ხიდრის საჯარო სკოლაში ორი მეთორმეტეკლასელია, ორივე მედალოსანი და წარჩინებულია, ორივე ერთ უბანში ცხოვრობს და ორივე ბერაძეა.
სალომე და ალექსი ბერაძეები პირველი კლასიდან ორნი იყვნენ კლასში. მეხუთე კლასში ერთი მოსწავლე შემოემატათ, თუმცა ცოტა ხნით. ის, რომ კლასში მხოლოდ ორი მოსწავლეა, სალომესა და ალექსის, როგორც თავად ამბობენ, დისკომფორტს არ უქმნით, – ამას შეეჩვიენ და მოსწონთ კიდეც.
„სანამ პატარები ვიყავით, უფროსკლასელები არ გვეთამაშებოდნენ და ჩვენს ემოციებს კლასში ერთმანეთს ვუზიარებდით, – ამბობს სალომე, – ახლა სკოლაში ყველაზე უფროსები ჩვენ ვართ. ყოველთვის ერთად ვართ, სკოლაშიც ერთად მოვდივართ. ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც.
ალექსის ჩემს რვეულში ჩანაწერების ან ჩანახატების გაკეთება უყვარს და ამაზე ხშირად ვკამათობთ. თუმცა, მალევე ვრიგდებით. ექსკურსიაზეც დავდივართ, თუმცა მხოლოდ ჩვენ ორისთვის ეს რთულია და XI კლასელებთან ერთად მივდივართ. ალექსის მგზავრობა არ მოსწონს, თუმცა მაინც ჩემთან ერთადაა“.
სალომეც და ალექსიც სწავლის გაგრძელებას ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებენ; სალომეს პედაგოგობა სურს, ალექსი კი სწავლის გაგრძელებას სურსათის უვნებლობის მიმართულებით ფიქრობს.
„სტუდენტობის წლებმა ტყუილად ხომ არ უნდა ჩაიაროს, – ამბობს ალექსი, – შენი პროფესიით უნდა დასაქმდე, ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება. ვფიქრობ, ეს სფერო განვითარებადია და იოლად დავსაქმდები. ჩემს სოფელთან უფრო ახლოს ქუთაისიდან ვიქნები, ვიდრე თბილისიდან. იქნებ, ხარაგაულში ჩემი პროფესიით დავსაქმდე, რომ სოფელს არ მოვწყდე.
გამოცდებისთვის, უმეტესწილად, სკოლაში ვემზადები. გაკვეთილებზე მასწავლებლები მთლიან დროს ხომ ჩვენ ორს გვითმობენ და დამატებით მომზადება თითქმის აღარ გვჭირდება. მხოლოდ ინგლისურში ვემზადები ზესტაფონში.
კლასში ორნი ვართ, თუმცა ეს არ მაწუხებს, – როცა რაიმე ჯგუფური სამუშაოა, XI კლასელებთან ერთად ვმუშაობთ და მათაც ჩემს თანატოლებად მივიჩნევ. „ბოლო ზარს“ და ბანკეტსაც, სავარაუდოდ, მათი დახმარებით გავაკეთებთ“.
სალომესა და ალექსის კლასის დამრიგებელი ხათუნა ბერაძე ამბობს, რომ ორმოსწავლიან კლასში მუშაობა რთულია. „ფორმალური და არაფორმალური განათლების პროექტების მომზადებისას ხშირად გვჭირდება სხვა კლასელების დახმარება, რადგან ორი მოსწავლით ჯგუფურ აქტივობას ვერ დაგეგმავ. თუმცა, ამას დადებითი მხარეც აქვს, – მათთან ინდივიდუალურად შეგიძლია იმუშაო.
სალომე და ალექსი კეთილშობილი, ღირსეული და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან. ერთმანეთზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე“.
„სალომე და ალექსი ძალიან მოწესრიგებული ახალგაზრდები არიან, – ამბობს ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა, – მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამამთავრებელ კლასში არიან და, დამატებით, რეპეტიტორებთან ემზადებიან, გაკვეთილებს არასდროს აცდენენ.
სალომესა და ალექსის ქიმიასა და ბიოლოგიას ვასწავლიდი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს საგნები უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად არ სჭირდებოდათ, ორივე ძალიან ბეჯითად სწავლობდა და წელსაც ხშირად მინახავს, როგორ ეხმარება ალექსი XI კლასის მოსწავლეებს ქიმიის მეცადინეობაში.
სკოლაში ორმოსწავლიანი კლასი იმაზე მეტყველებს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა არასახარბიელოა. მცირერიცხოვან კლასებში ყოველ გაკვეთილზე ერთი და იგივე მოსწავლეებს ვიძახებთ. ეს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ცოდნას იძენენ.
თუმცა, მასწავლებლისთვის ჯობია, კლასში 10-15, 20 მოსწავლე იყოს. ეს საშუალებას მოგცემს, საგაკვეთილო პროცესი სრულყოფილად წარმართო, აქტივობები და ჯგუფური სამუშაოები განახორციელო.
– რა უნდა გაკეთდეს ხიდარში იმისათვის, რომ ახალგაზრდა ოჯახებს ამ სოფელში ცხოვრების მოტივაცია გაეზარდოთ?
ეთერი პაპავა: – ამ საუკუნის დასაწყისში ჩვენი სოფლიდან მიგრაცია გაძლიერდა. თითქმის ყველა ახალგაზრდა სოფლიდან მიდიოდა. ახლა ეს პროცესი ცოტა შენელდა, რადგან სოფელში საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. ახალგაზრდა ოჯახებმა რომ სოფელში ცხოვრება ისურვონ, ამისათვის მთავარი მათი დასაქმებაა.
ახლა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა და სოციალურად დაუცველი პირები დასაქმდნენ სკოლაშიც და სხვა სამსახურებშიც. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები არათუ დასუფთავებისა და სხვა ამდაგვარ სამსახურებში, არამედ იქაც უნდა დასაქმდნენ, სადაც მათ შეეძლებათ განვითარდნენ და მეტი ისწავლონ.
კარგი იქნება, თუ ხარაგაულში აშენდება საწარმოები, რომ ახალგაზრდებმა იქ იმუშაონ, საღამოს თავიანთ ოჯახს დაუბრუნდნენ და კვირების განმავლობაში ქალაქში არ იყვნენ გადაკარგულები“.
სალომე ბერაძე: – სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია. ელემენტარული რაიმეს შესაძენად, – თუნდაც პროდუქტის, – მრავალი კილომეტრი უნდა გაიარო. ხიდარში არ არის გასართობი ცენტრი, სპორტული დარბაზი, არ არიან შენი თანატოლები, რომ მათთან იურთიერთო. რთულია, ამიტომ ახალგაზრდებს გვირჩევნია, ქალაქში ვიცხოვროთ.
ალექსი ბერაძე: – ხიდარსა და ხარაგაულში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანებს კარგი ანაზღაურება ექნებათ; შეძლებენ სოფელსაც მიხედონ და ოჯახსაც. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდები სოფელში დარჩებიან.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ეთერ პაპავა, სალომე, ხათუნა და ალექსი ბერაძეები
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი