ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ 2023 წლის 21 მარტს ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. ავტორიზაციის საბჭომ გიმნაზიისთვის საქმიანობის გაგრძელების უფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
„ხარაგაულის გიმნაზიამ პირველად ავტორიზაცია 2012 წელს გაიარა, – გვიამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – შემდეგ 2017 წელს, როცა ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილი და განადგურებული იყო, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) შეუძლებელი შეძლო და გიმნაზიამ კვლავ განაგრძო სწავლის პროცესი. თუმცა, რომ არა ჩვენი პედაგოგების ღვაწლი, გამძლეობა, ინტელექტი და გამოცდილება, მხოლოდ მეუფე ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა.
წლევანდელი ავტორიზაციის პროცესი ჩვენთვის რთული და საინტერესო აღმოჩნდა. ვიყავით მოტივირებული და დარწმუნებულები, რომ მას აუცილებლად მივიღებდი. თუმცა, გვინდოდა, რომ ეს უხარვეზოდ, შენიშვნების გარეშე გაგვევლო“.
გიმნაზიის კოლექტივმა ამ პროცესისათვის მზადება ერთი წლის წინ დაიწყო. 40-მდე სახის დოკუმენტაცია მოამზადეს და მოაწესრიგეს. 2022 წლის 24 ოქტომბერს, ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, სკოლამ მიმართა განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრს, ავტორიზაციის მინიჭების სურვილით. ცენტრმა ამ სკოლას ჯერ მაძიებლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ხარაგაულის გიმნაზიაში ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.
„შეამოწმეს ყველაფერი, თითოეული საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, რესურსოთახი, ბიბლიოთეკა, ღია სპორტული მოედანი, ამფითეატრი; ასევე გაკვეთილების ცხრილი, სასწავლო გეგმა, ფინანსური თუ სხვა სახის დოკუმენტაცია. მათგან არც ერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. მხოლოდ ერთხელ გვითხრეს, რომ მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს, თუ შესაძლებელი იყო, სახელური მეორე მხრიდანაც ჰქონოდა. დილით გვითხრეს და საღამოს კიბის სახელური უკვე გაკეთებული იყო. ექსპერტები ცალ-ცალკე შეხვდნენ და ესაუბრნენ გიმნაზიის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს. თითოეული შეხვედრის შემდეგ ექსპერტები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ყველაზე მეტად მათი გაოცება გამოიწვია დამოკიდებულებებმა პედაგოგსა და ხელმძღვანელს შორის, მოსწავლესა და ხელმძღვანელს შორის, მშობელთა ჩართულობამ სასწავლო პროცესში. ამ ყველაფერმა საერთო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. მადლობა მეუფე მელქისედეკს, მადლობა გიმნაზიის თითოეულ პედაგოგს, ყველა მოსწავლესა და მოსწავლეთა მშობლებს“, – ამბობს დეკანოზი პავლე.
„2012 წელს სკოლაში მოსულმა ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა დამტვრეული სკამი ნახეს და თქვეს, – აქ რომ შვილი სასწავლებლად მოჰყავთ, რაღაც სხვა იზიდავთ, თორემ ასეთ პირობებში ნამდვილად არავინ მოიყვანდა საკუთარ ბავშვსო, – იხსენებს გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ნათელა კამკამიძე, – თანდათან დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თითქმის ყველა ამბობდა, რომ შენობის შეკეთება შეუძლებელი იყო და ახალი უნდა აშენებულიყო. ეპარქიის მღვდელმთავრები მეუფე სპირიდონი, მეუფე დიმიტრი ცდილობდნენ გიმნაზიის კეთილმოწყობას. თუმცა, საჭირო თანხები ვერ გამოინახა. მხოლოდ მეუფე მელქისედეკმა შეძლო ეს დიდი შრომით, მოძებნა სპონსორები, მოიძია თანხები, აქტიურად ეხმარებოდნენ გიმნაზიის ხელმძღვანელები მამა ანტონი (სულთანიშვილი) და მამა პავლე (ცერცვაძე).
წელს ავტორიზაციისთვის მთელი კოლექტივი დაირაზმა. ჩვენი თანამშრომლების ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა ის, რომ როცა კონკრეტული მიზანია მისაღწევი, ყველა თავის უმაღლეს შესაძლებლობას ავლენს. შუაღამემდე ვმუშაობდით, სახლში ღამის 3-4 საათზე მივდიოდით. ამ პროცესში ჩართული იყო დირექცია, კლასის ხელმძღვანელები, პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი. დიდი დახმარება გაგვიწია ხარისხის მენეჯერმა მარინა გოგოლაძემ.
ავტორიზაციის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა ახალი სკოლის მოდელის დამკვიდრებას სასწავლო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ XI და XII კლასებში, ჯერჯერობით, პროგრამა არ შეცვლილა, მაინც ვცდილობ სწავლების პროცესი ახალ მოდელს მოვარგოთ; აქტიურად გამოვიყენოთ შემაჯამებელი თუ კომპლექსური სამუშაოები, ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები და ვუპასუხოთ ყველა თანამედროვე მოთხოვნას. ის, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, საბჭომაც ერთხმად დაადასტურა“.
„სკოლის ფუნქციონირებაში უმთავრესი როლი აქვს მოსწავლეს და მის ჩართულობას სასწავლო პროცესსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ კუთხით, მიმდინარე წელს აქტიურად ვმონაწილეობდი თითქმის ყველა სასკოლო აქტივობაში, იყო ეს საშემოდგომო თუ საახალწლო ღონისძიებები. მამა პავლეს კურთხევით ჩავერთე წინა საავტორიზაციო პროცესში, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო დაფების გაკეთებასა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას“, – ამბობს გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე თეო ჭიპაშვილი.
„ავტორიზაციის პროცესში უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით სასწავლო პროცესს. ვმუშაობდით საკლასო გარემოს გასაუმჯობესებლად. ვამზადებდით პლაკატებს, ვაწყობდით სხვადასხვა აქტივობებს. ყველა საგანში გამოვუშვით კედლის გაზეთი. აქტიურად ჩავერთეთ სკოლის დასუფთავებაში; რაც მთავარია ჩვენ თვითონ ვგეგმავდით აქტივობებს და სიამოვნებით ვმონაწილეობდით მათ შესრულებაში. ერთობლივმა შრომამ სასურველ შედეგზე გაგვიყვანა,“ – ამბობს გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე შოთა ვეფხვაძე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი