27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა ეს დღე სპექტაკლით – „მაცეკვე ტანგო“ აღნიშნა.

სპექტაკლის დაწყებამდე ხარაგაულის სახალხო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები – ლუიზა კიკნაძე, ნიკო წიკლაური, ნიკო დეკანოსიძე და ამავე თეატრის მხატვარი გაიოზ შუბითიძე მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.

მადლობის სიგელები მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა გადასცეს.

„პირველად ხარაგაულის თეატრის სცენაზე რომ ვითამაშე, მეცხრე კლასში ვიყავი, – აღნიშნა მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ, – მაშინ სასკოლო დათვალიერებები ტარდებოდა და ღონისძიების შემდეგ თეატრის რეჟისორმა ოთარ აბაშიძემ სპექტაკლში მათამაშა.

ის იყო ჩემი პირველი რეჟისორი, შემდეგ ხარაგაულის თეატრის რეჟისორი თამაზ კიკნაძე გახლდათ. მათ საქმეს ირინე ჩხეიძე  ღირსეულად აგრძელებს.

„დღევანდელი ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელია, – აღნიშნა მსახიობმა ნიკო დეკანოსიძემ, – 50 წელია, რაც ხარაგაულის თეატრის სცენაზე ვთამაშობ და ეს მადლობის სიგელი გამორჩეულია, რადგან ის ჩემი ხარაგაულელებისგან მივიღე“.

„თეატრი ეს არის რეჟისურის, მსახიობების თამაშისა და მხატვრობის სინთეზი. ყველაფერი ჩვენი ერთობლივი შრომით იქმნება. მადლობა, რომ მობრძანდით და გიყვართ თეატრი“, – მიმართა ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას მხატვარმა გაიოზ შუბითიძემ.

სპექტაკლი „მაცეკვე ტანგო“ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის სცენარის მიხედვით დადგა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ამ სპექტაკლით, საერთაშორისო ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი – 2022“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.