ერთი წელია, რაც საქართველოში სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მიმდინარეობს.

ამ პროგრამაში ჩართვის უფლება ყველა იმ სრულწლოვან მოქალაქეს აქვს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 ათასს არ აღემატება. დასაქმების ამ პროგრამაში ჩართული პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში სოცაგენტის მიერ არ გადამოწმდება.

სამუშაოებში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მას შესაბამის ტერიტორიულ არეალში არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ. დაინტერესების შემთხვევაში მას გადაამისამართებენ დამსაქმებელთან, რომელსაც ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

დამსაქმებლები არიან – მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ები, სკოლები, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო. მხარეთა შეთანხმების შემდეგ ბენეფიციარს უფორმდება სამმხრივი სოციალური ხელშეკრულება და პროგრამაში ერთვება.

დასაქმების ამ პროგრამით მოსარგებლე პირი თუ საკუთარი ნებით უარს იტყვის მუშაობის გაგრძელებაზე, გადამოწმების ოთხწლიანი ჯავშანი მოეხსნება და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ყოველწლიურად გადამოწმდება. დასაქმებულები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ხელფასის სახით დაუბეგრავად 300 ლარს იღებენ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დასაქმების ამ პროგრამისთვის 2022 წელს 4 931 250 ლარი გამოიყო. საზოგადოებრივი სამუშაოს მსურველ პირებს პროგრამაში ჩასართავად არ სჭირდებათ გამოცდილება, კომპეტენცია ან შესაბამისი განათლება.

ბაზალეთში მცხოვრები თეა კერესელიძე გასული წლის ოქტომბრიდან ამ თემში შემავალ სოფლებში ეკლესიების ეზოებსა და სასაფლაოებს ასუფთავებს. ის კვირაში ხუთ დღეს 3-4 საათის განმავლობაში მუშაობს.

„ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის ეკლესიის ეზოებს ვასუფთავებ, – ამბობს თეა, – ახალგაზრდა ვარ და „ჩემი ფული“ რომ გამიჩნდა, მიხარია. თუმცა, არ ვიცი, რა იქნება ოთხი წლის შემდეგ, როგორ გაგრძელდება ეს პროგრამა. თუ ოჯახის გადამოწმების შემდეგ მაღალი ქულა მოგვენიჭება, აღარ დაგვასაქმებენ“.

ხარაგაულის თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე 1 311 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. მათგან საბავშვო ბაღებში – 57, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში – 48, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში – 7, სათნოების სახლში – 11, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში – 1160, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრში – 20, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში – 8.

აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაცია დასაქმების ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიშშია“ მოცემული.

რა ეკონომიკური სარგებელი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით, – ამ საკითხზე აზრის გასაზიარებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივმართეთ.

ხარაგაულში 2019 წლიდან მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერი და ა/ო „წიფლნარის“ დამფუძნებელი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა სასარგებლო იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დასაქმდნენ და ფულადი შემოსავალი გაუჩნდათ.

„ქუჩების, სასაფლაოებისა და გზების დასასუფთავებლად მთელი სოფლის მუშა-ძალის გამოყენება არასწორად მიმაჩნია, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – საზოგადოებრივი თავშეყრის ასეთ ადგილებს მოქალაქეებმა თავად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უნდა მოუარონ.

ერთი-ორი პირის დასაქმება კიდევ შეიძლება, – სასაფლაოზე ან ხე მოტყდება, ან სანიაღვრე არხი სილით ამოივსება.  ამას სჯობდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება დაეგეგმათ – მაგალითად, ხელი შეეწყოთ, რომ მათ მეფუტკრეობა, მეღორეობა განევითარებინათ და ფულადი შემოსავალი ასე მიეღოთ.

სოფლებიდან ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრამდე მგზავრობაში ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც ჭრა-კერვის შესწავლით არიან დაინტერესებულნი. ყველა სამსახურს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი უნდა ჰყავდეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი დაგვპირდა, რომ შესაბამისი სერტიფიცირებული კომპანიის კურსს ზრდასრულთა განათლების ცენტრში დააფინანსებს. ეს ძალიან კარგი იქნება. სახელმწიფოსგან ასეთი საჭიროებები უნდა დაფინანსდეს და არა სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“.

