2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში დაფიქსირდა ზოონოზური დაავადება ჯილეხი, რომლითაც 14 ადამიანი დაავადდა. მას შემდეგ ზვარის თემის სოფლებში ჯილეხზე ვაქცინაცია ყოველწლიურად ტარდება.
კიდევ რომელ დაავადებებზე მიმდინარეობს ვაქცინაცია და, ზოგადად, რა საქმიანობას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ვეტერინარიის თვალსაზრისით, ხარაგაულში, – ამ საკითხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთანდილ ვეფხვაძე გვესაუბრება:
– ბატონო ავთანდილ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში როგორი ვითარებაა ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის კუთხით?
– მსხვილფეხა ცხოველთა ვაქცინაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ფართო მასშტაბით არ ტარდება, ვინაიდან ის დაავადებები, რომლებზეც ვაქცინაციის შესაძლებლობა გვაქვს (თურქული, ნოდულარული დერმატიტი) ჩვენს ქვეყანაში აღმოფხვრილია.
ვაქცინაცია მხოლოდ რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია გავლილ ცხოველებში ტარდება. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უმაგრდება საყურე-ნიშანი, რომელზეც არის შესაბამისი ნომერი. მონაცემებში ტარდება ცხოველის ფერი, ასაკი და ა.შ. ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს სურს, რომ ის სასაკლაოზე დაკლას ან დაგეგმილი აქვს რძის რეალიზაცია (მიკვლევადობის თვალსაზრისით).
– როგორ მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია?
– ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად ტარდება. 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 77 სოფელში 3500-მდე ძაღლი და კატა აიცრა ცოფზე. 2023 წელს გაცილებით მეტი ცხოველის აცრა დაიგეგმა, რადგან შარშან ცხოველების გარკვეული რაოდენობა აუცრელი დარჩა, – ზოგან მეპატრონე არ იყო სახლში ან ვაქცინაციას გულგრილად მოეკიდა, ზოგან ცხოველი ვერ დავიჭირეთ.
– რა პრობლემებს აწყდებით ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის პროცესში?
– ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი სპეციალისტების ნაკლებობაა. ამის გამო ჩვენს სამსახურს ვეტერინარები ხელშეკრულებით აჰყავს. ვაქცინაციის პროცესში, როგორც ვეტერინარი, პირადად ვარ ჩართული.
ამ გაზეთს მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კითხულობს. მინდა განსაკუთრებით ვთხოვო მოსახლეობას, რომ ცოფზე ვაქცინაციას მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელიც სამწუხაროდ, გამოვლენის შემდეგ, მკურნალობას არ ექვემდებარება არც ცხოველში და არც ადამიანში. ცოფით დაავადების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ფატალურია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ცხოველისგან ადამიანთა დაკბენის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. საბედნიეროდ, ცოფი არც ერთ შემთხვევაში არ დადგენილა. თუ დაკბენის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ცხოველი გარდაიცვალა, ცხოველის ლეში ან მისი მოკვეთილი თავი სპეციალურად შეფუთული გადამაქვს ლაბორატორიაში ცოფზე შესამოწმებლად. გასულ წელს რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა, თუმცა დაავადება არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
თუმცა, ეს დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან შარშან დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ცოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთ შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალებაც კი გამოიწვია. დაავადება ცოფის ამთვისებელია ყველა შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი. ჩვენ ვცხოვრობთ მთიან რეგიონში, გარეული ცხოველები თითქმის ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და ეს ორმაგად საშიშია.
იშვიათ შემთხვევებში მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციისადმი ინერტული დამოკიდებულება ვლინდება – „მე ვერ მოვკიდევ ხელს, აგერ არის და თქვენ თუ აცრით…“ – ჩემი აზრით, ასეთი ქცევები ადამიანთა შეგნების დონეზე მიუთითებს; პირველ რიგში, მეპატრონე უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი ცხოველი აიცრას. ორგანიზების კუთხით, ძალიან გვეხმარებიან ადგილობრივ თემებში მერის წარმომადგენლები.
– არის გავრცელებული მითები მოსახლეობაში, რომ მაგალითად, აცრის შემდეგ წველადობა იკლებს და ა.შ.
– ცხოველთა ვაქცინაციით, პირველ რიგში, ადამიანთა ჯანმრთელობას ვიცავთ.
ვაქცინა ცოცხალი ორგანიზმია, მისი ორგანიზმში შეყვანის დროს, ცხოველი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროით, აცრილი ცხოველის წველადობა შემცირდეს. იმუნიტეტის გამომუშავების შემდგომ ცხოველი წველადობას აღიდგენს და რაც მთავარია, ვაქცინირებული ცხოველისგან ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ.
– 2020 წელს ზვარეში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებთ ზვარეში იმისათვის, რომ ეს დაავადება აღარ განმეორდეს?
– ზვარის თემის სოფელი ჩრდილი ათწლეულების განმავლობაში ჩაითვლება ჯილეხის კერად, რადგან ჯილეხის ბაქტერია იკეთებს სპორას და ათეულობით წლები ძლებს ნიადაგში, საიდანაც შეიძლება ცხოველი დაავადდეს. სოფელ ჩრდილის მიმდებარე სოფლებში – ზვარე, ნუნისი, დეისი – ყოველწლიურად ხდება ცხოველების ვაქცინაცია და რევაქცინაცია.
ჯილეხის აცრა არ უკეთდება 4 თვემდე პირუტყვს. აცრის დროს სპეციალურ გრაფაში ვინიშნავთ, რომელ ოჯახში რამდენი პირუტყვის აცრა არ მოხდა და შემდეგ ტარდება რევაქცინაცია. ჯილეხის ვაქცინაცია ზრდასრულ პირუტყვში წელიწადში ერთხელ ტარდება.
სოფელ ჩრდილში ჯილეხით 14 ადამიანი იყო დაავადებული ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავებისა და მოვლის დროს. მათ ჰქონდათ ჯილეხის კანის ფორმა. მაშინ შეტყობინების შემდეგ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ამ დაავადებამ ადამიანთა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია ამ სოფლებში ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაცია.
– 2022 წლის ბოლოს თქვენმა სამსახურმა ვეტერინარული აფთიაქები შეამოწმა. რა მიმართულებით მოწმდება აფთიაქები და როგორია ამ მონიტორინგის შედეგები?
– ინსპექტირების დროს ვეტაფთიაქების შემოწმება ფართო სპექტრით მიმდინარეობს. პირველ რიგში ინდმეწარმე უნდა იყოს რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და ყოველწლიურად უნდა განაახლოს ამონაწერი. ფართი, სადაც განთავსებულია ვეტაფთიაქი, უნდა იყოს იზოლირებული, ცალკე შენობაში ან დამოუკიდებელი შესასვლელით. ჭერი, კედელი და იატაკი უნდა იყოს ადვილად რეცხვადი. უნდა იყიდებოდეს რეგისტრირებული, ვადიანი პრეპარატები, სათანადო ეტიკეტით. დაცული უნდა იყოს შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები. ვეტაფთიაქში უნდა მუშაობდეს ვეტერინარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 4 ვეტერინარული აფთიაქია, მათგან ორი დაბა ხარაგაულში, ორი – სოფელ კიცხში. ინსპექტირების დროს არც ერთ მათგანში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ვეტერინარული აფთიაქების სახელმწიფო კონტროლი ყოველწლიურად ხორციელდება.
– ხარაგაულში მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. თქვენ როგორც ვეტერინარს, როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა?
– პირველ რიგში, ადამიანების შეგნება უნდა ამაღლდეს იმ დონეზე, რომ ცხოველი ქუჩაში არ მიატოვონ.
მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება დიდი, რეგიონული თავშესაფრის მოწყობა. ეს იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი ვერ გაწვდება. ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად საერთო ძალებით უნდა ვიმოქმედოთ.
თუმცა, თუ ადამიანთა დამოკიდებულებები არ შეიცვალა და ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ იგრძნო, მაშინ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა სოფელშიც რომ მოვაწყოთ, პრობლემა მაინც იქნება.
– ხარაგაულში რომ ცხოველთა კასტრაცია/სტერილიზაციის კაბინეტი მოეწყოს, რა პრობლემებთანაა დაკავშირებული?
– ამას სჭირდება სათანადოდ აღჭურვილი შესაბამისი ფართი, თავისი ვოილერებით, კანალიზაციით, გათბობა-ვენტილაციით, სათანადო პრეპარატებით, გადამზადებული ვეტერინარებოთ. ოპერაციის შემდეგ ცხოველს სჭირდება დაკვირვება და მოვლა, მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთი კლინიკები, მეტწილად, კერძოა და ერთი ცხოველის მომსახურება დაახლოებით 170 ლარამდე ჯდება. ადგილზე ასეთი კაბინეტის მოწყობამ, შესაძლოა, იმ წუთში რაიმე თვალშისაცემი შედეგი ვერ მოგვცეს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უდავოდ, დიდი შედეგის მომტანი იქნება, რადგან შეწყდება ცხოველების დაუგეგმავი გამრავლება და ეს პოპულაციების მართვის შესაძლებლობას მოგცემს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი