ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების 1300-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. 15 თებერვლიდან ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

რატომ არის ეს რეფორმა მნიშვნელოვანი და კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, – ამაზე  მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა გვესაუბრება:

– მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება ნიშნავს, რომ საქართველოში ინერგება  ფასწარმოქმნის რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოყენებადი მეთოდი – რეფერენტული ფასწარმოქმნა. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დგინდება მედიკამენტის საშუალო ფასი და ამ გაშუალებულ ფასზე ზემოთ მედიკამენტი საქართველოში ვერ გაიყიდება. ამას გარე რეფერირება ჰქვია.

ქვეყნების შერჩევა, – თუ რომელ ქვეყანასთან მოხდეს ფასების შედარება, – სხვადასხვა კრიტერიუმებით დგინდება; ქვეყანა უნდა იყოს საქართველოს მსგავსი ტერიტორიული მოცულობით, მოსახლეობის რაოდენობით, დაახლოებითი ეკონომიკური მდგომარეობით.

ამ დრომდე, საქართველოში წამლების შემოტანის შემდეგ იმპორტიორებს სახელმწიფოს მხრიდან ბარიერი არ ჰქონდათ და შეეძლოთ დაედგინა ის ფასი, რასაც თვითონ მოისურვებდნენ.

ყველა საუბრობდა, რომ მედიკამენტზე ფასებს ბაზარი დაარეგულირებს, – ვერ დაარეგულირა, რადგან ფარმაცევტული ბაზარი ჩვენს ქვეყანაში მონოპოლურია; სულ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებიც ერთმანეთში თანხმდებიან და, ფაქტობრივად, კონკურენცია არ გვაქვს. საქართველოში მედიკამენტების ღირებულება რამდენჯერმე აჭარბებს მის ევროპულ ფასებს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მედიკამენტებში იხდის იმაზე მაღალ ფასს, ვიდრე ევროპის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა.

ვფიქრობ, რომ ფარმაცევტულ ინდუსტრიას სახელმწიფო ლობირებდა. შესაბამისად, რეფორმა მუდმივად ჭიანურდებოდა. კვლევებით დგინდება, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის შედეგად მედიკამენტებზე ფასი დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება.

 

რეფორმის თანმდევი რისკები

შესაძლოა, ამ რეფორმის შედეგად ბაზარზე გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი წარმოიქმნას. ეს რისკები დაძლევადია და ამისათვის საჭიროა, სახელმწიფომ მოქნილი პოლიტიკა განახორციელოს.

საქართველოში ინფლაციაა. თუ თებერვალში მედიკამენზე ფასის ზედა ზღვარს განსაზღვრავენ, მაგრამ ინფლაცია მოიმატებს, მაშინ სახელმწიფომ მოქნილი პოლიტიკა უნდა განახორციელოს და ეს ფასი გაზარდოს. ამ დროს ქვეყნები იყენებენ განახლების ინდექსს, რაც გულისხმობს, რომ ეს მედიკამენტების ფასი განახლდეს წელიწადში ან 6 თვეში ერთხელაც კი.

თუ სახელმწიფო დადგენილ ფასს დატოვებს, – იმპორტიორი, იმის გამო, რომ ფასი დაბალია, ამ მედიკამენტს საერთოდ აღარ შემოიტანს.

სწორი ნაბიჯია, რომ პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასწარმოქმნა 1300 მედიკამენტზე დადგინდა. ეს რისკების პრევენციისთვის გაკეთდა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა საჭიროებს დაკვირვებას, თუ როგორ იმოქმედებს ფასწარმოქმნა ფარმაცევტულ ბაზარზე; რა რისკები იქნება, როგორ გაუმკლავდება სახელმწიფო და შემდგომ რა ქმედებებს განახორციელებს. მეორე ეტაპზე მედიკამენტების რაოდენობის გაზრდაა დაგეგმილი.

 

ამბულატორიული მედიკამენტების უმრავლესობა სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს,

რომ მოსახლეობისთვის წამლები გაიაფდეს

ევროპის ქვეყნებში ან თუნდაც თურქეთში თვითონ სახელმწიფო თავისი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამბულატორული მედიკამენტების 80%-ით უზრუნველყოფს.

თურქეთის მოსახლეობა 80 მილიონია. ასეთი დიდი ოდენობის მოსახლეობისთვის სახელმწიფოსგან მედიკამენტების შეძენის დროს თვითონ ფარმაცევტული ინდუსტრია არის დაინტერესებული, რომ მედიკამენტები გაყიდოს, ვინაიდან სახელმწიფო წამლებს დიდი ოდენობით იძენს. ცხადია, ამ დროს ფარმაცევტული ინდუსტრია მნიშვნელოვან ფასდაკლებას აკეთებს. ეს კი მედიკამენტებს კიდევ უფრო აიაფებს.

საქართველოში სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის იძენს წამლებს, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, რაც არანაირად არ მოქმედებს მედიკამენტების ფასზე. მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ შემდგომ ეტაპებზე უკვე მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოცვა ამ ამბულატორიული მედიკამენტებით და ეს იქნება სწორი გზა.

საქართველოში აფთიაქებს შორის კონკურენცია არ არის. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 3-4 ქსელური აფთიაქია და რეგიონებში ამ აფთიაქების ფილიალებია. ფაქტობრივად, ეს მონოპოლიაა.

თურქეთში იმპორტიორს არ შეუძლია, თავისი აფთიაქი ჰქონდეს. იმპორტიორს მხოლოდ შემოაქვს მედიკამენტები, შემდეგ ამას აფთიაქები ყიდულობენ; ამიტომაც არის ათასობით აფთიაქი და არა – სამი აფთიაქი. ამ ათასობით აფთიაქს შორის ურთიერთმოლაპარაკებები ძალიან ძნელია და სწორედ ეს ქმნის კონკურენციას.

თუმცა, კონკურენციას დაცვა სჭირდება და ამის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ ის, – იმპორტიორს საკუთარი აფთიაქის ფლობა რომ ეკრძალება. აი, ეს მომენტი არის ამ რეგულაციაში უმნიშვნელოვანესი ხერხემალი.

საქართველოში ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ რაღაცით მაინც დაემსგავსოს ან შეესაბამებოდეს იმ გამოცდილებას, რაც დააგროვა მსოფლიომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და თუნდაც ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა.

თამთა გოგოლაძე