დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.

რა ხდება ამჟამად რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანაში და როგორი განწყობაა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე – ამაზე სასაუბროდ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მცხოვრებ მადონა კაპანაძეს დავუკავშირდით.

– 2022 წლის 24 თებერვალს, დილის 4 საათზე, დაიწყო უკრაინაში ომი და ეს საშინელება ამ დრომდე გრძელდება.

დღეს სკოლაში მივედი. საშინელი დასანახია სკოლა ბავშვების გარეშე… ამ შენობაში ახლა მოხალისეები და სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მუშაობენ. სკოლასთან ახლოს მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოვიდნენ, წაიღონ ცხელი საჭმელი,  წყალი, წამლები, ტანსაცმელი.

ახლაც კი ვერ ვიხედები იმ სარდაფისკენ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით გასული წლის 23 თებერვლიდან 3 მარტამდე. ვცხოვრობდით სარდაფში, სადაც უმძიმესი პირობები იყო. ის სარდაფი არ იყო გათვალისწინებული, როგორც ბომბებისგან თავდასაცავი, თან ცუდი ამინდები იყო, წყალი კიბეებს მოჰყვებოდა და სარდაფში შემოდიოდა.

ამ ერთმა წელმა ძალიან ბევრი რამე გვაჩვენა; პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის გაუტეხელობა, თავდადება, თავისუფლებისთვის ბრძოლა დაგვანახა. გამოავლინა ადამიანები, ვინც ნამდვილი პატრიოტები არიან. უკრაინაში ძალიან ბევრი ეთნიკურად რუსია, მაგრამ წუთით არ დაუტოვებიათ უკრაინა და თავიანთ სახელმწიფოს იცავენ.

უკრაინაში ასეთი განწყობაა, – ყველა ველოდებით, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება. ერთი წუთითაც არ ვუშვებთ სხვა, ალტერნატიულ შედეგს.

ხარკოვში მილიონ 200 ათასი ადამიანი უკვე დაბრუნდა. ჩემი თანამშრომელი ოჯახით ევაკუაციაში ჩერნიგოვში იმყოფებოდა. იქ სახლი იქირავეს; კანალიზაცია, წყალი და გაზი შეიყვანეს; ბოილერი მოაწყვეს, გენერატორი და საოჯახო ტექნიკა შეიძინეს. ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ იმ სახლის პატრონთან ისე ვართ, როგორც საკუთარ ძმასთანო. ვკითხე, რატომ დაბრუნდნენ ხარკოვში მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოაწყვეს. „რა პრობლემაა, როცა დაგვჭირდება, ჩავალთ, დავისვენებთ, მაგრამ ჩემი სახლი მე-15 სართულზე  ყველაფერს გვირჩევნიაო“. ასე ვართ ყველა.

მე და ჩემი შვილი ევაკუაციიდან 16 დეკემბერს დავბრუნდით, რადგან 17 დეკემბერს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. მატარებელში ვიყავით ჯერ კიდევ, როცა გავიგეთ, რომ ხარკოვში რაკეტული თავდასხმა განხორციელდა. არ იყო დენი, წყალი, გათბობა, მაგრამ, როცა ჩემს სახლში მოვედი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

23 თებერვალი საბჭოთა არმიის დღეა და რუსი ჯარისკაცები აღნიშნავენ. ველოდით, რომ მასიური შეტევები განხორციელდებოდა. ერთი წამით არ მიფქირია, რომ სადმე წავსულიყავი და სახლი დამეტოვებინა. ალბათ, არსად არ წავალ არასოდეს და ვფიქრობ, რომ აღარ დაგვჭირდება და მშვიდობა გვექნება.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვიზიტი ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ვიცოდით, რომ ის პოლონეთში უნდა ჩასულიყო. ჯო ბაიდენი უკრაინაში მატარებლით შემოვიდა. კიევის ქუჩებში საჰაერო განგაშის დროს დადიოდა, მხარდაჭერას გამოხატავდა, რითაც ძალიან გააღიზიანა რუსეთი, მისი პრეზიდენტი და კვლავ გაისმა პუტინის მუქარები ატომური იარაღის  გამოყენების შესახებ.

ბაიდენის ვიზიტის შედეგებზე სამ დღეში ვერავინ ილაპარაკებს, რადგან ის ჯადოქარი არ არის, რომ ჯოხი აიქნიოს და უცებ ყველაფერი შეწყდეს. ეს ომი უნდა დამთავრდეს, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰქონდა უკრაინას.

ქართველებს რუსეთმა პირველად აფხაზეთი წაგვართვა, შემდეგ სამაჩაბლო. მერე გვემუქრებოდა და მთელი საქართველოს განადგურება უნდოდა. სამწუხაროდ, ახლაც რუსები ფარფაშებენ ჩემს სამშობლოში. ეს ძალიან მანერვიულებს. არ ვიცი, რატომ დავბრმავდით, რატომ  დავყრუვდით, სად გავქრით, ამას რატომ არავის ეწინააღმდეგება და არავინ ცდილობს, რომ საქართველო ისევ თავისუფალი იყოს.

დღეს, სკოლისკენ რომ მოვდიოდი, რაკეტით გაგლეჯილი ავტოსადგომი ვნახე. ძალიან ლამაზი სახლი დგას ჩვენი ბინის მოპირდაპირედ. ამ სახლის მე-15 და მე-16 სართულები რაკეტას მოუნგრევია. ეს სახლი ექსპლუატაციაშიც კი არ იყოს შესული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთს სიკეთის დამარცხება უნდა, სატანის მოგონილ რაკეტებს სვრიან ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს.

მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს რუსეთს – სანქციებითა და სხვა ბერკეტებით უკან უნდა დაახევინოს“.

ფოტოზე: ხარკოვი დღეს

ამავე თემაზე 

მადონა კაპანაძე – ნაძვის ხე სახლშიც მოვრთე და უკრაინის გამარჯვება ჩავუთქვი