ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რეგიონებში სერიოზული პრობლემაა, რაც განსაკუთრებით თვალნათელი covid-19-ის პანდემიის დროს გახდა. ონლაინ სწავლებამ და დისტანციურად მუშაობამ დაგვანახა, რომ ქვეყანაში ციფრული უთანასწორობა არა მარტო დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, არამედ ერთი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორისაცაა.
იმ სოფლებშიდაც კი, სადაც ინტერნეტი ტექნიკურად ხელმისაწვდომია, მისი ღირებულება იმდენად ძვირია, რომ ოჯახები, ფაქტობრივად, ინტერნეტს ვერ მოიხმარენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-ვე საჯარო სკოლა ინტერნეტით კომპანია „სქაიტელმა“ უზრუნველყო; დ. ხარაგაულის, ისლარის, ჩხერისა და ბაზალეთის მოსახლეობას საკაბელო ინტერნეტს კომპანია „სილქნეტი“ აწოდებს; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლების მოსახლეობას კი, უმეტესად, „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ მობილურ ინტერნეტზე წვდომა აქვს.
„მოლითის თემის სოფლებში „მაგთის“ მოდემი ოჯახების მცირე ნაწილმა შეიძინა, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე, – ამ პროვაიდერის ულიმიტო ინტერნეტპაკეტი თვეში 60 ლარი ღირს. ეს სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის საკმაოდ ძვირია, მაგრამ ინტერნეტი გვჭირდება და რა ვქნათ?!“
ჩხერიმელას ხეობაში (წიფას, ლეღვანის, ვახანისა და საღანძილის თემების სოფლები), მობილური ინტერნეტის გარდა, მოსახლეობის 10%-ს ინტერნეტპროვაიდერ „სქაიტელზე“ ტექნიკური წვდომის შესაძლებლობა აქვს.
ძირულას ხეობის სოფლებში (ხევის, ხუნევის, ნადაბურისა და ბორითის თემები) „სქაიტელის“ თითო ან ორ-ორი ანძაა დამონტაჟებული. ოჯახებში ამ პროვაიდერის ინტერნეტის შეყვანა უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურ 30-ლარიან პაკეტს შეიძენს.
სარგვეშისა და ლაშის თემების სოფლებში მობილურის სიგნალის მიღება ჭირს. საბეში მცხოვრები მაია ბოჭორიშვილი ამბობს, რომ „ზაფხულში საბეში ჩამოსვლისგან ახალგაზრდები ინტერნეტის არქონის გამო თავს იკავებენ. მათი პირველი შეკითხვაა, ინტერნეტი გვექნება?“
„რელიეფისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არც ერთი ინტერნეტპროვაიდერი არ დაინტერესდა ლაშეში სიგნალის მიმღები ანძის დადგმით, – ამბობს ლაშის თემში მერის წარმომადგენელი კახა კვინიკაძე, – ამიტომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.
კიცხში, ვარძიაში, ხიდარსა და წყალაფორეთში მოსახლეობის მცირე ნაწილი (15%) „სქაიტელისა“ და paynet-ის ინტერნეტით სარგებლობს, დანარჩენ ნაწილს კი წვდომა მობილურ ინტერნეტზე აქვს. მაღალმთიანი სოფელი გედსამანია მობილური და ინტერნეტ კავშირის მიღმაა. ამ სოფელში მცხოვრები სამი შვილის დედა რუსუდან ჩადუნელი ამბობს, რომ ონლაინსწავლების დროს მოსწავლეებს მასწავლებლები, გაკვეთილის ასახსნელად, ტელეფონითაც ძლივს უკავშირდებოდნენ.
ინტერნეტი არ აქვს ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებულ გედსამანიის სკოლას, რადგან განათლების სამინისტრომ ხუნევის სკოლის ორივე კორპუსში ინტერნეტის დამონტაჟებაზე უარი თქვა.
„გედსამანიის კორპუსში მასწავლებლები გაკვეთილზე ონლაინრესურსებს ვერ იყენებენ, – ამბობს ხუნევის სკოლის დირექტორი გოჩა ჩადუნელი, – სკოლის ამ შენობაში მობილურის სიგნალის მიღებაც პრობლემაა. ხუნევში მერის წარმომადგენელმა, კახა ლომიძემ ახლახან გვითხრა, რომ ამ გაზაფხულზე გედსამანიაში კომპანია „მაგთი“ ანძის დამონტაჟებას აპირებს“.
საყოველთაო ინტერნეტიზაცია უნდა დაჩქარდეს
საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე საუბარი ხელისუფლებამ 2015 წელს დაიწყო. 2020 წლისთვის 8 000-კმ-იანი ოპტიკური ქსელი 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში უნდა შესულიყო. პირველ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეს პროექტი ხარაგაულში, კიცხსა და ვარძიაში უნდა განხორციელებულიყო. კომპანია „ოუფენ ნეტს“ უნდა აეშენებინა ინფრასტრუქტურა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტ-პროვაიდერები, დიდი ხარჯისა და მომხმარებელთა სიმცირის გამო, ინვესტიციის ჩადებას არ გეგმავდნენ.
„ოუფენ ნეტის“ მედიამენეჯერი ეთო მონასელიძე ამბობს, რომ გასულ წლებში მათ მიერ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის ტენდერი, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება, – ამბობს ეთო მონასელიძე, – სამი თვე პროექტირების, ხუთი თვე მშენებლობის ვადაა.
პირველ ეტაპზე ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ხარაგაულის 30 სოფელში უნდა დავამონტაჟოთ, თუმცა, ამ სოფლებს ახლა ვერ დავასახელებ. შესაძლოა, ეს სია დაკორექტირდეს, – ჩვენ მხოლოდ იმ სოფლებში შევდივართ, სადაც კერძო კომპანიებს ოპტიკური ხაზი, ჯერჯერობით, არ შეუყვანიათ. „ოუფენ ნეტი“ ცენტრალურ მაგისტრალს აშენებს. ცალკეულ ოჯახებში ინტერნეტის დამონტაჟება უკვე კერძო კომპანიების საქმეა“.
ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფისთვის რა უფრო დიდი პრობლემაა საქართველოში – ინფრასტრუქტურა, ხარისხი თუ ფასი, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დირექტორი უჩა სეთური გვპასუხობს, რომ – სამივე.
„საყოველთაო ინტერნეტიზაციის შემდგომ კერძო კომპანიები დაინტერესდებიან, რომ მოსახლეობას ინტერნეტი მისაღებ ფასად მიაწოდონ, – ამბობს უჩა სეთური, – ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაცია, – მაგისტრალური ოპტიკური ხაზის გაყვანა დაჩქარდეს“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა – ზემო იმერეთის სოფლების პრობლემა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი