„9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული და ამასთანავე, საზეიმო დღე არის. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 21 ადამიანი დაიღუპა. ის სიმწარე, რაც აქციის დარბევას მოჰყვა, დღემდე მომყვება. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – ამბობს 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილე პაატა გოგოლაძე. მას ამ დღის გახსენება კიდევ ერთხელ ვთხოვეთ.

„მაშინდელ ახალგაზრდებს, არსებული რეჟიმის მიმართ, არაერთი შეკითხვა გვქონდა. 1987 წელს სტუდენტი გავხდი. მაშინ უკვე დაწყებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ახალგაზრდები სიონში ვიკრიბებოდით და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობდით, აქტიურად ვესწრებოდით დავით ბაქრაძის ლექციებს უნივერსიტეტსა და ჭადრაკის სასახლეში.

1988 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იატაკქვეშიდან ქუჩაში გადმოინაცვლა და ახალგაზრდები მათ შევუერთდით. 1988 წლის 25 თებერვლიდან საპროტესტო აქციებში ჩავერთე. 1988 წლის ნოემბრის აქციების დროს მოშიმშილეთა შორის რამდენიმე ხარაგაულელი იყო.

აქციებზე ერთად ვიდექით მე, ნოდარ ვეფხვაძე, კობა ლურსმანაშვილი, გია ფოფხაძე და სხვები. ჩვენი საქმიანობა მაშინ არალეგალურად მიიჩნეოდა და ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის კანონმდებლობა დახვრეტას ითვალისწინებდა.

სწორედ აქციის მონაწილეების შეუვალობის შედეგი იყო, რომ 1988 წლის ნოემბერში საბჭოთა კონსტიტუციაში არ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „მოკავშირე რესპუბლიკათა“ სუვერენული უფლება სერიოზულად იზღუდებოდა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს წინ უსწრებდა ლიხნის მიმართვა, რომლითაც აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებლობას ითხოვდა. აქცია რუსთაველზე 4 აპრილს დაიწყო. სიტყვით გამოდიოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, დავით ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე.

მათი ნაწილი ამბობდა, რომ აქციის მონაწილეები ენგურის ხიდთან უნდა წავსულიყავით და იქ დაგვეფიქსირებია ჩვენი პოზიცია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. გია ჭანტურიამ ეს მოსაზრება უარყო. მისი ვარაუდით, ეს ნაბიჯი აფხაზი ხალხისა და ჩვენს დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამით კი ისარგებლებდა მაშინდელი ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოებას ეტყოდა, რომ ეს ქართველების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კი არა, ეთნიკური კონფლიქტიაო.

ახალგაზრდები, – მათ შორის მე, კობა ლურსმანაშვილი, ნოდარ ვეფხვაძე და სხვები ოთხი დღის განმავლობაში ვმუშაობდით აქციაზე ხალხის მობილიზებისთვის, – დავდიოდით ფაბრიკა-ქარხნებში, მოვუწოდებდით ყველას, რომ ჩვენს აქციას შეერთებოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა მოეთხოვათ. უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა.

მას შემდეგ არასოდეს მინახავს ასეთი ერთიანობა, სილაღე, ენთუზიაზმი და ერთმანეთზე ზრუნვა. აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ საბჭოთა კავშირს ძალისმიერი მეთოდებით ვერ მოვერეოდით, მაგრამ ჩვენი შინაგანი შეგნებით მზად ვიყავით, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავიც კი გაგვეწირა.

9 აპრილის ღამის 3 საათიდან რუსთაველისკენ სამხედრო ტექნიკა დაიძრა; იყო გაფრთხილებები, მოწოდებები, რომ დავშლილიყავით. მოვიდა პატრიარქი, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ქაშვეთის ტაძარში გადაგვენაცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთ ჩვენგანს იქიდან ფეხი არ მოგვიცვლია.

ტანკების გამოჩენას, თავდაპირველად, სიმღერით შევხვდით. აქციის მონაწილე უსინათლოები მღეროდნენ. შემდეგ კი სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმას, რაც მერე მოხდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ცოტა ხანში ჩვენს დარბევას დაიწყებდნენ.

ვიცოდი, 1956 წელს როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ჯარი ქართველებს, ვიცოდი ჩეხეთსა და უნგრეთში მომხდარი ტრაგედიები. თუმცა, მაინც არ  ველოდი, რომ 9 აპრილსაც იგივეს გააკეთებდნენ. ახლა სავსებით დარწმუნებული ვარ, თუნდაც უკრაინის ამბებიდან გამომდინარე, რომ რუსეთის არმიისთვის არ არსებობს არანაირი დრო – ისინი ახლაც იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც ყოველთვის.

…დაახლოებით 4 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია. ტანკებს მოჰყვა საჯარისო შენაერთები, რომლებიც იყვნენ ჩაფხუტებში და ნიჩბებით შეიარაღებულები. აქციის მონაწილე მამაკაცები ვცდილობდით, რომ ქალები და ახალგაზრდები შუაში მოგვექცია და დაგვეცვა. გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და სხვა მომწამვლელი აირები. სპეცრაზმმა მომიტინგეების შუაში დაიწყო შემოსვლა. აქცია ორ ნაწილად გაჰყვეს.

თავიდან ერთმანეთის დახმარებას ვცდილობდით, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ყველამ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრი დავიწყეთ. უნდა ითქვას, რომ სამედიცინო მუშაკებმა, მაშინდელმა მილიციამ და ქართველმა რაბგისტებმა, შეთანხმებული მუშაობით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ისინი ცდილობდნენ, დაჭრილები და დაშავებულები აქციის ეპიცენტრიდან განერიდებიათ.

ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ იყო დიდი ჭიშკარი. რამდენიმე ადამიანი იმ ჭიშკარზე გადავძვერით და მაცხოვრებლების დახმარებით გოგოლის ქუჩაზე გავედით, იქიდან კი მხატვრის სახლთან.

აქცია სულ ნახევარ საათში დაარბიეს. შემდეგ რუსთაველის მთელი გამზირი ჩაკეტეს და იქ აღარავის უშვებდნენ. ფილარმონიასთან ვიყავით შეკრებილები დილის 7 საათზე, როცა პრესის ჯიხურები გაიხსნა. გაზეთები შევიძინეთ. იქ ეწერა, რომ მომხდარში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები იყვნენ დამნაშავეები; რომ აქციის მონაწილეები არ ვითვალისწინებდით მოწოდებებს, ანტისაბჭოტა პროპაგანდას ვეწეოდით და ძირს ვუთხრიდით ჩვენს ქვეყანას.

დაახლოებით ნახევარ საათში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, გაზეთების მთელი ტირაჟი ამოიღეს და უკანვე წაიღეს. რამდენიმე ხანში შეიცვალა რიტორიკა და უკვე ვეღარავინ ბედავდა ეთქვა, რომ ეს ტრაგედია აქციის მონაწილეთა ბრალი იყო. ყველა ადანაშაულებდა სადამსჯელო ჯარს, რომელიც თბილისში მშვიდობიანი აქციის დასაშლელად შემოიყვანეს.

9 აპრილი ჩვენთვის სიხარულისა და გლოვის დღეა. დღემდე ცხადად მახსოვს ის სიმწარე, რაც უშუალოდ 9 აპრილს რუსთაველზე დატრიალდა. ეს არის ჩვენი ისტორია. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირა. ღრმად მწამს, რომ არც ერთი წვეთი დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ დაიკარგება.

თამთა გოგოლაძე