მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით, რა საქმიანობა გასწია შარშან და რას გეგმავს 2023 წელს – ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, შმაგი ხიჯაკაძეს მივმართეთ.

 

წყალმომარაგება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაცით, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ 2022 წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის წყალმომარაგების საკითხი შეისწავლა. მისი თქმით, „ხარაგაულის სოფლებში სკოლასა და საბავშვო ბაღს, უმეტესად, წყლის საერთო სისტემა აქვთ. პანდემიას რაიმე სარგებელის მოტანა თუ შეეძლო, ეს ჰიგიენის დაცვაზე ყურადღების გაძლიერებაა. სკოლებმა ავზები და წყლის დისპენსერები შეიძინეს და ამჟამად სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ყველგან უწყვეტი წყალმომარაგებაა.

რიკოთის ავტობანის მშენებლობის პირობებში, ძირულას ხეობის სოფლების სკოლებს წყალმომარაგების სისტემა ხშირად უზიანდება. ზამთარში მილებში წყალი იყინება. კიცხის ზონაზე პრობლემა იყო ვარძიისა და ხიდრის სკოლებში წყლის ხარისხი. ვარძიაში წყლის სათავე ნაგებობა და 10 ტონიანი რეზერვუარი გასუფთავდა. ხიდარში წყლის რეზერვუარიდან სკოლამდე გამოიცვალა დაზიანებული, მიწაში 40 წლის წინ განთავსებული მილები. თუმცა, წყალი, რომელსაც ხიდრის სკოლაში მოიხმარენ, ხარისხობრივ სტანდარტს მაინც ვერ აკმაყოფილებს. წელს ხიდარში წყლის სათავე ნაგებობის გასუფთავება და შემოღობვა იგეგმება.

ჩხერიმელას ხეობის სოფლების სკოლებში წყალმომარაგების კუთხით ნორმალური მდგომარეობაა. წყლის სისტემების მოწესრიგებაში სკოლებსა და ბაღებს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული პირებიც ეხმარებიან“.

 

გასულ წლებში სამედიცინო გასინჯვებზე, რამდენიმე მოსწავლეს მანამდე მათთვის უცნობი დაავადება აღმოაჩნდა

2022 წელს, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დ. ხარაგაულში, ვაშლევში, კიცხსა და მარელისში უფასო სამედიცინო აქციები გაიმართა და სამედიცინო შემოწმება 350-მა მოქალაქემ გაიარა. გედსამანიაში, მსურველთათვის, ოფთალმოლოგიური კვლევა ჩატარდა.

საღანძილეში მცხოვრები მარინე ბერაძე ამბობს, რომ ხანდაზმულ და ავადმყოფ ადამიანებს ტრანსპორტირება უჭირთ და ამიტომ სამედიცინო აქციაზე მეზობელ სოფელშიც კი ვერ მივლენ.  მარინე ბერაძის თქმით, სასურველია, რომ სამედიცინო აქციები ყველა სოფელში გაიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის კარგად ინფორმირება, რადგან ინტერნეტი სოფელში ოჯახების დიდ ნაწილს არ აქვს.

წიფის სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე იხსენებს, რომ გასულ წლებში, სკოლებში მოსწავლეების სამედიცინო შემოწმების შედეგად ბევრ მოზარდს ისეთი დაავადება აღმოაჩნდა, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდნენ. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა პროფილაქტიკური შემოწმება ისევ ჩატარდება.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა სამედიცინო აქციების ყველა სოფელში ჩატარება და მათ შორის მოსწავლეებისთვის სამედიცინო შემოწმების ორგანიზება.

შმაგი ხიჯაკაძის თქმით, სამედიცინო აქციების ყველა სოფელში მოწყობა ვერ ხერხდება, რადგან 13-14 სპეციალისტს ერთდროულად არ სცალია. მოსახლეობას წინასწარ მერის წარმომადგენლები აფრთხილებენ, ხოლო მათ ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.

„პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სამედიცინო შემოწმება წელიწადში ერთხელ არასაკმარისია, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – ამიტომ ისევ ზონალურად სამედიცინო აქციებს წელს ორჯერ მოვაწყობთ.

მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმებას რაც შეეხება, ცალკე მისი ჩატარება ამ დრომდე ნამდვილად არ მიფიქრია. მშობლებს შეუძლიათ შვილები სოფლებში დაგეგმილ სამედიცინო აქციებზე მოიყვანონ“.

 

„პირველადი ჯანდაცვა, ერთხელ და სამუდამოდ, წელში უნდა გაიმართოს“

ათეული წლებია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სოფლის საექიმო ამბულატორიებში ინფრასტრუქტურული პრობლემები (წყალმომარაგება, ეზოს შემოღობვა, სახურავის შეცვლა) ვერ მოგვარდა. თუმცა, შმაგი ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ სოფლის ამბულატორიის გამართულად ფუნქციონირებისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები მთავარი არ არის.

„პრობლემა პირველადი სამედიცინო რგოლის მიმართ მიდგომებშია, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, -ოჯახის ექიმებმა თავიანთი ხელფასით (750 ლარი) მედიკამენტებიც უნდა შეიძინონ, ინფრასტრუქტურული პრობლემებიც უნდა მოაგვარონ, ბინაზე ავადმყოფებთანაც უნდა მივიდნენ. მათი ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ისინი იძულებულნი არიან, რამდენიმე ადგილზე იმუშაონ. ამას სამედიცინო კადრების ნაკლებობაც უწყობს ხელს.

ჩემს კოლეგა გოჩა გიორგიძესთან ერთად, მეორე წელია, ვმუშაობთ საპილოტე პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობა ხარაგაულელ სტუდენტებს, რომლებიც სამედიცინო განათლებას იღებენ, რეზიდენტურას დაუფინანსებს იმ დათქმით, რომ ექიმის ლიცენზიის მიღების შემდეგ ისინი ხარაგაულის სოფლების ამბულატორიებში იმუშავებენ. ვფიქრობ, ეს სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ჩვენ ამ მოსაზრებას წარვუდგენთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, რომელთანაც შეხვედრას თებერვალში ვგეგმავთ. შესაძლოა, მან უკეთესი იდეა შემოგვთავაზოს. მთავარია,  პრობლემა გადაწყდეს და პირველადი ჯანდაცვა ერთხელ და სამუდამოდ წელში გაიმართოს“.

 

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა – „აქილევსის ქუსლი“

ხარაგაულის ქუჩებში ათეულობით მიუსაფარი ცხოველია. აბიტურიენტი არმაზ შავიძე და მისი მეგობრები ღამის საათებში გადაადგილებისას ძაღლებისგან დაკბენას რამდენჯერმე ძლივს გადაურჩნენ. არმაზი ამბობს, რომ მას მიუსაფარი ძაღლების ბედიც ძალიან აწუხებს, ცივ ზამთარს ქუჩაში რომ ატარებენ.

2022 წელს მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის გამოყოფილი 16 ათასი ლარი „ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებამ“ ვერ აითვისა. როგორ ესახება მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება, – ამ შეკითხვაზე საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შმაგი ხიჯაკაძეს პასუხი არ აქვს.

„ნამდვილად არ ვიცი, ეს პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – ალბათ, გამოსავალი თავშესაფრის მოწყობაა, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ერთადერთი, რასაც გპირდებით ისაა, რომ მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის 2023 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ხარაგაულის „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ აუცილებლად აითვისებს – ბაზრის მოკვლევასა და ამ მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მოძიებაში აქტიურად ჩავერთვებით“.

 

„მომმართონ და ვისაც რა შეუძლია, იმის მიხედვით დავასაქმებ“

ხარაგაულის მუნიციპალური სოციალური პროგრამები, ძირითადად, ერთჯერად დახმარებებზეა ორიენტირებული და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, რეალურად, ვერ აუმჯობესებს. დავინტერესდით, როგორია საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ხედვა, – როგორი გრძელვადიანი სოციალური პროგრამები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში, რომ სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გამოყოფილი თანხა უფრო გონივრულად განიკარგოს და მოსახლეობამ გრძელვადიანი სარგებელი მიიღოს.

შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარება, ოჯახის რეალურ საჭიროებებთან შედარებით, ზღვაში წვეთია. თუმცა, მისი თქმით, „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა რომ ამოქმედდა, ამით ხარაგაულში, დღეის მდგომარეობით, 1 040 პირი დასაქმდა და მათ ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდა.

ჩემი აზრით, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ის დაუსაქმებელი არ იქნება. მე მაგალითად, მანქანის ხელოსანთან ერთი კვირით ადრე დავჯავშნე ადგილი. მთელი რიგი მოთხოვნადი პროფესიებია, რომელთა დაუფლების შემთხვევაში, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი ადამიანი სამსახურს აუცილებლად იშოვის.

დამიჯერეთ, ვისაც უნდა იმას დავასაქმებ; რისი გაკეთებაც შეუძლია, იმ საქმეზე დავასაქმებ და ათას ლარზე ნაკლები ხელფასი არ ექნება. მხოლოდ დირექტორობას და კაბინეტში ჯდომას ნუ მომთხოვს“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.

 

„სათნოების სახლს“, სავარაუდოდ, 20 ბენეფიციარი დაემატება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „უპოვართა კვების სერვისს“ ბენეფიციარებს თვითმმართველობისგან დაფუძნებული „სათნოების სახლი“ აწვდის. მეზობელ მუნიციპალიტეტებში ანალოგიური მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხის ტენდერით განკარგვის პრაქტიკა არსებობს. ტენდერი უკეთესი ხარისხის მომსახურების იაფად შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება რატომ არ შეისყიდის ტენდერით ამ მომსახურებას, – ამ შეკითხვით საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, შმაგი ხიჯაკაძეს, მივმართეთ.

შმაგი ხიჯაკაძე ტენდერით უკეთესი მომსახურების მიღებას ეჭვქვეშ აყენებს. მას მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული „სათნოების სახლი“ ბენეფიციარებს კარგად ემსახურება და ეს საბიუჯეტო თანხა რომ ტენდერით არ განიკარგება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

შმაგი ხიჯაკაძე, ამ მომენტისთვის, არ ფლობს ინფორმაციას, თუ როგორი მენიუ აქვს „სათნოების სახლს“. ის ამბობს, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია მარტში „სათნოების სახლის“ მუშაობის ანგარიშის მოსმენას გეგმავს და ამ მუნიციპალური ააიპ-ის საქმიანობაში არსებულ პრობლემებს მაშინ განიხილავს.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლის პირველი მარტიდან, „სათნოების სახლის“ ბენეფიციართა რაოდენობა, სავარაუდოდ, 140-დან 160-მდე გაიზრდება.

 

თითო სიმღერა – 535 ლარი;  ხარაგაულელის დაბადებისას – 100-დან 300 ლარამდე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად წელიწადში ერთხელ ეხმარება. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-ს არ აღემატება და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი, წელიწადში ერთხელ თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარს იღებენ.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარტოხელა მშობლები ყოველ თვეში მხოლოდ 50-50 ლარს იღებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახების დახმარება დაბადებული ბავშვის რიგითობის შესაბამისად, 100 ლარიდან ყოველ მომდევნო ბავშვზე 50 ლარით იზრდება და მეხუთე შვილის შეძენის შემთხვევაში მხოლოდ 300 ლარია.

პარალელისთვის – 2022 წლის დეკემბერში გამართულ „ხარაგაულობაზე“ მომღერლების დაქირავება ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 750 ლარი დაგვიჯდა. სულ 7 სიმღერა შესრულდა; ანუ ერთ სიმღერაში ბიუჯეტიდან 535 ლარი გადავიხადეთ. ეს მაშინ, როცა ხარაგაულში გვყავს კონკურსებში არაერთგზის გამარჯვებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული, წარმატებული მუსიკალური ანსამბლები.

რას ფიქრობს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ერთ სიმღერაში გადახდილი 535 ლარის ფონზე, მარტოხელა მშობლებისთვის თვეში გადახდილი 50 ლარი, ან ახალშობილის შეძენისას 100 თუ 200 ლარით ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მცირე არ არის? ხომ არ უნდა გადაიხედოს და გაიზარდოს სოციალური პროგრამები?

შმაგი ხიჯაკაძე ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ „სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ უპოვართა კვებაზე და სოციალურ პაკეტებზე ხომ არ უნდა ვიზრუნოთ?! სიმღერებში გადახდილ თანხას თავისი დატვირთვა აქვს. უახლოეს ხანში ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდება – მარჩენალდაკარგულთა ოჯახების ყოველთვიური დაფინანსება 20 ლარით გაიზრდება და 70 ლარი გახდება. გეთანხმებით, რომ ესეც მცირეა, თუმცა, წინსვლა მაინც არის“.

ნინო კაპანაძე