მერვე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა მიმდინარეობს.
ამ პროგრამას, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაბიჯი – ხარაგაული“ ხარაგაულის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
გასულ წელს ეს პროგრამა ევროკავშირმა დააფინანსა. 2023 წლიდან კი, თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი განისაზღვრა. როგორ მიმდინარეობს შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა – ამის შესახებ „ნაბიჯი – ხარაგაულის“ დირექტორს, რუსუდან გურგენიძეს ვესაუბრეთ.
რუსუდან გურგენიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შედეგიანად ითანამშრომლეს და 2023 წლის ბოლომდე ამ პროგრამის განხორციელებას ფინანსური პრობლემა არ შეექმნება.
„შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 60 ბენეფიციარია ჩართული, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – მათგან ათი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლებთანაც პერსონალური ასისტენტები მუშაობენ, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარები შინმოვლას საჭიროებენ და მათ ექთნები ემსახურებიან.
სიახლეა ის, რომ 2023 წლიდან ექთნებსა და პერსონალურ ასისტენტებს ანაზღაურება საათობრივად ეძლევათ. დონორი ორგანიზაცია ასოციაცია „ანიკა“ მათ ტრანსპორტირებისთვის მცირე თანხას უხდის. გასულ წელს მომსახურე პერსონალი საჭირო ინვენტარს – ხელთათმანებსა და პირბადეებს – თვითონ იძენდა. წელს ამ მასალებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შევუძენთ.
ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლიდან ხარაგაულში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
მომავალი წლიდან ძალაში შევა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“. ამ კანონში გაიწერება, თუ რა ვალდებულებები ექნება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს ასეთი პროექტების მართვაში.
ჩვენი საპილოტე პროგრამის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ამ პროგრამისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვაგვარი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. ეს სტანდარტები, პროგრამის კოორდინატორთა ინფორმაციით, შშმ პირთა შესახებ კანონში აისახება.
ხარაგაულში უფრო მეტად შინმოვლის პროგრამის საჭიროება გამოიკვეთა. ამ პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი მზარდია. ეს ჩვენი სამწუხარო რეალობა, რომ სოფლებში მარტოხელა მოხუცები დარჩნენ და მათი 80% შინმოვლას საჭიროებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რაც შეეხება, ხარაგაულში ამ პირებისთვის მხოლოდ ადრეული განვითარების სერვისი მოქმედებს. ამიტომ მშობლების უმრავლესობა იძლებულია, შვილები დღის ცენტრებში სხვა მუნიციპალიტეტებში ატარონ და საცხოვრებლადაც სხვა ქალაქებში წავიდნენ.
ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამ პროგრამის ფარგლებში კარგად ვითანამშრომლეთ. ოჯახებს, სადაც შშმ პირები და მოხუცები ცხოვრობენ, ბევრი ყოფითი პრობლემა აქვთ. ჩვენი პროგრამის მოსარგებლე რამდენიმე ბენეფიციარის საცხოვრებელის მოწესრიგების, ექიმთან ვიზიტებისა და სხვა პრობლემების მოგვარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ხშირად გვაკითხავენ იმ პირთა ოჯახების წევრები, რომელთაც სახლში შშმ პირი ან მოხუცი ჰყავთ და ამ პროგარამაში პერსონალურ ასისტენტად ან ექთნად დასაქმებას ითხოვენ. პროგრამის წესების თანახმად, კატეგორიულად აკრძალულია, რომ პირი თავისივე ოჯახის წევრის მოვლისთვის დავასაქმოთ. პერსონალური ასისტენტი და ექთანი ერთ პირთან მხოლოდ 4-5 წლის განმავლობაში იმუშავებს.
ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ ბენეფიციარები პერსონალური ასისტენტებისა და ექთნების მიმართ. მათი გულისხმიერებითა და სწორი დამოკიდებულებებით შშმ პირებსა და მოხუცებს სიცოცხლის ხალისი და საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაუბრუნდათ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“ (ვიდეო)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი