საქართველოში პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველებისთვის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ ამოქმედდა. ამ პროგრამაში ჩაერთვნენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება.

ისინი ყოველთვიურად 300 ლარს დაუბეგრავად იღებენ და მათ ოჯახებს საარსებო შემწეობა ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში სექტემბრიდან საჯარო სკოლები ჩაერთვნენ. „სკოლებში დამლაგებლის, ცეცხლფარეშისა და სხვა ტექნიკური პერსონალის საჭიროებაა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – ზოგიერთ სკოლას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ეზოს დასუფთავებას ერთი დამლაგებელი ვერ აუდის. სკოლებს კი არ აქვთ საკმარისი თანხა, რომ დამატებით საჭირო კადრს ხელფასი გადაუხადონ“.

„ადამიანს რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება, ამის წინააღმდეგი როგორ ვიქნები, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე, – სკოლაში ძალიან გვჭირდება კიდევ ერთი დამლაგებელი, რადგან ორი დამლაგებელი და ერთი მუშა, საქმეს ვერ აუდიან.

თუმცა, აქ დასაფიქრებელია ერთი ფაქტი, – ახალმოსულთა და დახვდურთა შორის უკმაყოფილებას ხომ არ გამოიწვევს და სამუშაო გარემოში არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ კლიმატს შექმნის ის, რომ ჩემგან დასაქმებულის ხელფასი 200 ლარია, ხოლო სოციალურად დაუცველის – 300 ლარი“?!

 

რეალური საჭიროება თუ გამოგონილი შტატები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოპოვებული ინფორმაციით, პირველი მარტიდან ამ დრომდე ხარაგაულის თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში 585 პირი დასაქმდა. მათგან – საბავშვო ბაღებში – 19, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში – 498, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში – 43, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრში – 10, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში – 2, სათნოების სახლში – 13.

ბიბლიოთეკებში სოციალურად დაუცველები წიგნის ამკინძავებად დასაქმდნენ.

მარელისის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ნაილი მაღრაძე მიიჩნევს, რომ თანხა, რაც ახლა სოციალურად დაუცველებს უნდა გადაუხადონ, უმჯობესი იქნებოდა, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებისთვის გამოყენებულიყო.

„ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის განახლება აუცილებელია, – ამბობს ნაილი მაღრაძე, – მარელისის ბიბლიოთეკაში იატაკი მოსაწესრიგებელია. ჩემთან ერთი ქალი დაასაქმეს წიგნის ამკინძველად. მას რას ვერჩი, მაგრამ ასაკინძი საშუალებები რომ არ გვაქვს?! პროექტი, „მოძრავი ბიბლიოთეკა“, რომელიც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალმა დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა შემოიღო, უფრო მომწონს. თუმცა, სოციალურად დაუცველს მოქალაქეებთან მარტო ვერ ვუშვებ, რადგან წიგნის გაცემა-ჩაბარებას ცოდნა სჭირდება.

მოსახლეობა ხომ ხედავს ამ ყველაფერს. ჯერ ერთი ადამიანის საქმე რა არის სასოფლო ბიბლიოთეკაში და ახლა მეორე რისთვის მიიღესო, – ამბობენ. 199 ლარია ჩემი ხელფასი. ვწვალობ, რომ ბიბლიოთეკამ გამართულად იფუნქციონიროს და მისი საჭიროება მოსახლეობამ მეტად დაინახოს. ახალ შტატს რომ ამატებ, იმ სამსახურს ხელი მეტად უნდა შეუწყო, რომ გამართლებული იყოს მისი დანიშვნა“.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „წიგნის ამკინძველი“ „ზემოდან“ მოგონილი სტატუსია. „ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც კი არ გვაქვს რესტავრაციის განყოფილება, – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი, – წიგნის შეკეთება, აკინძვა პრიმიტიულად – წებოთი, მაკრატლით, „სკოჩითა“ და თეთრი ქაღალდით ხდება.

ასე მუშაობენ ძველი ბიბლიოთეკარები და ამას ასწავლიან ახლა მიღებულებს. აკინძვისთვის საჭირო მასალებს ბიბლიოთეკებს წლის დასაწყისში, მათი მოთხოვნის შესაბამისად, ვაწვდით. თუმცა, წიგნების ნაწილი უკვე შეკეთებას აღარ ექვემდებარება“.

სოციალურად დაუცველებს რას დაავალებს, ზუსტად არ იცის ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ტაბატაძემ. „ეს ორი პიროვნება სამსახურში სხვადასხვა დავალებას შეასრულებს. შეიძლება ხვალ ისეთი რამ დავავალო, რაც დღეს არ მაქვს დაგეგმილი; მაგალითად, რომელიმე ამბულატორიის ოთახები დავასუფთავებინო – საღანძილეში ან წიფაში, სადაც მე ჩავთვლი საჭიროდ. სწავლა რომ დაიწყება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შემოწმებას დავიწყებთ. სანიტარული კუთხით თუ შენიშვნები გვექნება, მოვაწესრიგებინებ“.

დასაქმება საკუთარი ინვენტარით

ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში დასაქმებული სოციალურად დაუცველები სპეცმანქანების მრეცხავებად, ბუჩქების მკრეჭავებად, დარაჯებად და მეეზოვეებად მუშაობენ.

მერის წარმომადგენელი წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს ადამიანები სოფლებში სასაფლაოს, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს, საუბნო გზების სანიაღვრე არხებს, სოფლის ცენტრში თავშეყრის ადგილებს ასუფთავებენ. მაია გაჩეჩილაძის თქმით, მათ მუშაობა საკუთარი სამუშაო იარაღებით უწევთ.

დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ბუღალტერი ვიტალი იჩიქიტიძე ამბობს, რომ სოფლებში დასაქმებულთა მცირე ნაწილს უნიფორმა და სამუშაო იარაღები მიაწოდეს. „მერიას სამი კვირის წინ გადავუგზავნეთ ინფორმაცია, რომ 300 ცალი ჟილეტი, 600 ცალი ხელთათმანი და სხვადასხვა სამუშაო იარაღი გვჭირდებოდა. მერიამ ჩვენი ეს მოთხოვნა დასაქმების სააგენტოს გადაუგზავნა, – ამბობს ვიტალი იჩქიტიძე, – მას შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დასაქმების სააგენტოსგან ჯერ არაფერი მიგვიღია.

დამატებით უნიფორმებისა და ინვენტარის შეძენა ბიუჯეტში დაგეგმილი არ გვაქვს. სოციალურად დაუცველებს ხელშეკრულებებს ჩვენ ვუფორმებთ – 4 ცალად ვბეჭდავ ხუთფურცლიან ხელშეკრულებას. მარტიდან სექტემბრამდე იმდენი კარტრიჯი და ქაღალდი დავხარჯე, სამ წელიწადს რომ მეყოფოდა“.

 

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოს ბიზნესში უნდა დაესაქმებინა

ბიზნესი დასაქმების ამ პროგრამის მიღმა აღმოჩნდა. კერძო სექტორში, განსაკუთრებით რეგიონებში, კადრებისა და ფინანსების დეფიციტია.

დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ორგანიზაციას, არსებობის 24 წლის განმავლობაში, დამლაგებელი არასდროს ჰყოლია.

„საკუთარ შემოსავალზე რომ ხარ, დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ თითოეულ თეთრს მაქსიმალურად უფრთხილდები და ცდილობ, რაციონალურად და გონივრულად გამოიყენო, – ამბობს ლაურა გოგოლაძე, – ჩვენი გუნდის წევრები სამუშაო გარემოს თავად ვასუფთავებთ. ძალიან კარგი იქნებოდა, ამ პროგრამით დამლაგებელი რომ აგვეყვანა.

მაქსიმალურად ვცდილობთ, გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ მუნიციპალიტეტის 79-ვე სოფელში მივაწოდოთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც გაზეთის გამოწერა და წაკითხვა სურს. ჩვენი მცირერიცხოვანი გუნდით ამის გაკეთება რთულია. სოფლებში გვყავს ჩვენი გაზეთის მეგობარი-დისტრიბუტორები, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან.

ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სოფლებში გაზეთის დისტრიბუტორებს დავასაქმებდით და გაცილებით მეტი ადამიანი კვალიფიციურ, ოპერატიულ და სანდო ინფორმაციას მიიღებდა.

ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმების პროგრამა ბიზნესისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების შემოღებით. პანდემია რომ დაიწყო, 6 თვის განმავლობაში – 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფომ ბიზნესი საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლა.

ვფიქრობ, ნებისმიერი კერძო დამსაქმებელი, ორგანიზაციის საკუთარი შემოსავლებით, სოციალურად დაუცველს პრიორიტეტულად დაასაქმებს, თუკი ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო საშემოსავლო ან სხვა გადასახადზე შეღავათებს დაგვიწესებს“.

კაფე „დევების“ მფლობელი მარინე გოგია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას მოსახლეობის რეალური დასაქმება სურდა, ბიზნესი ამ პროგრამაში უნდა ჩაერთო. ის ამბობს, რომ თანამშრომლების დამატების შემთხვევაში ბიზნესს გააფართოებდა და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებდა.

„სამზარეულოში საქმე როცა შეიძლება სამმა ადამიანმა გააკეთოს, რა საჭიროა იქ ცამეტი?! ასეთი უაზრო დასაქმებით საერთო საქმე ფუჭდება და ბიუჯეტი იფლანგება“, – ამბობს მარინე გოგია.

მუშახელის პრობლემა აქვს ხარაგაულში პურის საცხობს. „ხელისუფლებაში ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, ყველას ვეუბნებოდი, რომ 4-5 კაცი, რომლებიც ყოველდღე კაბინეტებთან ხვდებოდნენ და სამსახურს ითხოვდნენ, ჩემთან გამოეშვათ, – ამბობს პურის ქარხნის დირექტორი დავით გაჩეჩილაძე, – რესტორანი დავკეტე, რადგან მიმტანისა და მზარეულის დამხმარეს თანხა ვეღარ ავუნაზღაურე.

