წყალაფორეთის საჯარო სკოლაში, თორმეტის ნაცვლად, მხოლოდ თერთმეტი ფინანსური კლასია, რადგან VIII კლასში არც ერთი მოსწავლე არ ჰყავთ. სამ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს.
როგორ უმკლავდებიან „კლასში ერთი მოსწავლის“ პრობლემას და სხვა არაერთ გამოწვევას, ამის გასარკვევად წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორს, ნათია დვალს ვესაუბრეთ.
ინტერვიუს დაწყებამდე თავად ქალბატონ ნათიას გაგაცნობთ. ნათია დვალმა წყალაფორეთის სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მესამე კურსიდან წყალაფორეთის სკოლის მაწავლებელი გახდა და დაწყებითი კლასების პედაგოგად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავა. შემდეგ ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. პედაგოგიურ საქმიანობაში ათწლიანი პაუზის შემდეგ, პანდემიის პერიოდში, თბილისიდან წყალაფორეთში დაბრუნდა.
– ქალბატონო ნათია, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ პედაგოგი გამხდარიყავით და რას ნიშნავს თქვენთვის „კარგი მაწავლებელი“?
– ბავშვობაში ექიმობაც მსურდა და მასწავლებლობანასაც ვთამაშობდი. უმცროს ძმას მეცადინეობაში სულ მე ვეხმარებოდი და ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგი გავმხდარიყავი. კარგ მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვი და თავისი საქმე, მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს. მე მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები, რომელთა დარიგებებიც დღემდე მახსოვს. ალბათ, ესაა კარგი მასწავლებლობა, რომ მოსწავლეებს მხოლოდ საგნის ცოდნა კი არ გადასცე, არამედ მათში საუკეთესო პიროვნული თვისებები გააძლიერო.
– როგორ გახდით წყალაფორეთის სკოლის დირექტორი?
– პანდემიის დროს, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, წყალაფორეთში საცხოვრებლად დაბრუნება გადავწყვიტეთ და აქ სახლი შევიძინეთ. წყალაფორეთის სკოლის დირექტორობა რომ შემომთავაზეს, დიდხანს თავს ვიკავებდი, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა; მით უმეტეს მშობლიურ სკოლაში. საბოლოოდ, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.
– ხარაგაული მიგრაციული მუნიციპალიტეტია და სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი ყოველწლიურად იკლებს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია, რომ დღეს წყალაფორეთის სკოლაში მხოლოდ 27 მოსწავლე სწავლობს?
– წყალაფორეთის სკოლა 21 წლის წინ დავამთავრე და იმ დროსაც, მიგრაციის თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო – კლასში მხოლოდ 7-8 მოსწავლე ვსწავლობდით.
ზოგადად, სოფელში, იმდენად მძიმე ყოფაა, რომ ახალგაზრდებს შიდა მეურნეობაში ჩაბმა უჭირთ. ყველასთვის არც სამსახურებში დასაქმების შესაძლებლობაა. ამიტომ ახალგაზრდები სამუშაოს საძებნელად ქალაქებში მიდიან. სოფელში ახალგაზრდა ოჯახები აღარ ცხოვრობენ. სოფლის მოსახლეობა ბერდება და შესაბამისად, სკოლებშიც მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება. დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა რთულია და მხოლოდ ერთი სოფლის პრობლემა არ არის. მშობელი დასაქმებული უნდა იყოს, სხვაგან გასაქცევსა და საარსებო პირობებს რომ არ ეძებდეს.
წყალაფორეთის სკოლაში რომ დღეისათვის მხოლოდ 27 მოსწავლე სწავლობს, იმანაც გამოიწვია, რომ ჩვენს სკოლას ამ წუთში საკუთარი შენობა არ აქვს. ამიტომ არაერთ მშობელს ურჩევნია, რომ შვილი სხვა ახლომდებარე სკოლაში მიიყვანოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სკოლის ახალი შენობა მალე აშენდება და ის რამდენიმე ბავშვი, რომლებიც მეზობელი სოფლების სკოლებში გადავიდნენ, წყალაფორეთის სკოლაში დაგვიბრუნდებიან. მომავალ წელს 6 პირველკლასელს ველოდებით და ეს ძალიან სასიხარულოა. წყალაფორეთის სკოლა რომ აშენდება, ეს კონტინგენტის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.
მუდმივად მაქვს კონტაქტი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან. ტენდერით უკვე შეირჩა კომპანია, წყალაფორეთის სკოლის შენობის დემონტაჟისთვის. სკოლის პროექტი მზადაა და ველოდებით მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას.
– ადამიანი სოციალური არსებაა და პიროვნული განვითარებისთვის სოციალური ჯგუფი აუცილებელია. თქვენ როგორ უმკლავდებით „კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლის“ პრობლემას და როგორ ახერხებთ შეუვსოთ თქვენს მოსწავლეებს თანაკლასელებთან ურთიერთობის დეფიციტი?
– გულწრფელად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სკოლა ერთ მუშტად შეკრული გუნდია. სამ კლასში თითო მოსწავლე სწავლობს, თუმცა, ღონისძიებებსა და საერთო შეკრებებში მასწავლებლებს თითოეული მათგანი იმდენად ჰყავთ ჩართული, რომ ისინი განცალკევებით არ რჩებიან. ჩვენს სკოლაში აქტივობები იმდენად მრავალფეროვანი და ხშირია, რომ „კლასში თითო მოსწავლეს“ მათში ჩართულობა თანაკლასელებთან ურთიერთობის დეფიციტს, გარკვეულწილად, უვსებს. ამ მხრივ, ერთადერთი, საგაკვეთილო პროცესს ვერ ვშველით. ძალიან ძნელია ერთ მოსწავლესთან გაკვეთილის ჩატარება. პედაგოგები გუნდურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მოსწავლეს თანაკლასელების არყოფნა ნაკლებად ვაგრძნობინოთ. თუმცა, ხანდახან ეს მაინც საგრძნობია.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მეუღლე ლაშა ნიქაბაძე წარმოშობით წყალაფორეთიდანაა და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. გვყავს ორი შვილი – 12 წლის თათია და 10 წლის მათე. წყალაფორეთის სკოლის დირექტორობისგან თავს შვილების გამო ვიკავებდი. თბილისში მრავალრიცხოვან კლასში სწავლობდნენ და ვფიქრობდი, რამდენად შეეგუებოდნენ მცირერიცხოვან კლასში გადმოსვლას. მადლობა ღმერთს, თავს კარგად გრძნობენ. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები გაკვეთილებზე, როგორც მოსამზადებელ ჯგუფში, ისე სხედან და მასწავლებლებს თითოეულ მათგანთან სამუშაოდ მეტი დრო აქვთ. ვფიქრობ, რომ ჩემს შვილებს, სწავლის მხრივ, აქ არაფერი დააკლდებათ; პირიქით, კარგად წაადგებათ, სამომავლოდ.
– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს სოფლებიდან წასული ახალგაზრდა ოჯახების უკან დასაბრუნებლად?
– ჩვენ რომ არ გვქონოდა წინასწარი გათვლა იმისა, რომ აქ კერძო საქმიანობა წამოგვეწყო, ალბათ, დაბრუნება გაგვიჭირდებოდა. გამიმართლა, რომ წყალაფორეთის სკოლის კოლექტივი მეტ-ნაკლებად მიცნობდა და დირექტორად ჩემი მუშაობა მოინდომეს. შეიძლება ყველამ უმაღლესი სასწავლებელი ვერ დაამთავროს, თუმცა სამუშაო ყველას სჭირდება. სოფლებში დასაქმება ჭირს. ახალგაზრდებს ძალიან უნდა უყვარდეთ თავისი სოფელი, უკან დაბრუნება რომ გადაწყვიტონ. მე დაბრუნება გადამაწყვეტინა ჩემი მეუღლემ, რომელსაც თავისი ეზო-კუთხე ძალიან უყვარს. თავისი ფესვების მიმართ სხვაც თუ ასეთ სიყვარულს გამოიჩენს, დაუბრუნდებიან გამოკეტილ სახლებს. თუმცა, ეს ცოტა რთულია.
ამავდროულად, გულწრფელად გეტყვით, რომ სოფელში ისეთი გულღია და თბილი ურთიერთობებია, ახლა, ალბათ, თბილისში დაბრუნება გამიჭირდება. მგონია, რომ წყალაფორეთში უკეთ ვარ.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი