საქართველოში პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველებისთვის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ ამოქმედდა.
სოციალურად დაუცველები, დასაქმების შემთხვევაში, 300 ლარიან ხელფასს დაუბეგრავად მიიღებენ და მათ ოჯახებს საარსებო შემწეობა ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დასაქმების ამ პროგრამისთვის 2022 წელს 4 931 250 ლარი გამოიყო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ სულ ოთხ წელიწადში 200 000 ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე სხვა სამინისტროები 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას მოახდენენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, პირველი მაისის მდგომარეობით 7 060 სოციალურად დაუცველი დაასაქმეს.
რამდენი პირი დასაქმდა კერძო სექტორში, ეს ინფორმაცია სააგენტოდან, ჯერჯერობით, ვერ მოგვაწოდეს.
ამ ეტაპზე დასაქმების ხელშეწყობის პორტალზე 22 000-მდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული. მთავრობა წლის ბოლომდე ვაკანსიათა რაოდენობის 50 000-მდე გაიზრდას გეგმავს. დასაქმებულებთან ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდეა გაფორმებული. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი (1160) გურიაში დასაქმდა, ყველაზე ცოტა (39) – თბილისში. ამ პროგრამით იმერეთში სოციალურად დაუცველი 582 პირი დაასაქმეს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა, ამ პროგრამის შესახებ, თბილისში 18 აპრილს გამართა. რეგიონებში შეხვედრებს მაისიდან გეგმავენ.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ არაეფექტურია. მისი თქმით, დასაქმების პროგრამის შექმნა იმ დროს, როცა საჯარო სექტორში ისედაც ბევრი დასაქმებული გვყავს და ვცდილობთ, სახელმწიფოს მასშტაბი ეკონომიკაში შევამციროთ, ეს ახალი პროგრამა საბიუჯეტო რესურსის ფლანგვაა.
ექსპერტ გიორგი პაპავას გათვლებით, შესაძლოა, გამონაკლისები იყოს, მაგრამ ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები ეკონომიკას ვერ წაადგება. შეიქმნება არაეფექტიანი სამუშაო ადგილები, რომლებსაც არავითარი დამატებითი ღირებულება არ ექნება. ამავე დროს, სოციალურად დაუცველს მოგონილ სამუშაო ადგილზე რეალურად დრო ეკარგება, მისი რესურსი იფლანგება, რადგან ეს სამუშაო მას დამატებით კვალიფიკაციას ვერ მისცემს.
კერძო სექტორში სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესახებ გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სამუშაო ადგილების დამატება არც იქ იყოს საჭირო. ამოცანის ამგვარად დასახვა, რომ – „შევქმნათ სამუშაო ადგილები“, – არასწორია. სამუშაო ადგილები ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იქმნება.
„სამუშაო ადგილი მარტო ის ხომ არ არის, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს ხელფასი გადაუხადოს, – ამბობს გიორგი პაპავა, – ის ხომ რაღაც დოვლათს უნდა ქმნიდეს ან რეალურ მომსახურებას ეწეოდეს?!
უმუშევრობას დავძლევთ, თუ ქვეყანაში ბიზნესგარემო გაუმჯობესდა, თუ რეფორმებს უფრო სწრაფად და გამჭვირვალედ განვახორციელებთ. არაეფექტური და მოკლევადიანი პროგრამები შედეგს ვერ გამოიღებს. მერე, რაღაც მომენტში, მთავრობა გვეტყვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა, ვალებს ვეღარ ვიხდით და ფული უნდა ვისესხოთ.
გავა წლები და ამ ხელოვნური სამუშაო ადგილებით ისევ იგივე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. ისევ უმუშევრობა იქნება პირველი პრობლემა და ისევ არაკვალიფიცური კადრები – მთავარი გამოწვევა. მოვა არჩევნები და იტყვიან, – „ამდენი ადამიანი დავასაქმე“. სინამდვილეში, ბიუჯეტის ხარჯზე, რესურსები იფლანგება“.
ხარაგაულის მაგალითზე დავინტერესდით მუნიციპალიტეტებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობით. ხარაგაულში კერძო სექტორში, ამ პროგრამის ფარგლებში, არავინ დასაქმებულა. რეგიონებში კერძო დამსაქმებლებს ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.
პირველი მაისის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში 69 სოციალურად დაუცველი დასაქმდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში სულ 107 ვაკანსია გამოცხადდა.
„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში“ 52 ვაკანსიაზე 21 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ისინი სპეცმანქანების მრეცხავებად, ბუჩქების მკრეჭავებად, დარაჯებად და მეეზოვეებად მუშაობენ;
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ სოციალურად დაუცველი ერთი ექთანი დაასაქმეს;
ხარაგაულის „სათნოების სახლში“ – ერთი სოცმუშაკი, ერთი ჭურჭლის მრეცხავი და დიასახლისის 10 დამხმარე;
„მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრში“ – ბეჭდური მასალების ორი გამავრცელებელი;
„სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ – სოციალურად დაუცველი ერთი პირი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ბაგის ჯგუფში ძიძის დამხმარედ დაასაქმეს, 13 პირი – სხვადასხვა ბაღებში ეზოებისა და შენობების მომვლელებად;
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ 19 სოციალურად დაუცველია დასაქმებული. 15 მათგანს სასოფლო ბიბლიოთეკებში წიგნების აწყობა-შეკეთება დაევალა, ერთს – მუზეუმში წიგნების აწყობა, თითო-თითო პირია პასუხისმგებელი პატარა ხარაგაულში მაცხოვრის სახელობისა და ლაშეში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მოვლა-პატრონობაზე. ხელშეკრულებაში არ წერია, კონკრეტულად რომელ კულტურულ ძეგლს უნდა უპატრონოს დასაქმებულმა პირმა ფარცხნალში.
ტურიზმის მიმართულებით სამი ვაკანსია გამოაცხადა „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა“. ამ პოზიციებზე დასაქმების მსურველი, ამ დრომდე, არავინ აღმოჩნდა.
„სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსულ მოქალაქეს, თუ უკვე აქვს ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიის შესახებ, განაცხადს ვავსებინებთ, – ამბობს სააგენტოს ხარაგაულის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი კახა კალანდაძე, – თუ არადა, ვაწვდით ინფორმაციას გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე და ის თავად ირჩევს შესაბამის სამსახურს.
მოქალაქეს თუ კერძო სექტორში დასაქმება სურს, მაშინ განცხადებაში ამასაც ვუთითებთ და ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვაწვდით. ხარაგაულის მომსახურების ცენტრში პირველი მარტიდან პირველ მაისამდე 307-მა სოციალურად დაუცველმა მოგვმართა. მათგან 255 აქ, ადგილზე მოვიდა, დანარჩენებმა დასაქმების სურვილი სოფლებში შეხვედრების დროს გამოთქვეს.
ვაკანსიები სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც ჰქონდა. თუმცა, ხარაგაულში, სოციალურად დაუცველებმა დასაქმების სურვილი, ძირითადად, თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში გამოთქვეს“.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ის პირები დაასაქმეს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი