23 წლის ვიყავი, სამუშაოდ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში რომ მოვედი. გაზეთს ერთი წლის იუბილე უსრულდებოდა. გაზეთის რედაქტორთან, ლაურა გოგოლაძესთან, გასაუბრების პირველივე წუთებში მივხვდი, რომ მთავარი ჩემს საქმიანობაში ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება იქნებოდა.
ლაურამ, პირველ რიგში, საკუთარი მაგალითით მაჩვენა, რომ ნებისმიერ რესპონდენტთან, თუნდაც ის საკუთარი ძმა ყოფილიყო, უნდა დაგვესვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და სიმართლის დასადგენად შეუპოვრად გვებრძოლა. დაბრკოლების დროს კი ლაურას მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი.
სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი სიტყვები და მაღალპროფესიონალური რჩევები, რასაც ჩვენი რედაქტორი თითოეული ინფორმაციის, სტატიის, სიუჟეტის მომზადებისა და გამოქვეყნების შემდეგ გვეუბნება, თანამშრომლებს დიდ ძალას, ენერგიასა და პასუხისმგებლობას გვმატებს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და როგორც ჟურნალისტი. აქ ვისწავლე თანამშრომლობა და გუნდურობა.
რამდენი რამაა მოსაგონარი – რესპონდენტებისგან გაზიარებული სიხარული კარგი სტატიებისა თუ ვიდეო სიუჟეტების გამო; მოსახლეობის მადლიერება მათი პრობლემების გაშუქებისა და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ; მაღალჩინოსანთა დისკომფორტი, როცა მათგან მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას მოვითხოვდით; თანამშრომლების, გულშემატკივრებისა და მხარდამჭერების სიხარული, როცა კონკურსებში ვიმარჯვებდით.
რეგიონულ მედიაში მუშაობა არ არის ადვილი იმის გამო, რომ აქ ჟურნალისტები და რესპონდენტები თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, ნათესავები თუ არა, მეგობრები და ახლობლები მაინც ვართ. თუმცა, ეს არასდროს გვაბრკოლებდა კრიტიკული და მომთხოვნი ვყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ.
მახსოვს, ჩემი მეგობრის მამამ მითხრა ერთხელ – იქნებით პოპულარულები და სანდოები, ბიძია, აბა, რა, სიმართლის თქმისას არავის ერიდებითო. ეს ყველაზე დიდი შეფასება იყო.
სანდოობა და ობიექტურობა, – აი, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და შეხედულების მოქალაქეები გაზეთსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩვენს მასალებს ეცნობიან.
რეგიონულ მედიაში მუშაობის ყველაზე დიდი პლიუსი კი ისაა, რომ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და შეგვიძლია ეს საკითხები ექსკლუზიურად გავაშუქოთ.
და მაინც, რა მომცა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში მუშაობის 24 წელმა?! ერთი სიტყვით რომ ვთქვა, – ყველაფერი. და ყველაზე მთავარი – არასდროს წავიდე სიმართლესთან და სინდისთან კომპრომისზე!
ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა „ჩემ ხარაგაულში“ გატარებული წლები, ძვირფასია თითოეული სტატია, სიუჟეტი, ინტერვიუ, ახალი ამბავი; ძვირფასი და დასაფასებელია ჩვენი მკითხველი, რომელიც 25 წელია ერთგულად გვენდობა და მადლობა მათ ამ ერთგულებისთვის.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას. დარწმუნებული ვარ, ყველაზე საუკეთესო წლები, დიდი გამარჯვებები და წარმატებები წინაა.
პატივისცემით, ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი