„ნუ დახარბდები, ვისაც ოქრო დღედაღამ ათოვს,
ვინც მას მიენდო, იმას ქვეყნად ფუჭად უვლია,
ხალხის სიყვარულს და მის გრძნობებს არ უღალატო,
შენი სახელის შემნახველი ხალხის გულია“.

ეს სიტყვები ექიმმა შოთა გურგენიძემ უფროს ქალიშვილს, ქეთევანს წიგნზე წაუწერა. ამ პრინციპით – ადამიანების გულებში სიყვარულის მოხვეჭისა და მათზე მზრუნველობით იცხოვრა 69 წელი დამსახურებულმა ექიმმა, უმაღლესი კატეგორიის ოტორინოლარინგოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა შოთა გურგენიძემ.

10 თებერვალს მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

ოცი წლისა იყო შოთა გურგენიძე, მეორე მსოფლიო ომში ქირურგად რომ გაიწვიეს. პირველი სამედიცინო პრაქტიკა ომში მიიღო. 1947 წელს ხარაგაულში დაბრუნდა და 40 წლის განმავლობაში ოტორინოლარინგოლოგად და პათანატომად მუშაობდა. ღვაწლმოსილი ექიმის გახსენება მის ქალიშვილებს, ქეთევანსა და თამარს, ასევე მის კოლეგებს ვთხოვეთ.

„შოთა ექიმი თავისი საქმის საუკეთესოდ მცოდნე, ძალიან სერიოზული და თავშეკავებული გახლდათ, – გვიამბობს მიკროპედიატრი გიზო მანჯავიძე, – გლანდების ოპერაციის წინ ბავშვებს ამშვიდებდა და საოპერაციოში თავად შეჰყავდა. გაბრაზებული არასდროს მინახავს“.

თერაპევტი აზა ფურცელაძე იხსენებს: „ძვირფასი ადამიანი იყო შოთა გურგენიძე – საქვეყნოდ ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი, უაღრესად განათლებული.

იმ პერიოდში, ხარაგაულის საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტებს ექსპერტიზა უტარდებოდა. შოთა ექიმი მაღალი დონის პათანატომი გახლდათ. მის გვერდით მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას უდრიდა. 15 წელი ვიმუშავეთ ერთად და შოთა ექიმზე ყველაფერი კარგი მახსენდება“.

„საოპერაციოში შოთა ექიმის გვერდით მედდად ვმუშაობდი, – გვიამბობს მაია ბაგრატიონი, – მაშინ გლანდების ოპერაციები მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით ტარდებოდა. ოპერაციაზე ბავშვები ხალისითა და თამაშით შეჰყავდა. მისაბაძი პიროვნება იყო.

საოპერაციოში მე, მანანა მაჭავარიანი, ლია გიორგაძე, ნათელა ბაბუხადია ვმუშაობდით. მისგან ერთი შენიშვნა და ხმამაღალი საუბარი არ მახსოვს. კოლეგებისა და პაციენტების მიმართ ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო. მოწოდებით, შინაგანად იყო ნამდვილი ექიმი“.

შოთა გურგენიძის ქალიშვილებმა ქეთევანმა და თამარმა პროფესიად ექიმობა აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება მათ მშობლების გავლენით მიიღეს. შოთა გურგენიძის მეუღლე ცისანა კიკნაძე თვალის ექიმი გახლდათ.

„მამა პაციენტებისთვის თავდადებული იყო, – ამბობს ქეთევან გურგენიძე, – მამასნაირი ექიმი ვერ ვარ. ის პაციენტებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. ღამის საათებში გამოიძახებდნენ საავადმყოფოში და დაუზარლად მიდიოდა.

მამის დამსახურებაა, მე და ჩემმა დამ სკოლა ოქროს მედალზე რომ დავამთავრეთ. მამა გვირჩევდა საკითხავ ლიტერატურას, სასკოლო საგნებში – განსაკუთრებით ფიზიკასა და მათემატიკაში გვამეცადინებდა. ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვამოგზაურებდა.

შვილიშვილებზე დიდი ამაგი აქვს – ჩემი შვილი მისი გაზრდილია. თამრიკოსთან სპეციალურად მიდიოდა, რომ მისი ჩვილი ბავშვები ებანავებია“.

„მამა ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი იყო, – ამბობს თამარ გურგენიძე, – დღემდე ჩემს ყველა გადაწყვეტილებას თითქოს მასთან ვათანხმებ. ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ ჩვენი სწავლა-განათლებისთვის დროს მაინც ნახულობდა. შემდეგ ჩვენს შვილებზე ზრუნავდა – ჭადრაკს ასწავლიდა, წიგნებს უკითხავდა.

მან ოტორინოლარინგოლოგიაში საქართველოდან ერთ-ერთმა პირველმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში. ამ სფეროში გამორჩეული სპეციალისტი იყო. ხარაგაულში მუშაობა არჩია. ხარაგაული და ხარაგაულელები ძალიან უყვარდა. ცოცხალ ენციკლოპედიას ვეძახდით. მოსკოვიდან იწერდა სამედიცინო ჟურნალებს და სულ კითხულობდა, სიახლეებს ეცნობოდა.

მამა 60 წლის რომ გახდა, დედასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. რკინიგზის საავადმყოფოს პოლიკლინიკაში მუშაობდნენ. მამას გული აწუხებდა. ძალიან განიცდიდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის უთანხმოება რომ მოხდა და ქართველებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს.

1991 წლის ნოემბერში პოლიკლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი კაცი მიუყვანიათ. ვერ სუნთქავდა, რადგან სასულე მილში თევზის ფხა ჰქონია გაჩხერილი. მას სასწრაფოდ ტრაქეოსტომია სჭირდებოდა. ადგილზე მყოფმა ვერც ერთმა ქირურგმა ეს ვერ შეძლო. მამა გაქცეულა, ტრაქეოსტომია იქვე, ეზოში გაუკეთებია. ავადმყოფი გადაარჩინა, თავად კი გულის შეტევა დაემართა. 1992 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. დღემდე მისი მადლიერი ვარ, საუკეთესო მამობისთვის“.

…40 წლის შემდეგ მეც მადლობას ვეუბნები შოთა ექიმს. მან გლანდების ოპერაციის შიში დამაძლევინა და ხელჩაკიდებულმა საოპერაციოში შემიყვანა. მახსოვს, როგორ ამშვიდებდა დედაჩემს, როგორი ყურადღებით ეცნობოდა პალატაში მყოფთა მდგომარეობას… მისი სურვილიც ხომ ეს ყოფილა – ადამიანთა გულებში მისი ხსოვნა შენახულიყო. ღირსეული ადამიანის – შოთა გურგენიძის ხსოვნა დაუვიწყარია.

ნინო კაპანაძე

მადლობას ვუხდით ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ნინო დიდიძეს, ფოტოს მოწოდებისთვის.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
სტეფანე დევდარიანი ასი წლისაა