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ამ პროგრამაში ჩართული ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალი, მიმდინარე ინფლაციის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი მოსაზრებით, ეს პროგრამა კერძო სექტორს მნიშვნელოვნად აზარალებს და რეალურად, ვერც ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას ემსახურება.

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირები ახალ ცოდნას, უნარებს, პროფესიებს ვერ იძენენ, რაც მათ სამომავლოდ ეკონომიკურად გააძლიერებს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – მუნიციპალურ აიპებში დასაქმებულთა რაოდენობა ისედაც დიდია და პრობლემაა ადამიანური რესურსების მართვა – „დასაქმებულ“ ადამიანებს ფუნქცია უნდა მისცე.

ადგილობრივ ბაზარზე მუშახელის სიმწირეა და ამ პროგრამამ კერძო სექტორი კიდევ უფრო დააზიანა. ზოგადად, სახელმწიფო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს. სამუშაო ადგილებს კი ბიზნესი უნდა ქმნიდეს.

ადგილობრივი ბიზნესის და  სოფლის მეურნეობის კუთხით არათუ რაიმე დადებითი ტენდენციებია, პირიქით უარესობისკენაა საქმე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თითზე ჩამოსათვლელი ავეჯის საწარმო მუშაობს და წლებია, ათასგვარი დაპირებების მიუხედავად, ადგილზე სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა ვერ მოხერხდა. ფერმერიც და მეწარმეც კანონთან კონფლიქტში მოაქციეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საგანგაშოდ მაღალია მიგრაცია. ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი ტოვებს მშობლიურ კერას. მიდიან ყველაზე უფრო შრომისუნარიანი, ქმედითი, აქტიური ადამიანები. ეს ძალიან დამთრგუნველია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ატვირთული სოცდასაქმების პროგრამის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები პესიმიზმს კიდევ უფრო აღრმავებს. ხედავ, რომ სახელმწიფო შენს თანამოქალაქეებს, სოფლად დარჩენილ მოსახლეობას ვერ სთავაზობს სხვა ალტერნატივას, ვიდრე სოფლის სასაფლაოებისა და სარიტუალო დარბაზების მოვლა-დასუფთავებაა.

დამაზიანებელია ის შეცვლილი დამოკიდებულებაც, რომელსაც ამის შედეგად მივიღებთ – ადგილობრივი მოსახლეობა თავისთავად უნდა ზრუნავდეს იმ გარემოზე, სადაც მათ ცხოვრება და არსებობა უწევთ.

ამასწინათ ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ჩემთან ერთად მგზავრობდა. ეს ადამიანი ამ პროგრამის ბენეფიციარია და თურმე ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სოფელში გავრცელება ევალება.

იმ გაზეთს ხარაგაულის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარით დაფინანსებული გაუგებარი ფუნქციის მატარებელი ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი“ გამოსცემს და ამ ააიპმ-მა დამატებით კიდევ 20 თანამშრომელი დასაქმების სახელმწიფო პროგრამით მიიღო. ამ დროს ხარაგაულის სოფლებს არ აქვთ სასმელი წყალი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ საბიუჯეტო სახსრები არაეფექტურად იხარჯება.

ამ პროგრამაში სოციალურად დაუცველი ჩემი რამდენიმე მეგობარიც ჩაერთო. თავიდან ძალიან მოტივირებულები იყვნენ – საქმეც გაუჩნდათ და შემოსავალიც. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იმ ორგანიზაციაში თავი ზედმეტად იგრძნეს. იმდენი დასალაგებელიც არაფერია და 4-5 საათი ტყუილად ყოფნა გვიჭირსო, მითხრეს“.

ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოცდაუცველების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუ მათ სიღარიბე დაძლეული ექნებათ, ფულადი შემწეობა მოეხსნებათ; თუ არა, – მაშინ სოცდახმარებას ისევ მიიღებენ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე 

რეალური დასაქმება სოციალურად დაუცველებისთვის თუ საბიუჯეტო თანხების ფლანგვა

დასაქმება სიღარიბის დასაძლევად თუ ბერკეტი პოლიტიკური ზეგავლენისთვის