ახლა მელავაშე და დამლაგებელი მჭირდება. გადაიღალენ ქარხნის თანამშრომლები. ჩემთან დასაქმებულს სახელმწიფო თუ ფულს გადაუხდის და მომეხმარება, მაგას რა აჯობებს. ბიზნესის ხელშეწყობა აუცილებელია“.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ დისტრიბუციის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კადრების ნაკლებობაა. იგივე პრობლემა აქვს სასტუმროებსა და რესტორნებს.

„სახელმწიფომ რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა დაიწყო, ამას ბიზნესმენებმა პოზიტიურად შევხედეთ. ვიფიქრეთ, რომ სამუშაო ძალა გვეყოლებოდა, – ამბობს ივა ჭყონია, – მაგრამ 20 000-მდე ადამიანი მხოლოდ სსიპ-ებსა და ააიპებ-ში დასაქმდა. საჯარო სექტორში დასაქმება კარგია, თუმცა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ბიზნესში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს“.

 

„არაფრის კეთებაში ფულს საარჩევნოდ არიგებენ“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე ამ პროგრამას „მოჩვენებით სამუშაოს“ უწოდებს და თვლის, რომ ზოგიერთ სოციალურად დაუცველს, შესაძლოა, საკუთარ ყანაში მუშაობა ერჩიოს, არაფრის კეთებაში აღებულ ფულს.

„ამ პროგრამას უარყოფითად ვაფასებ, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვერ ავლენს. ყველაფერი საარჩევნოდაა გათვლილი, რომ შემდეგ ეს პირები აიძულონ და საკუთარი ნების წინააღმდეგ ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიაცემინონ“.

ამ პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს ISET-ის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა. მისი თქმით, სამუშაო ადგილები ხელოვნურად იქმნება ისეთ სექტორებში, სადაც დასაქმებულთა პროდუქტიულობა დაბალია. ამით სახელმწიფო ქმნის ბერკეტს პოლიტიკური ზეგავლენის განსახორციელებლად.

„ოთხი წლის შემდეგ მივიღებთ იმას, რომ დამკვიდრდება – სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ და არა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ პროგრამაში დასაქმებულები კი კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან“, – ამბობს გიორგი პაპავა.

ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოცდაუცველების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუ მათ სიღარიბე დაძლეული ექნებათ, ფულადი შემწეობა მოეხსნებათ; თუ არა, – მაშინ სოცდახმარებას ისევ მიიღებენ.

 

სამ მეზობელ მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობით ხარაგაული ლიდერობს

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ იმ ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასია. 120 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებიდან კი ის პირები დასაქმდებიან, სადაც 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ორი წელია, არ გადამოწმებულა ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ ფულად სოციალურ შემწეობას უნდა იღებდნენ.

წლებია, მოსახლეობაში უსამართლობის განცდაა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სოციალურად დაუცველთა დასაქმების ეს პროგრამა ამ უსამართლობის განცდის გაღრმავებას უწყობს ხელს მათ შორის, ვინც თვლის, რომ სოციალური დახმარება ეკუთვნის, თუმცა მისი ოჯახის მდგომარეობა სოცაგენტმა თუ ფორმულამ არაადექვატურად შეაფასა.

დავინტერესდით, რამდენი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა მეზობელ მუნიციპალიტეტებში – კერძოდ, ჭიათურაში, საჩხერესა და ზესტაფონში.

ჭიათურის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ამ პროგრამით დასაქმებულია 77 პირი. აქედან ააიპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში“ 68 სოციალურად დაუცველი, ხოლო შპს „ჭიათურის წყალში“ – 9 პირი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფულად სოციალურ შემწეობას 3910 ოჯახი იღებს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში ამ ახალი პროგრამით დასაქმდა 156 სოციალურად დაუცველი; მათ შორის – „საჩხერის გაერთიანებულ საბავშვო ბაღში“ – 77 ადამიანი, ააიპ „ზურმუხტში“ – 79. საჩხერის მუნიციპალიტეტში ფულად სოციალურ შემწეობას 1752 ოჯახი იღებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 416 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმეს. ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში – 259 პირი, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში – 22, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში – 119, 16 სოციალურად დაუცველი პირი კი დასაქმებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის ადმინისტრაციული შენობის ფართის დამლაგებლის პოზიციაზე.

ფულად სოციალურ შემწეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 7 886 ოჯახი იღებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 585 პირი დასაქმდა. ფულად სოციალურ შემწეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1968 ოჯახი იღებს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დასაქმებულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

(გამოყენებულია ფოტოები ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, ბორითისა და ვახანის ადმინისტრაციული ერთეულების ფეისბუქგვერდებიდან)

სოციალურ ქსელში ამ მასალის გამოქვეყნებას მოქალაქეთა მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

ამავე თემაზე 

რეალური დასაქმება სოციალურად დაუცველებისთვის თუ საბიუჯეტო თანხების ფლანგვა