოლის სარდაფში ფუნქციონირებდა.

თურმე, არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურს როგორი კედლები და ჭერი ექნება. ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. ამას ახლა განსაკუთრებით ვაფასებ.

ბევრ კარგ ოფისში მიმუშავია, მაგრამ ის სითბო და სიყვარული, რაც ხარაგაულის სახალხო თეატრის ერთ ვიწრო და ნესტიან სარდაფში ამ თეატრის მსახიობებს ერთმანეთის მიმართ გვქონდა, სხვაგან არსად მიგრძვნია. ეს თამაზ კიკნაძის დამსახურებაა.

თამაზ კიკნაძე იყო ნამდვილი ხელოვანი, ყოველგვარი ხელოვნურობისგან დაცლილი – სცენაზეც და ცხოვრებაშიც, სუფთა და ალალი.

მისაბაძია მისი უდიდესი სიყვარული ხელოვნების – თეატრის, სიმღერის, ფოლკლორის, ლექსის მიმართ.

ძალიან მიხარია, ხარაგაულის სახალხო თეატრში მის შვილებთან – ვასიკოსთან და ბათუსთან ერთად რომ მიწევს მუშაობა. მიხარია, მისი საყვარელი თეატრის დღევანდელობა და მომავალი“.

„თამაზ კიკნაძესთან 1980 წლიდან ვმუშაობდი, – იხსენებს ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი ნიკო წიკლაური, – ის ჩემი პირველი რეჟისორი გახლდათ.

სპექტაკლების გარდა, ხარაგაულში კონცერტებს სისტემატურად  ვმართავდით. თამაზი ისე ააწყობდა ხოლმე საკონცერტო პროგრამას, რომ სცენაზე პირველი მე გავდიოდი. ეს კარგად ჰქონდა დაცდილი. „აბა, წიკლაანთ, შენ იცი, როგორც დაიწყებ, ისე წავა ყველაფერიო“, – მეტყოდა.

მისი ხელმძღვანელობისას წარმატებული იყო ხარაგაულის კულტურის სახლი და სახალხო თეატრი. მაღალი დონის პროფესიონალი იყო და ამავე დროს ძალიან თბილი და კეთილშობილი. ცდილობდა, ყველას მიმართ გულიანი ყოფილიყო. მისგან თანამშრომლებს ხმამაღალი სიტყვა არ გვახსოვს.

ხშირად ვუძღვნიდი ექსპრომტებს. სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ რეპეტიციები დიდხანს გაგრძელდა. ერთხელაც ბატონ თამაზს დავუწერე:

„თეთრ ბაირაღებს“ გვპირდება, ოთხი წელია თამაზი,
ვთხოვე, წელს მაინც დაედგა, სურვილი მქონდა თამაშის,
მან კი ღიმილით მირჩია, არ ამეტეხა განგაში,
რა დროის თამაშიაო, ამ გაგანია ზამთარში.

ღმერთმა აცხონოს თამაზ კიკნაძის, დიდებული და ალალი კაცის სული“.

ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“, ლატვია, 1991 წ. (მარცხნიდან პირველი თამაზ კიკნაძე).