ამქვეყნად ცხოვრობდნენ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით თანამემამულეების წინაშე. მათ შორისაა ექიმი სტეფანე დევდარიანი.
კვალიფიციური, სიახლეების მოყვარული და რისკიანი – ასე იხსენებენ კოლეგები და შვილები.
ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი სტეფანე დევდარიანი დღეს, 2022 წლის 18 დეკემბერს, ასი წლისა გახდებოდა.
„მამა უნიკალური ქირურგი იყო. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, – იხსენებს სტეფანე დევდარიანის ქალიშვილი ქეთინო დევდარიანი, – შვილებს სულ გვენატრებოდა, რადგან უმეტესად საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა. მრავალშვილიან, თბილ და კარგ ოჯახში აღიზარდა. ათი დედმამიშვილიდან მამა ნაბოლარა იყო. ამიტომ ოჯახში განსაკუთრებულად უყვარდათ და ანებივრებდნენ. დედასთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს კი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტია“.
1941 წელს 17 წლის სტეფანე დევდარიანმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. ქირურგიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სამი წელი სვანეთში იმუშავა. შემდეგ ხარაგაულში დაბრუნდა და ოთხ ათეულ წელზე მეტი ხარაგაულელთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე იდგა.
სტეფანე დევდარიანი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხარაგაულის საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ქირურგიული განყოფილების გამგედ, პოლიკლინიკაში ქირურგად.
აკადემიკოსი მეგობრები ჰყავდა და თბილისში, საუკეთესო კლინიკებში სამუშაოდ იწვევდნენ. თუმცა, ხარაგაულს ვერ ტოვებდა და თვლიდა, რომ მისი ადგილი აქ იყო.
სტეფანე დევდარიანმა 1953 წელს იქორწინა და ოჯახი შემდგომში ასევე ღვაწლმოსილ პედიატრ ლოლა გურგენიძესთან ერთად შექმნა. სამი შვილი აღზარდეს. მამას ძალიან უნდოდა, რომ სამივე ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. ქეთინო და რამაზ დევდარიანები ექიმები არიან. ზაზამ ამ პროფესიაზე უარი თქვა და ავტოინჟინერი გახდა.
ჭკვიანი, დაკვირვებული და რისკიანი ექიმი იყო. ამას ყველა ადგილობრივი თუ სხვა ქალაქიდან მოსული ექიმი აღნიშნავდა. მან პირველმა გააკეთა ხარაგაულის საავადმყოფოში არაერთი ისეთი უნიკალური ოპერაცია, თბილისშიც რომ ბევრი ექიმი ვერ რისკავდა, რადგან იმ პერიოდში არ იყო ექოსკოპია და ღრმა ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა.
ხარაგაულის საავადმყოფოში საუკეთესო ექიმები საქმიანობდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.
ჟურნალში „საბჭოთა მედიცინა“ ხშირად ქვეყნდებოდა ქირურგ სტეფანე დევდარიანის სტატიები მის მიერ ჩატარებული, იმ დროისთვის ისეთი იშვიათი ოპერაციების შესახებ, როგორიცაა კუჭის რეზექციები, ელენთის ამოკვეთა.
ბევრი, დღეს უკვე სახელგანთქმული ქირურგი გამოზარდა. მათ შორისაა გელა ჩაჩიბაია, რომელიც სტეფანე დევდარიანთან ურთიერთობით ძალიან ამაყობს.
„მშობლების ყურადღება ცოტა კი გვაკლდა, რადგან ორივე ასეთები იყვნენ – სახლის საქმეს დატოვებდნენ და ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში საავადმყოფოდან ვერ გამოდიოდნენ. მამა ამას ძალიან განიცდიდა, – იხსენებს ქეთინო დევდარიანი, – სახლში თუ იყო, გვეტყოდა, აბა, გაკვეთილები ჩამაბარეთო. მერე, უცბად, ვინმე შემოვიდოდა, საავადმყოფოში მძიმე პაციენტი შემოიყვანესო და ისიც გარბოდა.
ჩვენი მშობლების პრიორიტეტი შვილების განათლება იყო – პროფესიონალები და კარგი ადამიანები რომ ვყოფილიყავით.
ერთხელ ხარაგაულში ახლობლის სასაფლაოზე გავედით. მამამ ძვირფასი ქვით მოპირკეთებული საფლავი შენიშნა. მომიბრუნდა და მითხრა, – შენ უფროსი შვილი ხარ და გიბარებ, ძალიან უბრალო საფლავი გამიკეთეთ, არ მინდა, გამორჩეული ვიყოო. ასეთი თავმდაბალი გახლდათ.
ღირსეული შთამომავლობა დატოვა. შვილები ხომ ვამაყობთ მისი სახელით და შვილიშვილებიც, რომლებსაც ბაბუა ახსოვთ, სიყვარულით იხსენებენ“.
ექიმი-კარდიოლოგი ლიანა თარგამაძე იხსენებს: – სტეფანე ძალიან კვალიფიციური ექიმი იყო, რაც მთავარია, ძალიან შრომისმოყვარე და რისკიანი. მისთვის დაუძლეველი პრობლემა არ არსებობდა. რთულ საქმეს შეეჭიდებოდა და კარგად დაასრულებდა. დღე და ღამე საავადმყოფოში იყო და პაციენტებს თავს დასტრიალებდა.
როგორც პიროვნება, ძალიან კეთილი, ცოლ-შვილისთვის თავდადებული გახლდათ. უაღრესად პატივს სცემდა მეუღლეს, ლოლა გურგენიძეს. კოლეგიალური, თბილი – სტეფანე დევდარიანზე ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა.
„18 წელი ქირურგიულ განყოფილებაში შემისრულდა, – ამბობს ექთანი ლია გიორგაძე,- სტეფანე ექიმის მოთხოვნით საოპერაციოში მედდად გადამიყვანეს.
სტეფანე ექიმი ოპერაციის დროს თუ შენიშვნას მოგცემდა, მერე აუცილებლად მოგიბოდიშებდა. საოპერაციო მედდასა და ქირურგს შორის მუდმივად არის მსჯელობა და კამათი. ის ყოველთვის მისმენდა და ჩემს აზრს იზიარებდა.
რამდენჯერ დილით საავადმყოფოში მისულს დამინახავს, რომ, ღამენათევს, კაბინეტში სკამზე ჩამომჯდარს ეძინა. უზომოდ უყვარდა თავისი საქმე, პაციენტები. მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“.
სტეფანე დევდარიანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სტეფანე ექიმი მადლიერ პაციენტებს დღემდე ახსოვთ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ექიმი იაკინთე კიკნაძე, ექთანი ნაზიკო კიკნაძე, სასწრაფოს მძღოლი ავთო გველესიანი, უფროსი მედდა ზაირა ღამბაშიძე, ექთანი ბაბო დევდარიანი და ცენტრში – ექიმი სტეფანე დევდარიანი; 1969 წ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მადლობას უხდის ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ამ უნიკალური ფოტოს მოწოდებისთვის.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი