საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი“ (დირექტორი მარიკა ვაჭარაძე) იმერეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში, მესამე თვეა, ახორციელებს პროექტს „კლიმატის ცვლილება და ენერგოეფექტური ქმედებების პოპულარიზაცია იმერეთის რეგიონში“.

ეს პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ხარაგაულის, ბაღდათის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანია, ქალებს, მათ შორის მცირე ბიზნესში ჩართულებს, მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა შეიძლება გაკეთდეს გლობალური დათბობის, ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების შესამცირებლად.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულში, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან თანამშრომლობით, გარემოს დაცვითი საკითხებით დაინტერესებულ 22 ქალთან ტრენინგი 19 მაისს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ჩემი ხარაგაულის“ 23 მაისის ნომერში უკვე გაგაცანით.

გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ საცხოვრებელ სახლებსა და სამუშაო ოფისებში ენერგიის ალტერნატიული წყაროები გამოვიყენოთ.

ამის მაგალითი ხარაგაულში უკვე გვაქვს – საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) მზის პანელები დაამონტაჟა 2023 წელს კი – „სათნოების სახლში“, 2019 წელს კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთ საბავშვო ბაღში (ხარაგაულის #1, ბორითის, კიცხის, წყალაფორეთისა და ვარძიის საბავშვო ბაღები).

განვითარებულ ქვეყნებში მზის პანელები თითქმის ყველა სახლზეა დამონტაჟებული. ამით მოქალაქეები ზრუნავენ გარემოზე და ამავე დროს, საკუთარი ოჯახის ბიუჯეტსაც ზოგავენ.

12 ივნისს ტრენინგის მონაწილე ქალებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად გავცნობოდით ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების მაგალითებს. ამ მიზნით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარსა და ბაზალეთში კომპანიებს – Esco-S (ესკო-ესი) და „სიდრის კლუბი“ ვესტუმრეთ. ეს კომპანიები საქმიანობაში მხოლოდ ალტერნატიული ენერგიის წყაროებს იყენებენ.

კომპანია „ესკო-ესი“ ენერგოეფექტურ ღუმელებს ამზადებს. „სიდრის კლუბში“ ვაშლის, ჟოლოს, ბროწეულის, ალუბლისა და სხვა ხილისგან დაბალალკოჰოლური შუშხუნა ღვინოები მზადდება. ამ კომპანიების დამფუძნებლის ზაალ ხელაძის მიზანი საქართველოში „მწვანე ბიზნესის“ განვითარება და მისი პოპულარიზაციაა.

„ენერგოეფექტური ღუმელი ორჯერ მეტ სითბოს გამოიმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელი, – ამბობს ზაალ ხელაძე, – ამ ღუმელებში საწვავად, შეშის გარდა, გამოიყენება თხილისა და კაკლის ნაჭუჭი, რაც ხელს უწყობს გარემოში ემისიების შემცირებას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

ენერგოეფექტური ღუმელის ფასი მისი დიზაინის, ზომისა და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება და მერყეობს 1000-დან 2 500 ლარამდე. სახელმწიფოსგან მოქმედებს თანადაფინანსების პროგრამა – „კლიმატის მწვანე ფონდი“ ღუმელის შეძენის მსურველებს 300 ლარს უფინანსებს“.

ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოსა და „სიდრის კლუბში“ პროფესიული სასწავლებლები ფუნქციონირებს. სტუდენტებს ღუმელების დამზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ასწავლიან. „სიდრის კლუბი“ ოფიციალურად აკრედიტებული ორგანიზაციაა, რომელიც მზის ელექტროსადგურების, კოლექტორების, ბიომასის ღუმელების და ბიომასის ბოილერების მიმართულებით პროფესიონალებს ამზადებს.

ამ კომპანიის შენობები საქართველოში პირველი „მწვანე შენობებია“, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოება მხოლოდ მზის პანელების, ქარის სადგურისა და სხვა ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგიით მუშაობს.

„ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ე.წ. „მწვანე ბიზნესის“ შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ მიმართულებით კადრების გადამზადება და მათი დასაქმებაა, – ამბობს ზაალ ხელაძე, – მნიშვნელოვანია, რომ წარმოებისთვის საჭირო სითბური ენერგია, ბიომასის სახით, თხილისა და კაკლის ნაჭუჭისგან გამომუშავდება“.

სიდრის საწარმოს შენობაშია ზაალ ხელაძის საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ისეა აგებული, რომ ოთახებში მზის სხივები მაქსიმალურად შემოდის. შენობაზე დამონტაჟებული მზისა და ქარის კოლექტორები საჭირო ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ზაფხულში კი ოთახები სპეციალური ეკოდანადგარების მეშვეობით გრილდება.

„მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნესი, ყველა საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს „მწვანე“. არავის გვაქვს უფლება, დედამიწა დავაზიანოთ, – ამბობს ზაალ ხელაძე, – მოხარული ვარ, რომ იმერეთის რეგიონიდან სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვით საკითხებში ინფორმაციის ნაკლებობაა. ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით დაინტერესებული ქალებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალი სპეციალობები, რომლებსაც ჩვენ პროფესიულ სასწავლებელში ვნერგავთ, ქალის შრომას შეამსუბუქებს. ამავე დროს ქალებს შეუძლიათ დაეუფლონ ამ ახალ პროფესიებს და დასაქმდნენ. ორგანიზაციასთან „რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი“ თანაშრომლობა ჩვენთვისაც კარგი შესაძლებლობაა, რადგან რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობას ვგეგმავთ“.

„საინტერესო და ნაყოფიერი საინფორმაციო შეხვედრა გამოგვივიდა, – ამბობს მარიკა ვაჭარაძე, – პროექტის – „კლიმატის ცვლილება და ენერგოეფექტური ქმედებების პოპულარიზაცია იმერეთის რეგიონში“ კოორდინატორი, – კომპანიები, რომლებიც მოვინახულეთ, წარმოებაში მხოლოდ ალტერნატიული ენერგიის წყაროებს იყენებენ.

ამ საკითხის პოპულარიზაცია ასეთი საწარმოების ზრდას ხელს შეუწყობს. ასე მუშაობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია“.

„უკვე დავგეგმე, როგორ გამოვიყენო ძველი ნივთები და მათ „ახალი სიცოცხლე“ მივანიჭო, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები მცირე მეწარმე ირმა სხილაძე, – „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გამართულ ტრენინგზე ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებასა და ნარჩენების სწორად მართვას. დუშეთში კი ამის პრაქტიკული მაგალითები ვნახეთ.

ერთი შეხედვით „უსარგებლო ნივთების“ გამოყენება ასე გონივრულად და სასარგებლოდ თუ შეიძლებოდა, არ მეგონა. მაქსიმალურად ვეცდები, ნარჩენების რაოდენობა შევამცირო“.

„დუშეთში ექსკურსიის დროს საინტერესო რჩევები მივიღეთ, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა კვინიკაძე, – სკოლებიდან საგანმანათლებლო ექსკურსიები სწორედ ასეთ ადგილებში უნდა ეწყობოდეს, რომ მოსწავლეები, პედაგოგები გარემოს დაცვით საკითხებს გაეცნონ და პრაქტიკულად განახორციელონ“.

„სიდრის კლუბში“ სტუმრობამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, – ამბობს „ხარაგაულის სპორტის ცენტრის“ თანამშრომელი ქეთევან კიკნაძე, – მეტად ვიზრუნებ ძველი ნივთების გამოყენებასა და ელექტროენერგიის დაზოგვაზე. თითოეულმა ადამიანმა უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე კლიმატის ცვლილების შესამცირებლად“.

პროექტი – „კლიმატის ცვლილება და ენერგოეფექტური ქმედებების პოპულარიზაცია იმერეთის რეგიონში“ ორგანიზაციის – „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინო კაპანაძე