ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღანძილის სკოლის მოსწავლეებმა გამართეს.

ამ სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა ყრუაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ, თუ რა მოხდა საქართველოში 1921 წლის თებერვალში, როგორ მოახდინა ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია და როგორ ვითარდებოდა მოვლენები თბილისის მისადგომებთან.

„ამჯერად ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელი ნინო დიდიძე დამიკავშირდა და ოკუპაციისადმი მომზადებული სასკოლო ღონისძიების მუზეუმში გამართვა შემოგვთავაზა, – ამბობს ირმა ყრუაშვილი, – ეს იდეა მოსწავლეებმაც მოიწონეს.

სკოლის ისტორიის კლუბის წევრებმა ჩემთან ერთად სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში დოკუმენტები მოიძიეს. ამ მოვლენების ცოდნა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პარალელი გავავლოთ, რა და როგორ მოხდა, შეიძლებოდა თუ არა ოკუპაციის თავიდან აცილება. ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დღესაც ოკუპაციის საფრთხის წინაშეა“.

საღანძილის სკოლის მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად გვიამბეს 1921 წლის თებერვლის მოვლენები, – იუნკერების თავგანწირვა, მარო მაყაშვილის გმირობა.

მარო მაყაშვილი 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის დღეებში ბრძოლის ველზე დაღუპული ერთადერთი ქალია. მისი დღიურები, რომელმაც დღის სინათლე გასული საუკუნის 90-იან წლებში იხილა, ყველაზე კარგად აღწერს იმდროინდელ მოვლენებს.

ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ და მუზეუმის თანამშრომელმა ნიკო დეკანოსიძემ მადლობა გადაუხადეს საღანძილის სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს თანამშრომლობისა და საქართველოს ისტორიის მძიმე დღეების გახსენებისთვის.

ნინო დიდიძე ამბობს, რომ მუზეუმისა და ხარაგაულის სკოლების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.