ოცდაათი წლის წინ, გოჩა კვინიკაძემ წიფის სკოლაში რომ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო, ამ სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობდა. დღეს კი მხოლოდ 43 მოსწავლეა. მაღალმთიანი სოფლისა და სკოლის გამოწვევებზე, საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე წიფის სკოლის დირექტორს, გოჩა კვინიკაძეს ვესაუბრეთ.
– ბატონო გოჩა, რა გამოწვევების წინაშეა მაღალმთიანი სოფლის სკოლა და თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
– 16 წელია, წიფის სკოლის დირექტორი ვარ. წლიდან წლამდე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება. რკინიგზის ახალი მაგისტრალი ექსპლუატაციაში რომ შევა, წიფაში რკინიგზის სადგური გაუქმდება. ამიტომ სოფელს რკინიგზელთა ოჯახებიც დატოვებენ.
წიფის სკოლის 43 მოსწავლიდან სამი მასწავლებლის შვილია და 40 – რკინიგზაში დასაქმებულების.
2023 წლის მაისში წიფის სკოლას ექვსი მოსწავლე დაამთავრებს. სექტემბერში, პირველ კლასში ორ მოსწავლეს ველოდებით.
წიფის სკოლის დღევანდელი შენობა ექსპლუატაციაში 1982 წელს შევიდა. 2005 წელს სკოლის შენობის სახურავი შეიცვალა და ფასადი შეიღება; 2008 წელს მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაისვა. 2021 წელს სველი წერტილები სკოლის შენობაში განთავსდა. გასულ წელს კი ექთნის ოთახი მოეწყო.
ფაქტობრივად, 40 წელია, სკოლაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა, შენობაში, ინფრასტრუქტურის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს.
სკოლის ეზოში საყრდენი კედელი გვენგრევა. ეზოში უნიკალური ნაძვის ხეებია და ორი ძირი, იმ ავარიული საყრდენი კედლის გამო მოითხარა. ოთხი წლის წინ წიფაში ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებლობა რომ დაიწყო, გზის მშენებელი „აკკორდი“ საყრდენი კედლის გამაგრებას დაგვპირდა.
ეს საკითხი განათლების სამინისტროსთანაც შევათანხმეთ. თუმცა, „აკკორდმა“ გზის მშენებლობა მიატოვა და ახლა როდის შევძლებთ საყრდენი კედლის ნგრევისგან მოსალოდნელი საფრთხის შეჩერებას, არ ვიცით.
– თქვენ ბრძანეთ, რომ სკოლის უმთავრესი პრობლემა კონტინგენტის სიმცირეა.
– ბოლო წლებია, წიფის თემის სოფლებიდან ოჯახები თანდათან ქალაქებში წავიდნენ საცხოვრებლად. აქ, უმეტესად, 50 წლის ასაკისა და ამაზე უფროსი თაობის ადამიანებია დარჩენილი.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით რომ პროგრამები მოქმედებს, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებით, ჩვენნაირი სოფლების რეალობაზე ვერ არის მორგებული. მიწა მოუსავლიანია. წიფაში ოჯახებმა საქონელი, ფუტკარი მოიშენეს, მაგრამ თუ, ამასთან ერთად, სტაბილური ფულადი შემოსავალიც არ გაქვს, სოფლის მეურნეობით წიფაში ვერ იცხოვრებ.
2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შეღავათით ის პირები სარგებლობენ, რომლებიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ. წიფის სკოლის მასწავლებლების დიდი ნაწილი ხაშურში ცხოვრობს. წიფაში მცხოვრები და მომუშავე რკინიგზელების დასაქმების ადგილად ხაშური ითვლება. გამოდის, რომ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი ცოტა დასაქმებულს ეხება.
კარგია ის, რომ მაღალმთიანი დასახლების სკოლა უფრო მეტ ვაუჩერს იღებს. ამის მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები დაბალია. ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოს სკოლები, სადაც დირექტორს თანამშრომელზე დაბალი ხელფასი აქვს.
მასწავლებელი, რომელსაც სრული განაკვეთი აქვს, 1200-დან 1500 ლარამდე ხელფასს იღებს, სკოლის დირექტორის ხელფასი კი 560 ლარია. კიდევ კარგი, დირექტორებს რამდენიმე საათის ჩატარების უფლება გვაქვს.
– რა საჭიროებების წინაშე დგანან მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახები, რა არის მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?
– წიფის თემის მოსახლეობას ცენტრალური საავტომობილო გზის გაუმართაობა აწუხებს. შიდა სასოფლო გზების უმეტესობა მობეტონდა. მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია.
ჯერჯერობით, მატარებლით გადავადგილდებით და გარე სამყაროს მოწყვეტილები არ ვართ. აი, რკინიგზის ახალი მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ როგორ ვიქნებით, ეს აღარ ვიცი.
სოფლებში დასაქმების პრობლემაა. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდნენ ისევ ის ადამიანები, რომლებიც წიფადან წასვლას არ აპირებდნენ. ასე რომ, ამ პროგრამით მოსახლეობის უკან დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია.
სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის გამო სოფლიდან რამდენიმე ოჯახი წავიდა. სოფელში არც ერთი სახერხი აღარაა. იყოლიეთ პირუტყვი და ფერმერული მეურნეობა განავითარეთო, რომ გვეუბნებიან, ელემენტარულად, პირუტყვის სადგომს შემოღობვა ხომ უნდა?!
სახელმწიფომ ლიმიტი დააწესოს, რომ ადგილზე ტყეში მოვიპოვოთ ღობისთვის, იატაკისა და ჭერისთვის საჭირო მასალა და სამასალე მერქანი ელიავას ბაზრობიდან არ ვზიდოთ.
წლებია, წიფის სკოლის კურსდამთავრებულთაგან, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო, სოფელში აღარავინ დაბრუნებულა. წიფაში რაზე უნდა დასაქმდეს, რა უნდა გააკეთოს?! ახლა წიფაში ახალგაზრდების გაჩერების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
წიფის თემის სოფლების მოსახლეობას დიდი იმედი აქვს, რომ ცენტრალური გზის კეთილმოწყობის შემდეგ მცირე ბიზნესის განვითარებას – საკუთარი ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვას შეძლებენ.
ამ გზის მშენებლობა სარესტორნო ბიზნესის განვითარების ინტერესსაც გააჩენს. სოფელში რომ ორი კაპიკის შოვნის შესაძლებლობა მიეცემა, ადამიანი თავის კერას აღარ მიატოვებს.
– როგორ ქვეყანაში გსურთ, თქვენმა შვილიშვილებმა რომ იცხოვრონ?
– მეც და ჩემს შვილებსაც გვქონდა იმის შანსი, რომ სხვა ქვეყანაში გვეცხოვრა და გვემუშავა. ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ – ომები, უხელფასობა, უპურობა და უშუქობა. თუმცა, საქართველოდან წასვლა აზრადაც არ მომსვლია. საქართველოს გარეშე კი არა, ხარაგაულის გარდა სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
საოცარი ქვეყანა გვაქვს, ხალხო. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება გვჭირდება, რომ სახელმწიფოს ჩვენ, ხალხი წარმოვადგენთ. სახელმწიფოს ქონება ყველასია და მას, როგორც საკუთარი ოჯახისას, ისე უნდა მოვუფრთხილდეთ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი