საქართველოში საჯარო სკოლების ავტორიზაცია დაიწყო.
2023 წელს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 საჯარო სკოლიდან ავტორიზაციისთვის მარელისის, კიცხისა და ვერტყვიჭალის სკოლები შეირჩა.
მარელისის სკოლის გუნდმა ავტორიზაციისთვის საჭირო თვითშეფასების კითხვარი, ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა და ავტორიზაციის მაძიებლის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი განათლების სამინისტროში 12 აპრილს წარადგინა. პასუხს დღე-დღეზე ელოდებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტები სკოლაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.
კიცხისა და ვერტყვიჭალის სკოლები ავტორიზაციისთვის მზადებას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყებენ. საქართველოში მოქმედი ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს. ავტორიზაცია ექვს წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
კერძო სკოლებისთვის ეს პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა კერძო სკოლამ – სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია უკვე სამჯერ გაიარა.
ავტორიზაციისთვის დაწესებული მოთხოვნები სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს. სასკოლო საზოგადოებამ საავტორიზაციო საბჭოს უნდა აჩვენოს, რისთვის არსებობს სკოლა კონკრეტულ თემში, როგორია მისი ხედვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა უფლებების დაცვის, უსაფრთხოების კუთხით და სხვ.
ავტორიზაციის საბოლოო მიზანია, რომ ყველა სკოლას თავისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ჰქონდეს და ის კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე იყოს მორგებული.
„სკოლის ავტორიზაციისთვის მზადება საკმაოდ რთული პროცესია, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – მრავალმხრივ მტკიცებულებებს მოითხოვს, ყველა პედაგოგისა და თანამშრომლის ჩართულობას.
ცალ-ცალკე მოვამზადეთ დოკუმენტები, თუ რა პროექტებს ახორციელებს სკოლა, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია ინფრასტრუქტურა, ფინანსური მდგომარება და ა. შ.
ამ პროცესში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტები გვეხმარებოდნენ. თვითშეფასების კითხვარის შევსებისას მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლის შესახებ ყველა ინფორმაცია გულწრფელი და რეალური იყოს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მარელისის სკოლის მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს – ჩვენ ერთად ვქმნით სკოლის ცხოვრებას. ამ პროცესში ნათლად დავინახეთ, რომ სკოლის ფუნქციონირება-განვითარება ყველას საზრუნავია.
შევაჯამეთ, რა გვიკეთებია წლების განმავლობაში. სიახლეებს მუდმივად ვნერგავთ, – კომპლექსური დავალებებით სწავლება დავიწყეთ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ. ეს ყველაფერი მასწავლებლებმა კურიკულუმებში ავსახეთ.
ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, სკოლა იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობისა და მათი სკოლაში მუშაობის დღეების რაოდენობის მიხედვით“.
მარელისის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინა კუპატაძე ამბობს, რომ სიახლეები მისთვის ყოველთვის სასიამოვნო გამოწვევაა.
„ავტორიზაციისთვის მზადების პროცესი საინტერესო იყო, – ამბობს ირინა კუპატაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის მარელისის სკოლა პირველია და „ახალ გზას“ ვკვალავთ. რამდენად კარგად გავართმევთ თავს ამ პროცესს, ეს სხვა სკოლებისთვის გეზის მიმცემი, მოტივაციის გამაძლიერებელი იქნება.
ჩემი, როგორც მასწავლებლის, უპირველესი საფიქრალია, მოსწავლეებმა რა ისწავლეს, კონკრეტული მასალა რამდენად გაიაზრეს. ავტორიზაციისთვის თითოეული გაკვეთილის აქტივობები სპეციალურ ცხრილში შევიტანეთ. ამ პროცესში კომპეტენტური და მცოდნე ექსპერტები გვეხმარებოდნენ.
გავწერეთ კომპლექსური დავალებების გეგმა, რომელთაც მომავალი, 2023-2024 სასწავლო წლიდან მოსწავლეებს შევთავაზებთ. შევეცადე, რომ ყველა დავალება ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო. 21-ე საუკუნის მოსწავლეს მარტო წიგნით, დაფითა და ცარცით ვერ დააინტერესებ.
კომპლექსური დავალებებით სწავლება მოსწავლეს სხვადასხვა უნარების შესწავლა-გაძლიერებაში ეხმარება; მაგალითად, სწავლობს მოთხრობას და შემდეგ ამის შესახებ რეპორტაჟი უნდა დაწეროს. ამ დროს მოსწავლე ბევრ ნიუანსზე ფიქრობს.
მეექვსე კლასში „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები შევისწავლეთ. მოსწავლეებმა რეპორტაჟის სახით გადმოსცეს, როგორ გაამეფა როსტევანმა თინათინი – ზოგმა ვიდეორგოლი ჩაწერა, ზოგმა – საგაზეთო სტატია მოამზადა.
მეორე წელია, კომპლექსური დავალებებით ვასწავლი და მას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ვგეგმავ“.
მარელისის სკოლის ისტორიის მასწავლებელი ინგა ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ სკოლის ავტორიზაცია აუცილებელია და საბოლოოდ, მოსწავლის ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება.
„მომავალი სასწავლო წლიდან კომპლექსური დავალებებით სწავლებაზე გადავდივართ, – ამბობს ინგა ვეფხვაძე, – ეს, პირველ რიგში, ინკლუზიურ სწავლებას, ანუ სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობას გულისხმობს“.
მარელისის სკოლას ავტორიზაციის წარმატებით გავლას ვუსურვებთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი